ასეთია დიდი ადამიანების ხვედრი
„დიდი ადამიანების ხვედრი ყოველთვის მძიმეა. ისინი ცუდად ცხოვრობენ და ადრე კვდებიანო”, – წერდა გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი.
თითქოს ასე არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ბუნება ყველას ათანასწორებს პროკრუსტეს სარეცელივით. თვით ბედნიერი გოეთე სიბერეში ბედმა უკიდურესად გაამწარა. მისი ძალუმი მარჯვენით ნაგები ნამდვილი სასახლის ყველა 30 ოთახში რძლის ნათესავები და მიჯნურები პარპაშობდნენ. და ამ დროს იგი ბაღის ფანჩატურში მუშაობდა, ფაუსტივით ყველასგან მიტოვებული. (ავტორი გენია.ჯი) ვენეციის „უგვირგვინო მეფედ” წოდებული ბუმბერაზი იტალიელი ხელოვანი – ტიციანო ვეჩელი შავმა ჭირმა იმსხვერპლა. ეს ის ტიციანია, რომელსაც ფილიპე II ხშირად არ უხდიდა გასამრჯელოს და, თუ უხდიდა, ისიც მეტად უხალისოდ; ლეონარდო და ვინჩის სიბერეში სამშობლოს მიტოვება მოუხდა და უცხო ცის ქვეშ დალია სული; სამშობლოსაგან მოძულებული სახელოვანი რომაელი მთავარსარდლის – მეტელუს სციპიონის საფლავს შემდეგი სახის ეპიტაფია ამშვენებს: „უმადურო სამშობლოვ, შენ ვერ ეღირსები ჩემს ძვლებს!” – მანამდე კი იგი იძულებული გახდა სიცოცხლე სუიციდით დაესრულებინა; მიქელანჯელო ბუონაროტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უბედური მარტოსული იყო; ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს; ჯორჯ ბაირონი სამშობლოდან განდევნეს და ისეთი ამაზრზენი ცილიც კი დასწამეს, რასაც საკუთარ დასთან ინცესტი ჰქვია. სწორედ ამიტომაც წერდა დიდი ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – „მე მძულს ჩემი ერი და ერს ვძულვარ მეო”; ქართული პოეზიის სიცივისაგან გათოშილი თვალმარგალიტსთვის – გალაკტიონსთვის სამშობლომ ერთი პალტოც კი ვერ გაიმეტა, და მანაც სხვა გენიოსთა მსგავსად – თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე; ოგიუსტ როდენი საფრანგეთის (სამშობლოს) უყურადღებობით ვიღაც ფრანგი მოქალაქის სხვენზე აღმოაჩინეს გარდაცვლილი. იგი ყინვისაგან გაითოშა; იოჰან იოახიმ ვილკელმანი დანით განგმირეს; ფრანგული ქალაქებიდან დევნილი ფრანსუა ვიიონის გზა–კვალი ახალგაზრდულ ასაკში დაიკარგა; ნაპოლეონი, სავარაუდოდ – მოწამლეს; ამერიკის აღმომჩენ ქრისტეფორე კოლუმბს ბორკილსა და სიღატაკეში ამოხდა სული; ფერნანდო მაგელანი და ჯეიმზ კუკი ველურებმა შეჭამეს; თედორე დოსტოევსკი თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ციხე–ციხე ატარეს. ორჯერ სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანეს. საბედნიეროდ, სიკვდილით დასჯას სასწაულებრივად გადაურჩა; სამშობლო უმადური აღმოჩნდა „ღვთაებრივი მადონების” შემქმნელი დიდოსტატი მხატვრის – სანდრო ბოტიჩელის მიმართაც; „ქება არ მინდა, მე მტრები მჭირდებაო”, – განაცხადა გენიალურმა ფრანგმა მათემატიკოსმა – ევარისტ გალუამ, რომელსაც სწორედ „მშობლიურმა მტრებმა” მოჰკვეთეს თავი სულ რაღაც ოცი წლის ასაკში; „ფუნჯის ტორეადორად” წოდებული ფრანსისკო გოია, რომელიც დუმილით უმზერდა მიქელანჯელოს, ხოლო ზურგს აქცევდა ლეონარდო და ვინჩის, იძულებული გახდა წმინდა მამებთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ მადრიდში გაქცეულიყო… და ასე შემდეგ მრავალნი და მრავალნი…
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჭეშმარიტად მართებულია ჰეგელის სიტყვები: „დიდი ადამიანების ხვედრი ყოველთვის მძიმეა. ისინი ცუდად ცხოვრობენ და ადრე კვდებიანო”. – (ავტორი გენია.ჯი)