იოსებ გრიშაშვილი – „ჩუმად,ჩუმად”

ჩუმად,ჩუმად,მთის ნიავო! რა გატირებს,გავალალებს?

ნუ შეახებ ფრთას გულის სიმს,ნუ შეაშრობ ცრემლს ჩემს თვალებს.

* * *

შენ რა იცი,სული ჩემი რად იტანჯვის,ან რად სჩივის?

შენ რა იცი,თეთრი ვარდი ასე წითლად რისთვის ღვივის?..

* * *

ეჰ,ვინ მოსთვლის,სად არ ვიყავ,ვის გულს მე არ ჩავექსოვე,

მაგრამ მაინც ჩემი ღმერთი ვერსად ვნახე,ვერსად ვპოვე.

* * *

დღეს მსურს ძილი! გესმის,ძილი! ძილი ღრმა და საბოლოვო,

რომ ამ დილით ჩემს ოცნებას ფსკერით შხამი ამოვწოვო!

* * *

ჩუმად,ჩუმად,მთის ნიავო! ფრთა,ფრთა ჩემს ტუჩს არ შეახო,

ეგებ ღმერთი ძილში მაინც დამესიზმროს,დავინახო.

კომენტარის დატოვება