ნასერ ხოსროვი – „მეხოტბეთა საკიცხავად თქმული”
მეხოტბეებს როცა ვუმზერ,
ნაღვლიანად მეღიმება, –
ლექსად როგორ იჭაჭება,
კალმად როგორ ეღირება!..
შე საწყალო,შენი თავის
მაინც რატომ არ გრცხვენია,
რომ ამდენი ლაყე სიტყვა
ასე ფუჭად დაგცვენია.
მიკვირს,კაცად ვინ ჩაგთვალა
და ლექსს ჩმახვა ვინ გიდარა.
ფეხზე დგახარ და ვიღაცას
ხოტბას ასხამ ვიგინდარას.
ო,რა მძიმე სასჯელია,
როცა კაცი ასე ყბედობ,
ხოტბას გიძღვნი,რომ მეხოტბედ
არ დამბადე,ჩემო ბედო!
უღირსთ ხოტბა ბაგით შენით
არ მასმინო არასოდეს.
და გახსოვდეს შენ ეს მცნება,
ოდეს თავიც არ გახსოვდეს!
ცრუ მელექსე ნუ იქნები,
დიდკაცებში გახიდული.
სხვის ნასუფრალს შეჩვეული,
სინდის-ნამუს გაყიდული.
რასაც იგი იყროყინებს,
ლექსთან,აბა,რა ხელი აქვს,
მსმენელიც ჰყავს იმისთანა,
როგორც თვითონ მჩმახველია.
გონების ბჭე დახშული აქვთ,
ო,რას გვანან,ო,რას გვანან!
შაირობა,ღვთის ხელობა
ამ მათხოვრებს ძალუძთ განა!
მოშაირე კაცთა გულის
და გონების მეფე გახლავთ.
რა მგოსნები გვყავდა ძველად
და ვის შევრჩით,ღმერთო,ახლა!