მიხაი ემინესკუ – “უცხოეთიდან”
როცა ლხინია ირგვლივ დამღლელი
და დროსტარება არის გაბმული,
გულს მიკლავს ტკბილი,ჩუმი ნაღველი,
განუსაზღვრელი სევდა მამულის.
* * *
ჩემს ულამაზეს მშობელ კუთხეში
შორიდან ვხედავ მთელ დიდ სამყაროს,
მე უცხოეთში ვინ მცეს ნუგეში,
სამშობლოს გარეთ ვინ გამახაროს.
* * *
ჩემო მამულო, ო, როგორ მინდა,
კვლავ ვნახო შენი მწვანე მინდვრები,
მდინარეები ბროლივით წმინდა
და ტყეთა ბნელი ლაბირინთები.
* * *
მსურს მივესალმო შენს ქოხებს,ჩუმი
ძილით რომ სძინავთ კაეშანების,
ჩურჩულს,სიწყნარეს,პოეტურ დუმილს,
ფოთლებს,სიბნელეს რომ შეშრიალებს.
* * *
ნეტავ იქ მქონდეს პატარა სახლი,
გაბრწყინებული მზის ელვარებით,
და დამყურებდეს ყოველდღე მაღლით
ნისლმოხვეული მთის მწვერვალები.
* * *
ნეტავ მაჩვენა მინდვრები ჩვენი,
მათ ახსოვთ ჩემი რბენა ტრამალში,
მათ ახსოვთ ჩემი ბავშვობის დღენი
და უზრუნველი ჩემი თამაში…
* * *
მდინარის ოხვრა,ხმაური ხევთა,
ტკბილი გალობა ცაში ფრთოსნების,
ბავშვს მიწვეთებდა საულში ტკბილ სევდას
და მიმაფრენდა მაღლა ოცნებით.
* * *
ნეტავ იქ ვიყო,შევკრავ კონებად
მინდვრის ყვავილებს,დავირბენ ახოს,
რომ დაქანცულმა ჩემმა გონებამ
კვლავ ის ბავშვური სიზმრები ნახოს.
* * *
იქ თვით სიკვდილიც იქნება ტკბილი,
არა სიცივე და დამიწება…
მოვა,წამიღებს საამო ძილით
ყრმობის ზმანება და დავიწყება.
P.S. რუმინული ლიტერატურის კლასიკოსისა და სახელოვანი რუმინელი პოეტის – მიხაი ემინესკუს (1850–1889 წლები) აღნიშნულ ლექსს “გენია.ჯი” უცხოეთში მყოფ თითოეულ ქართველ ემიგრანტს უძღვნის.