ეჟენ დელაკრუა – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გარდა ხალასი იუმორის გრძნობისა,ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებელი ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი – ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა (1798–1863 წლები),ერთობ ცნობისმოყვარე და მახვილგონიერი დიდოსტატიც გახლდათ.აღნიშნული თვისებები მას სიკვდილის სარეცელზე მყოფსაც კი არ დაუკარგავს. (ავტორი გენია.ჯი) ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე მან უამრავი აქციები,უზარმაზარი სახელოსნო,პარიზში დიდი სახლი და შამროზეში მამული შეიძინა.აღსანიშნავია,რომ სანამ დელაკრუა ფინანსურად წელში გაიმართებოდა,მის მიმართ ახლო ნათესავები არა მხოლოდ გულგრილობით,არამედ მრავალი ტანჯვის მიყენებითაც გამოირჩეოდნენ.თუმცა,როდესაც იგი ფეხზე წამოდგა,ეჟენი ყველასათვის “საყვარელ” პერსონად იქცა და მზრუნველობის გამოჩენაში ნათესავებმა ერთმანეთს დაუწყეს გაჯიბრება. 1863 წლის შემოდგომაზე დელაკრუა უეცრად ავად გახდა.ავადმყოფობამ იგი სრულიად ჩამოადნო.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,იმ პერიოდში გენიალური ფრანგი ფერმწერის ხილვა მნახველებს თავზარს სცემდა.მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გართულებისა,იგი დღიურს მაინც აწარმოებდა.სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩაწერა მან თავისი დაუვიწყარი სიტყვები სახვითი ხელოვნების შესახებ – “სურათის პირველი ღირსება ის უნდა იყოს,რომ თვალს ახარებდესო”.მოგვიანებით დელაკრუამ ანდერძიც დაწერა.ანდერძში იგი გარდაცვალების შემდეგ მისი სახის ტვიფარის ან რაიმე ანაბეჭდის გადაღებას სასტიკად კრძალავდა.
სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ეჟენ დელაკრუას ორი თვის განმავლობაში მეტყველების უნარი ჰქონდა წართმეული. და როდესაც 10 აგვისტოს გონს მოეგო,იმ “მარჯვე” ხალხის ხმა შემოესმა მეზობელი ოთახიდან,რომლებიც მემკვიდრეობის მიღების მოლოდინში იმყოფებოდა.
– ვინ ლაპარაკობს? – იკითხა გაკვირვებულმა ფერმწერმა.
– თქვენი ნათესავები გახლავან, – უპასუხეს მას.
– რამდენი ტანჯვა მომაყენეს ამ ადამიანებმა და ისინი ისევ აქ არიან,ღმერთო ჩემო! – ჩაულაპარაკია დელაკრუას.
1863 წლის 13 აგვისტოს საღამოს 7 საათზე ეჟენ დელაკრუა გარდაიცვალა.ამ დროს კი მის სამუშაო მაგიდაზე მარკუს ავრელიუსის გადაშლილი წიგნი იყო განთავსებული.იმ მარკუს ავრელიუსისა,რომელსაც გენიალური ფრანგი მხატვარი სიცოცხლეში აღმერთებდა. – (ავტორი გენია.ჯი)