ბაჰარი – „შაჰის რისხვა”
მღლის და მაწამებს ეს სიცრუე და ორპირობა,
ღმერთო,მაშორე ამ ნაღველთა უნაპირობა…
* * *
ჩემს გულს და სხეულს ამ დილეგში შორდება სული,
გადამეწყვიტა არსებობის იმედი სრული.
* * *
ისე გაწამდა ბნელ ხაროში ჩემი ცხოვრება,
ღმერთთან დავიწყე მე სიკვდილის შემათხოვრება.
* * *
ვაი,რომ გაჰქრა ჩემი ცოდნა,ჩემი უნარი
და ჩემი ჭკუაც – არავისგან დასაწუნარი.
* * *
ახლა დაცინვის და დაწყევლის გავხდი სამიზნე,
გაქრა უნარიც,ცოდნაც,ჭკუაც – ჩემი სამი მზე.
* * *
ვაჰ,ეს ცხოვრება – სივაგლახით გადანათელი!
ურწმუნოებმა ჩამიღამეს რწმენის ნათელი.
* * *
ჩემი სავალი სულ დარდის და სნების გზებია,
ამ ქვეყანაზე სიხარული არ მღირსებია.
* * *
მომაგონდება ოჯახი და ჩემი შვილები
და ჩემს მზიან დღეს ეფარება ბნელი ჩრდილები.
* * *
როდის მიცხრება სივალალის ყველა საწუხი?
ხუთ შვილს რა ვუთხრა,ვით აღმოვთქვა ჩემი პასუხი?!
* * *
და მაინც ვიტყვი,მე საიდან დამატყდა ჭირი -
შაჰის რისხვაა ყოველივეს ფესვი და ძირი.
* * *
ვინა ვარ განა და ვის ვერჩი,რა გრძნეული ვარ?
ჩანგის სიმივით უსუსური და ეული ვარ.
* * *
არწივის კლანჭებს ჩავუვარდი მე,ვით ბეღურა,
ჩემი ჩივილი ქვეყანაზე არვის ეყურა.
* * *
მე არც თურქი ვარ,არც არაბი,არც ვინმე ლური,
მე არც ქურთი ვარ,არც არავის წავართვი პური;
* * *
ვინ ვარ? პოეტი… მე სიტყვებით ყასიდებს ვკინძავ,
ბ ა ჰ ა რ ი მქვია,სიკეთეს და სიმართლეს ვიცავ.
* * *
ვის რა შევცოდე,რა სიწმინდეს მივუზღე ავი,
რომ მომისაჯეს დილეგი და დღეები შავი?
* * *
რად ამიკრძალეს ნათელი მზის დანახვა ნეტა
და ღამღამობით მოციაგე ვარსკვლავთა ჭვრეტა?
* * *
სარკმელს შევცქერი სხივთფენისას,თუ წვიმის ცრისას
და ვხედავ მხოლოდ რაღაც ნაგლეჯს ლაჟვარდი ცისას.
* * *
ღამით კი სარკმელს პირს უკუპრავს წყვდიადის ფარდა
და ვერრას ვხედავ მორიალე ზმანების გარდა…
* * *
ეს საკანი რომ იბინდება,ვით კურდღლის სორო,
ფიქრს ვერ ვაშორებ და სხეული ვით განვაშორო?
* * *
მე ბორკილი მაქვს,და ბოროტნი დადიან ლაღად,
ჰე,სამართალო,მაშ დაიქეც,არსებობ რაღად?!