ქეიქაუს იბნ ყაბუსის მეტად საყურადღებო რჩევა-დარიგება
„ნუ მოისურვებთ ისეთი საიდუმლოს ცოდნას, რომელსაც თქვენთან არავითარი კავშირი არა აქვს. საიდუმლოს ნურავის გაანდობთ, და თუ მაინც იტყვით, მას საიდუმლოდ ნუღარ მიიჩნევთ. ხალხის თანდასწრებით ჩურჩულს ნურავის დაუწყებთ. კარგი სიტყვებიც რომ უჩურჩულოთ, მაინც ავი განზრახვა ეგონებათ, რადგან ადამიანს ხშირად ეპარება ეჭვი სხვის პატიოსნებაში. (ავტორი გენია.ჯი) ყოველ სიტყვასა და საქმეში სურვილი შეძლებისდაგვარად გაანაწილეთ. რასაც ამბობთ, ისე თქვით, რომ თქვენმა სიტყვებმა თქვენი სიმართლე დაამოწმოს და ხალხმა პატიოსან კაცად ჩაგთვალოთ. თუ გსურთ, რომ ხალხის თვალში არ გაილანძღოთ, მოწმედ ნურავის დაუდგებით. მაგრამ, თუ მეტი გამოსავალი აღარ გექნებათ, ჩვენების მიცემისას დიდ გულმოდგინებას ნუ გამოიჩენთ. ყოველგვარი სიტყვა მოისმინეთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ ამ სიტყვის საქმეში გამოყენებას. მოუფიქრებლად ნურაფერს იტყვით და სიტყვას აზრი წაუმძღვარეთ, რათა საკუთარმა სიტყვამ არ შეგარცხვინოთ. იცოდეთ, რომ წინდახედულება წარმატების საწინდარია. თუ სიტყვა საქმეში გამოგადგებათ, მისი მოსმენა არ დაგზარდებათ, და თუ საქმეში არ გამოგადგებათ, მაინც მოისმინეთ, რათა სიტყვის კარი არ დაგეხშოთ. ენამწარე ნუ იქნებით, რადგან მწარე სიტყვა ისეთი თესლია, რომლიდანაც მტრობა აღმოცენდება. თუ გსურთ, რომ ცოდნის კარი თქვენს წინაშე ფართოდ გაიღოს, მცოდნეც რომ იყოთ, თავი მაინც უცოდინრად ჩათვალეთ. კაცს მანამდე ნუ შეაქებთ, ვიდრე მისი ავ-კარგი არ გეცოდინებათ. თავადთან თავადურად ისაუბრეთ და გლეხთან გლეხურად, რათა სიბრძნის გზიდან არ გადაუხვიოთ და მსმენელს თავი არ მოაბეზროთ. ბევრის მცოდნე და ნაკლებად მოლაპარაკე იყავით და არა მცირეს მცოდნე და ბევრის მოლაპარაკე. ნათქვამია: „სიჩუმე ოქროა, ლაყბობა კი სისულელეო”. ლაზღანდარას, გინდაც ჭკუით სავსე იყოს, ხალხი უჭკუოდ ჩაგთვლით, ხოლო როცა უჭკუო კაცი ჩუმად არის, მის სიჩუმეს დიდი ჭკუის ნიშნად მიიჩნევენ. რაც არ უნდა წმინდა და უმანკო იყოთ, თავის ქებას ნუ მოყვებით, რადგან საკუთარ თავს რომ მოწმედ დაუდგეთ, არავინ დაგიჯერებთ. ეცადეთ, ხალხმა შეგაქოთ და არა ისე, რომ საკუთარი თავი შეაქოთ. რაც არ უნდა ბევრი იცოდეთ, მხოლოდ ის თქვით, რაც საჭიროა, რათა თქვენმა სიტყვამ განსაცდელში არ ჩაგაგდოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)