მიხაი ემინესკუს გენიალური ლექსი – “როგორი არის ცხოვრება და როგორი უნდა იყოს იგი”
ლოყებწითელი,ღიპიანი,უმანკო მზერით,
ხალხის წინაშე როცა დგება ქადაგად ბერი,
და ამბობს: არ ღირს კარგ ცხოვრებას კაცნი ნატრობდნენ,
რადგან განცხრომას სინანული მოსდევს მარტოდენ.
ხალხის ცხოვრების მან რა იცის წესი და რიგი,
როგორი არის.ან როგორი სჯობს იყოს იგი.
ღამეა,ბნელ გზას მთვარის მკრთალი შუქი მინათებს,
ვარსკვლავებს შუქი მოემატათ,ზეცის ბინადრებს.
ქუჩას ორივ მხრივ მისდევს რიგი ძველი სახლ–კარის,
ისმის ტირილიც,შეძახილიც,ისმის ხარხარიც.
შავბნელ ფანჯრებში მინაც არ ჩანს ჩაუმტვრეველი,
ღია კართაგან ხმები ისმის გაურკვეველი.
მცირე ოთახში,სადაც მეფობს სიჩუმე მწუხრის
გოგონა ზის და უხალისოდ ნემსში ძაფს უყრის.
გამხდარ სახეზე ჩრდილად დაჰკრავს ფერის სნეულის,
თვალიც,ლოყებიც ჩასცვივნია ფერმილეული.
მარჯვე თითებში ნემსი ელავს, და დღეღამ ჩასცქერს
სხვის მოსახმარად მოსაქარგავ ქსოვილის ნაჭერს.
მღვრიე თვალებში აღარა ჰკრთის ცრემლის ნასახი,
და გალურჯებულ ტუჩებს ოდნავ გააქვთ ცახცახი.
რად დაიბადა,რისთვის გაჩნდა ქვეყნად საბრალო!
ფოთოლს ჰგავს ზღვაში,ლამის ბნელმა ტალღამ დამალოს.
იგი ლანდივით მარტო დადის სახეყვითელი,
არავინა ჰყავს ახლობელი და გამკითხველი.
სარკმლიდან მოჩანს,თუმცა ფარდა ჰფარავს ძველ სარკმელს,
შუაღამემდე,როგორ უზის თავის ხელსაქმეს.
როგორ დღედაღამ შრომობ მისი პატარა ხელი,
რომ მოიპოვოს მცირე პურის ნატეხი ხმელი.
და რომ საბრალომ დაასვენოს ერთ წამს მარჯვენა,
სენი,შიმშილი აწყევლინებს ბედს და გაჩენას.
აგერ,ვაჭარი დახლზე ძვირფას ქსოვილებს აწყობს,
ამდენი შრომის,ღამის თევი,წვალების ნაყოფს.
ვაჭრის თითებზე ბრილიანტი ბრწყინავს ვეება,
მკერავ გოგონას იგი უზის ტანჯვის დღეებად.
და რაც მკერავმა ჰკერა ცრემლით და სიმძიმილით,
მას ახლა ჰყიდის გამყიდველი პირზე ღიმილით.
ამ რბილ ქსოვილში ჩაქსოვილა სუსტი ხელებით
თვალის სინათლეც,გატეხილი ღამეც ხველებით.
იგი თეთრია,როგორც ცაში თოვლის ფიფქები…
შენ ცრემლი გახრჩობს,შენს მწარე ბედს რომ უფიქრდები.
სარკეში ჩასცქერ შენს უბედურ სახეს ნაწამებს,
დაღარულ ლოყებს,უძილობით დაღლილ წამწამებს.
უცქერს გათელილს,უთვისტომოს,საწყალ არსებას,
სიკვდილის გარდა ამ ქვეყნად,რომ სხვა გზა არ რჩება.
მას არვინ შერჩა ნათესავი და საკუთარი,
ჰყავს ერთადერთი მეგობარი მხოლოდ ფუტკარი.
როგორც ფრთებს გაშლის გასაფრენად სახლების მიღმა,
შორიდან იცნობს მეგობარი ერთგული მის ხმას.
დობილს დობილი სარკმელს უღებს წამსვე მდუმარი,
დე მის ოთახში,ყვავილებთან დარჩეს სტუმარი.
ამ ფრთოსან მაშვრალს თავზე მეტად უყვარს დობილი,
მთელ დღეს რომ შრომობს,ფუტკარივით კეთილშობილი.
როგორც გოგონას სევდით თვალი დაებინდება,
ფუტკარი წყნარად,ზედ ტუჩებზე დააფრინდება.
და ეუბნება: შენს ბაგეზე ეშხით ვყუჩდები,
რადგან ლამაზი ყვავილია შენი ტუჩები.
რადგან შენ თვითონ ყვავილი ხარ ჯერ გაუშლელი,
მიზიდავს შენი სილამაზე,შენი სურნელი.
კვდება გოგონა,შრომისაგან მკლავმოუღლელი,
მხოლოდ სიკვდილმა დაუკრიფა საწყალს გულ–ხელი.
კუბოში მდებარს მკრთალი სანთლის ფერი ერევა
და მკვდარ სახეზეც არ შორდება მშვენიერება.
გათავდა ტანჯვა,მას ქვეყნისგან არა უნდა რა,
წევს ყვავილებში და მის სხეულს ფარავს სუდარა.
ღია სარკმელში გაზაფხულის წყნარად ჰქრის ქარი,
მაგრამ ფუტკარი მინდვრისაკენ აღარ იჩქარის.
გარს უვლის ცხედარს,გლოვობს,გული დარდით ევსება,
მდუმარე ტუჩებს დასტრიალებს,ეალერსება.
სურს სამუდამოდ მასთან იყოს,დარჩეს მის ახლოს,
სადაც მის დობილს დამარხავენ,იქ დაიმარხოს.
ლოყებწითელი,ღიპიანი,უმანკოპ მზერით,
ხალხის წინაშე როცა დგება ქადაგად ბერი
და ამბობს: არ ღირს კარგ ცხოვრებას კაცნი ნატრობდნენ,
რადგან განცხრომას სინანული მოსდევს მარტოდენ.
ხალხის ცხოვრების მან არ იცის წესი და რიგი,
როგორი არის,ან როგორი სჯობს იყოს იგი.