ლევ ტოლსტოი – “აქვს თუ არა ადამიანს უფლება თვითმკვლელობისა?”
“ასეთი კითხვა – აქვს თუ არა, საერთოდ, ადამიანს უფლება თვითმკვლელობისა, არასწორი კითხვაა. ამ უფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. კითხვა შეიძლება მარტოოდენ იმისა, არის თუ არა თვითმკვლელობა გონივრული ან ზნეობრივი (გონივრული და ზნეობრივი კი ყოველთვის ერთმანეთს თანხვდება)? არა, არ არის გონივრული ისევე, როგორც გონივრული არ არის ყლორტის მოჭრა მცენარეზე, რომლის მოსპობაც გინდა: მცენარე არ დაიღუპება, ოღონდ არასწორად გაიზრდება. სიცოცხლე შეუმუსვრელია – დროისა და სივრცის მიღმა დგას. ამიტომაც სიკვდილს მარტოოდენ ფორმის შეცვლა ძალუძს მისი, შეუძლია შეწყვიტოს მისი გამოვლინება ამ სამყაროში. და თუ ამ სამყაროში სიცოცხლე შეწყდება, არ ვიცი, ჯერ ერთი, უფრო საამო იქნება თუ არა მისი გამოვლინება სხვა სამყაროში, და მეორეც – ამით ჩემს თავს ვართმევ საშუალებას, შევიცნო და შევიგრძნო ჩემი (?) ყველაფერი, რისი შეძენაც ამ სამყაროში შემეძლო. გარდა ამისა, და რაც მთავარია, იმიტომ არ არის გონივრული – თუ ხელვყოფ სიცოცხლეს, რაკიღა უამური მეჩვენება იგი, ამით ვამტკიცებ, რომ მცდარი აზრისა ვარ ჩემი სიცოცხლის დანიშნულებაზე, თუმცა კი ვიცი, რომ მისი დანიშნულება, ერთის მხრივ – საკუთარი თავის სრულქმნაა, მეორეს მხრივ – მსახურება იმ საქმისა, მთელი სამყაროული ცხოვრებით რომ აღესრულება. აი, ამიტომაც არ არის თვითმკვლელობა ზნეობრივი: ადამიანს ბოძებული აქვს მთელი თავისი სიცოცხლე და ბუნებრივ სიკვდილამდე ცხოვრების შესაძლებლობა მარტოოდენ იმ პირობით, თუ ემსახურება სამყაროს ცხოვრებას, ის კი, სარგებლობს რა სიცოცხლით, რაკიღა მისთვის საამოა, უარს ამბობს ამ სიცოცხლით სამყაროს მსახურებაზე, როგორც კი სიცოცხლე უამური მოეჩვენება, თუმცა კი, ყველა ვარაუდით, ეს მსახურება იწყებოდა ზუსტად იმ დროიდან, როცა სიცოცხლე უამური ეჩვენა. თავდაპირველად ყველა საქმე მართლაც უამური ჩანს. ოპტინის უდაბნოში 30 წელიწადზე მეტ ხანს იწვა დამბლადაცემული ბერი, რომელსაც მხოლოდ მარცხენა ხელი ემორჩილებოდა. ექიმის თქმით, დიდ ტანჯვაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბერი არამცთუ უჩიოდა რაიმეს, არამედ განუწყვეტლივ პირჯვარს იწერდა, შესცქეროდა ხატებს, უღიმოდა, თავის მადლიერებას გამოხატავდა ღვთისადმი, მადლიერებასა და სიხარულს სიცოცხლის იმ ნაპერწკალისათვის, რაც კიდევ ბჟუტავდა მის სხეულში. ათი ათასობით მნახველი აკითხავდა და მეტად ძნელი წარმოსადგენია ყველა ის სიკეთე, რასაც ეს დავარდნილი, საძრაობას მოკლებული ადამიანი ჰფენდა ქვეყანას. ალბათ, ამ კაცმა უფრო მეტი სიკეთე გასცა, ვიდრე სხვადასხვა დაწესებულებაში მომუშავე ათასობით ჯანმრთელმა ადამიანმა, რომლებსაც ეგონათ, ქვეყანას ვემსახურებითო. სანამ ადამიანს პირი სული უდგას, კიდეც შეუძლია საკუთარი თავის სრულქმნა და ქვეყნის სამსახური. ოღონდ ქვეყნის სამსახური კაცს მხოლოდ მაშინ შეულია, როცა სრულქმნილებისაკენ ილტვის, და სრულქმნილებაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ქვეყანას ემსახურები”. – (ავტორი გენია.ჯი)