შანდორ პეტეფი – “ისევ შემოდგომა”

ისევ მოვიდა მშვენებით სავსე,

რა ლამაზია ეს ფერთა კრთომა.

მიყვარს,არ ვიცი.რად მიყვარს ასე,

რად მიყვარს ასე ეს შემოდგომა!

* * *

ვზივარ მაღლობზე და აღტაცებით

გავყურებ სივრცეს მოწყენილ ცისკენ,

და ხმელი ფოთლის დაბლა დაცემის,

ხიდან მოწყვეტის ხმაურსაც ვისმენ.

* * *

მზის სხივი კრთება ცაზე,გვიანი,

სათქმელი ჰქონდეს თითქოს ფარული,

მზე დედასა ჰგავს ალერსიანი,

მიწა ბავშვია ძილმოპარული.

* * *

არა,არა ჰგავს მიწა მომაკვდავს,

თუმცა ძლივს ახელს თვალს ფერმიხდილი.

მას დაღლილივით ძალი მოაკლდა,

მას ძილი უნდა,განა სიკვდილი?!

* * *

მას გაუხდია სამოსი წრელი,

საწოლთან უდევს,იგი მზად არი,

კვლავ ჩასაცმელად დაავლოს ხელი,

როგორც კი გავა ცივი ზამთარი.

* * *

იძინე ასე,ბუნებავ,ტკბილად,

მძინარიც მიყვარს მე შენი სახე

და ვიდრე მოვა ზაფხულის დილა,

იძინე,ტკბილი სიზმრები ნახე.

* * *

აი,ეს ქნარიც,ეს ჩემი ქნარიც,

შენს ძილისპირულს არ დამღერს განა?

ჩემი მწუხარე სიმღერა წყნარი,

მინდა გაისმეს სევდიან ნანად!

* * *

დაჯექ ჩემს ახლოს,იყუჩე,კარგო,

ჩემს მკერდს მოეყრდენ თვალმიხუჭული,

მისმინე,ვიდრე არ დაიკარგოს –

ჩემი ხმაც,როგორც სიოს ჩურჩული.

* * *

იყუჩე და ტუჩს შეახებ,როცა,

უხმოდ შეეხე ჩემს მწყურვალ ტუჩებს

მაკოცე ჩუმად,რომ ჩვენმა კოცნამ

არ გააღვიძოს ბუნება უცებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>