ფაქტები გენიალური მხატვრებისა და მოქანდაკეების შესახებ…

1. „ღვთაებრივი მადონების” შექმნის დიდოსტატისა და გენიალური იტალიელი მხატვრის – სანდრო ბოტიჩელის (1445–1510 წლები) მიმართ მეტად უმადური აღმოჩნდა სამშობლო. მოტეხილი, მოხუცი და ორ ჯოხზე დაყრდნობილი ბოტიჩელი თავისი ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე მშობლიური ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდა და გამკითხავი არავინ ჰყავდა. ამიტომაც შენიშნავენ სანდროს შესახებ კრიტიკოსები: „ბოტიჩელის ხელოვნება მის სიცოცხლეზე ადრე დასრულდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. დიდი ძველ ბერძენი მხატვარი და იონური სკოლის დიდოსტატი ხელოვანი – ზევკსისი (ძვ.წ.ა–ით V-IV საუკუნეები), მის მიერ დახატულ სურათებს არასოდეს ყიდდა, რადგან იგი ფიქრობდა, რომ არ არსებობდა ამ სურათების საკადრისი თანხა.

* * *

3. ძვ.წ.აღ–ით V საუკუნეში მოღვაწე სახელოვანი ძველ ბერძენი ფერმწერი – აპოლოდორე, პირველი ხელოვანი გახლდათ ისტორიაში, რომელიც კედლური მხატვრობიდან დაზგურზე გადავიდა. გარდა ამისა, იგი იყო პირველი მხატვარი, რომელმაც შექმნა შუქ–ჩრდილის კონტრასტი, რითაც თავისებურად რემბრანდტის შორეულ წინამორბედადაც წარმოგვიდგა.

* * *

4. გენიალური ძველ ბერძენი მოქანდაკის – ალესანდროს ანტიოქიელის უკვდავი ქმნილების – „ვენერა მილოსელის” წინაშე თითქმის ერთი საათი იდგა 1848 წელს ჯანმრთელობაშერყეული დიდი გერმანელი პოეტი და პუბლიცისტი – ჰაინრიხ ჰაინე. უკვდავებასთან ჭიდილში დაღლილ ჰაინეს ბოლოს ცრემლი მოერია, გაბრუნდა, წავიდა, დაწვა და მას შემდგომ აღარც ამდგარა… დიდი პოეტი ასე გამოეთხოვა დიდ ხელოვნებას. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. რაფაელ სანტის შესახებ ამბობდნენ: „სიცოცხლეში ღმერთებს ეშინოდათ, არ გვაჯობოს, მისი სიკვდილის შემდეგ – ჩვენც არ მოვკვდეთო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. ლეონარდო და ვინჩი იმდენად დიდი ძალის პატრონი იყო, რომ თითებით ნალსაც კი ღუნავდა.

* * *

7. მსოფლიო ხელოვნების კენტად მავალ ტრიუმვირატს წარმოადგენს – ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო და რაფაელ სანტი. ერთი გონებას განასახიერებდა, მეორე ძალას, მესამე კი – ჰარმონიას.

* * *

8. საინტერესოა ის გარემოება, რომ ლეონარდო და ვინჩის გონებაშეზღუდულმა მოსამართლეებმა მამისეული სახლი და ქონება არ დაუმტკიცეს, რადგან იგი „უკანონო შვილად” იქნა მათ მიერ ცნობილი.

* * *

9. მიქელანჯელო ბუონაროტის ერთხელ მეგობარმა პოეტმა უთხრა –  „ნუ გიკვირს: შენ გიწოდებენ ღვთაებრივს და ითხოვენ კიდეც შენგან იმდენს, რამდენსაც ღმერთისგანო”.

* * *

10. ცნობილ იტალიელ მხატვარს – დანიელე რიჩიარელის (1509–1566 წლები), ვინაც რომის პაპის პავლე IV-ის ბრძანების საფუძველზე ბუონაროტის მიერ სიქსტეს კაპელაში წარმოდგენილ შიშველ ფიგურებს სარცხვინელი დაუფარა, დაცინვით – „შარვლის ოსტატი” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>