მონტესუმა II-ს სასახლის კარი და იქ დამკვიდრებული უჩვეულო სამეფო ეტიკეტები

აცტეკთა უზარმაზარი იმპერიის დედაქალაქ ტენოჩტიტლანში განთავსებული გახლდათ საიმპერატორო სასახლე,რომელშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში (კორტესის მექსიკაში გამოჩენამდე) ცხოვრობდა აცტეკების იმპერიის უკანასკნელი მბრძანებელი - მონტესუმა II-ს (1466-1520 წლები).

ესპანელების „მარიონეტ მეფედ” წოდებულ მონტესუმას მსახურთა და კარისკაცთა რიცხვი,რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ თავიანთი მბრძანებლის ნებისმიერ,თუნდაც უმნიშვნელო სურვილს,პირადი დაცვის ჩათვლით,ათას კაცს აღემატებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი მონტესუმას მსგავსად,სასახლის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.იმ კარისკაცებს,რომლებიც აცტეკების იმპერატორთან განსაკუთრებულად ახლო დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ,უფლება ჰქონდათ,პირდაპირ შესულიყვნენ მასთან და ძალიან მოკლედ,რამდენიმე სიტყვით გადაეცათ ამა თუ იმ საქმის შინაარსი.მონტესუმა მათ თითქმის არ ელაპარაკებოდა, – მოუსმენდა მოხსენებას და შემდეგ ბრძანებებს გასცემდა.

ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ აცტეკთა ტენოჩტიტლანის (იმპერატორის) შეხედვა სასტიკად იყო აკრძალული.გარდა ამისა,აკრძალული იყო მისკენ ზურგით შებრუნება.მასთან მოსაუბრე ვალდებული გახლდათ კარისაკენ უკუსვლით და რამდენჯერმე მძიმედ თავის დაკვრით მოშორებოდა მბრძანებელს.ყველაზე წარჩინებული პირებიც კი,რომელთა მუზარადებსაც არწივების,მგლებისა და იაგუარების თავებიანი გამოსახულებები ამკობდნენ,ვალდებულები იყვნენ მონტესუმასთან შესვლის წინ თავსაბურავები და ყველა ძვირფასი ნივთი მოეხსნათ.

რბილ ბალიშებზე დაბრძანებული აცტეკთა იმპერატორი სრულიად მარტო სადილობდა.სადილობის ჟამს ვინმეს დასწრება,ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი,ამცირებდა მონტესუმას სამეფო დიდებას.გარდა ამისა,ასეთი წესი მეტად ცრუმორწმუნე იმპერატორს „ავი თვალისაგანაც” იცავდა.

მონტესუმა II-ს სადილის ყოველდღიური მენიუ ოცდაათი მის მიერ ამორჩეული კერძისგან შედგებოდა.მზარეულები ყოველ კერძს სამასიდან ათას ულუფამდე ამზადებდნენ და აქ გათვალისწინებული გახლდათ სასახლის კარის მრავალრიცხოვანი სტუმრები და სხვა ათასი მუქთამჭამელი.

სამეფო სუფრის უცვლელი კუთვნილება გახლდათ გარეული ნადირის ხორცი,შინაური ფრინველი და თევზე.სადილი მთავრდებოდა სიმინდის ფქვილისა და კვერცხისაგან დამზადებული დესერტით – ტკბილეულითა და ნამცხვრებით.იმპერატორს სადილის დასასრულს მიართმევდნენ ვანილითა და სხვა სანელებლებით შეზავებულ შოკოლადს.შოკოლადის ნაღებს მონტესუმას სუფრაზე ოქროს თასებით აწყობდნენ.სასახლეში ყოველდღიურად 2 000 ხელადა შოკოლადი იხარჯებოდა.

იმპერატორს მის მიერ ამორჩეულ კერძებს დაბალი მაგიდით მიართმევდნენ ხოლმე,შემდეგ გაშლიდნენ მოოქროულ თეჯირს (ანჯამებით ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე ჩარჩოიანი დასაკეცი გადასატანი ტიხრი,რომელზედაც ქსოვილია გადაფარებული. – ავტორი გენია.ჯი) და მბრძანებელს უცხო თვალისაგან ფარავდნენ.ერთხელ გამოყენებული ჭურჭელის მეორედ სუფრაზე მიტანა კატეგორიულად იკრძალებოდა.ასეთი სახის ჭურჭელს დიდი მოწყალების ნიშნად იმპერატორი კარისკაცებსა და მსახურებს ურიგებდა.

თუკი მონტესუმას სადილობის დროს თუ ვინმესთან გასაუბრება მოესურვებოდა,ამისათვის თეჯირის მეორე მხარეს მუდმივად იჯდა ოთხი საპატიო,ხნიერი ბრძენი კაცი.იმ შემთხვევაში,თუ მონტესუმა კარგ გუნებაზე იყო,იგი მათ უმასპინძლდებოდა კიდეც.თუმცა ბრძენ მოხუცებს ფეხზე მდგომელებსა და თავდახრილებს უნდა ეჭამათ.

იმ დროს,როდესაც იმპერატორი სადილობდა,სასახლის კარზე სამარისებულ სიჩუმეს უნდა დაესადგურებინა.ნასადილევს მონტესუმა უსათუოდ თუთუნს ეწეოდა მოოქროული ჩიბუხით.თუთუნის წევის პერიოდში ხუმარები,მოცეკვავეები,მომღერლები,ოინბაზები და მუსიკოსები ცდილობდნენ გაერთოთ მბრძანებელი (სამეფო კარი ასეთი გამართობლების მთელ შტატს ინახავდა).

სასახლეში ცალკე იყო განთავსებული საჭურველთსაცავი,სადაც ყველა სახის აცტეკურ იარაღს ნახავდით.იარაღი სანიმუშო წესრიგით ჰქონდათ კედელზე ჩამოკიდებული ან დალაგებული.გარდა ამისა,სასახლის ტერიტორიაზევე მდებარეობდა უზარმაზარი საფრინველე.რა სახის ფრინველს არ ნახავდით აქ: ძოწისფერ-წითელ მგალობელ ჩიტს – კარდინალს,ოქროსფერ ხოხბებს და გაბღენძილ ინდაურებს; ყველა ჯურის თუთიყუშებსა და პატარა,ულამაზეს კოლიბრებს.სამეფო კარის საფრინველეს 300 მსახური უვლიდა.

ცალკე,დიდ გალიებში ჰყავდათ გამოკეტილი მტაცებელი ფრინველები – ძერები და არწივები,რომელთაც ინდაურის ხორცით კვებავდნენ.

საფრინველისაგან მოშორებით მოთავსებული იყო დიდი სამხეცე.სამხეცეში ცალკე იყო შხამიანი გველების განყოფილება.

სამეფო სასახლეში რამდენიმე სააბაზანო ოთახი არსებობდა (ცნობილია,რომ აცტეკებს ძალიან უყვარდათ სისუფთავე).მონტესუმა ყოველდღე ბანაობდა და დღეღამეში,სულ ცოტა,ოთხჯერ მაინც იცვლიდა ტანისამოსს.ერთხელ ნაცვამ ტანისამოსს იმპერატორი მეორედ არასოდეს არ იცვამდა! – (ავტორი გენია.ჯი)

მონტესუმასათვის,მისი ცოლებისა და კარისკაცებისათვის მრავალი ხელოსანი მუშაობდა.დაწყებული ქვის ოსტატებიდან და ხეზე ამომჭრელებიდან,გათავებული ოქრომჭედლებითა და მხატვრებით.სამეფო კარზე განსაკუთრებით ბლომად იყვნენ მებაღეები,რომელთა მუყაითობითაც წალკოტად იყო ქცეული მბრძანებლის კარ-მიდამო.სასახლის შერჩეული პირები განაგებდნენ სასახლის შემოსავალ-გასავალს.პიქტოგრაფიული ნიშნებით (ნახატნიშნებიანი დამწერლობა,რომელიც საგნებსა და მოვლენებს სურათების ან სურათის მსგავსი ნიშნებით გვაცნობ. – ავტორი გენია.ჯი) სავსე საანგარიშო წიგნები ასეულობით იყო დაცული განსაკუთრებულ შენობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ალბათ,იოლი წარმოსადგენია,თუ რა უჯდებოდა აცტეკ ხალხს მონტესუმასა და მისი მრავალრიცხოვანი მსახურების სათანადოდ შენახვა. – (ავტორი გენია.ჯი)

მონტესუმას სასახლის გამოსახულება “მენდოსას კოდექსის” მიხედვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>