ვენეციის რესპუბლიკის აღსასრული
1794 წელს ნაპოლეონ ბონაპარტემ იტალიის დაპყრობას მიჰყო ხელი. ამ მხრივ, სახელოვანი ფრანგი მხედართმთავრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამიზნეს – ვენეციის მძლავრი რესპუბლიკა წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, იტალიის „განმათავისუფლებად” ჩასულ ნაპოლეონს, რომელსაც სურდა, რომ იტალიელების გული მოეგო, ვენეციის რესპუბლიკის დასაპყრობად კარგი და სანდო არგუმენტი სჭირდებოდა, და აკი მოძებნა კიდეც: ერთმა პატარა ფრანგულმა ხომალდმა კუნძულ ლიდოს ციხე-სიმაგრის ახლოს ჩაიარა, რა დროსაც წინდაუხედავმა კომენდატმა ზარბაზნიდან ხომალდის მიმართულებით გაისროლა. ეს კი ბონაპარტესათვის შესანიშნავი საბაბი იყო ვენეციის რესპუბლიკისათვის ომი გამოეცხადებინა. ვენეციის სენატი უკანასკნელად შეიკრიბა, რა დროსაც გადაწყდა, რომ ნაპოლეონისათვის ფული შეეთავაზებინათ. მას შემდეგ, რაც ფრანგ მხედართმთავრს ვენეციის სენატის გადაწყვეტილება აცნობეს, მან შუბლი შეიჭმუხნა, ხელები გაასავსავა და ვენეციელ ელჩს შემდეგი სიტყვით მიმართა: „არამც და არამც! მთელი ვენეციის ლაგუნათა ქვიშიანი სანაპიროები ოქროს ჩერვონეცებითაც რომ მოჰფინოთ, მთელი ქვეყნის ოქროც რომ შემომთავაზოთ, მე ვერ მივიღებ მას თავისუფალი ფრანგი მოქალაქეების სისხლის საზღაურად”.
ნაპოლეონის პასუხმა ვენეციის რესპუბლიკის საბჭოს უხუცესები ერთობ დააშინა. სენატორებმა თავიანთი ბარგი-ბარხანა აიკრეს, ხოლო მხიარულმა და უდარდელმა ვენეციის დოჟმა – მანინმა კი, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო – გვირგვინი თავიდან მოიძრო, ლაქიას გადაუგდო და თან დააყოლა: „აჰა, დაიჭი, აღარ დამჭირდება!”
1797 წლის 15 მაისს ნაპოლეონის ჯარები ვენეციაში შევიდნენ. ასე დაასრულა არსებობა ერთ დროს ყველაზე გავლენიანმა და ძლიერმა იტალიურმა სახელმწიფომ – ვენეციის რესპუბლიკამ. – (ავტორი გენია.ჯი)