შანდორ პეტეფი – “მშობლების სიკვდილზე”
როგორც იქნა მოველ თქვენთან
მოლოდინით ათასგვარით,
მაგრამ მხოლოდ დარდი დამხვდა,
არაფერი გასახარი.
* * *
მამის ნაცვლად მხოლოდ მისი
კუბოს კუთხე ვნახე ერთი,
როცა დედა ჩავასვენეთ
შავ მიწაში მამის გვერდით.
* * *
აღარც დედა,აღარც მამა,
ვაი,რაღა მოსახლე ვარ,
აღარავინ,აღარც ერთი
აღარ დამრჩა მოსახვევად.
* * *
მათ ნატერფალს დავკოცნიდი,
სისხლი მზრდიდა მათი გულის,
მიწას ათბობს მზის სხივები,
მე – მშობლების სიყვარული.
* * *
ჩემო დედავ,ჩემო მამავ,
რად ჩახვედით ცივ სამარეს,
ალბათ,მაშინ დაისვენეთ,
გულს რომ მიწა მიგაყარეს.
* * *
მაგრამ თქვენი დასვენება
იქცა ჩემთვის სატანჯველად,
სხვებს რას მოვთხოვ,როცა თქვენც კი
გამიმეტეთ დასაჯელად.
* * *
მიმატოვეთ,დარდი მაკლდა?
კიდევ დარდი მომემატოს?
აჰა,ცრემლის დასაფრქვევად
თქვენს საფლავზე მოველ მარტო.
* * *
ჩასწვდი,ცხელი ცრემლის ღვარო,
მათ ცივ სხეულს გასათბობად.
უთხარ,როგორ სტკივა გული
მათ რომ შვილი დარჩათ ობლად.
* * *
მაგრამ არა,გავეცლები
მათ საფლავებს განწირულებს,
რომ არ ჩასწვდეს ჩემი ცრემლი:
ცხელი ცრემლი,მათ ცივ გულებს.
* * *
განისვენეთ,გაგშორდებით,
თან წამყვება თქვენი ჯავრი,
მსურს წასვლის წინ,კვლავ დავკოცნო
თქვენს საფლავზე მდგარი ჯვარი.
* * *
ხედავთ,ჯვარიც მოსახვევად
ჩემსკენ იწევს ხელგაშლილი,
ო,ეს ჯვარი,ალბათ,თქვენ ხართ,
ჩაიკონეთ თქვენი შვილი.