აბუ ლ-ჰასან ფეროხი – „რა კარგია,როცა გიყვარს”
რა კარგია,როცა გიყვარს
და გულს გიძრავს მისი ვნება,
რა კარგია,დედაკაცის
მძიმე დალალებით ება!
რა კარგია გულის სწორთან
ფეხის მორთხმა,ნოხის გება;
შეჰყევ სმას და ტკბილზე ტკბილი
ღვინო წრუპე ნება-ნება.
სანამ გიდუღს სიჭაბუკე,
სანამ სისხლი თვისას შვრება! -
თორემ როცა დაბერდები,
შვებაც მშვიდად მოგეშვება.
არ ეგების ჭაბუკისთვის
სიჭაბუკის მუქთად გდება,
იმის ქება როგორ ითქმის,
ვინც არ იხდის ტრფობის სნებას!
ბაგე შენი ქალის,
ბაგეებზე თუ არ დნება,
რაღა შენი ქვეყნად ყოფნა,
რაღა გზაზე ჯირკის გდება!
სიყვარული შვების ტაძარს
აბია და კარად ება.
მაშ,შეაღე შენც ეს კარი.
მაშ,იგრძენი შენც ეს შვება!