შოტლანდიელების შესახებ…
კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით მაცხოვრებელი ხალხი – შოტლანდიელები არამც და არამც ინგლისელები არ არიან.ისტორიულად ისინი არა ერთხელ ყოფილან ინგლისის მმართველები.ბევრი გამოჩენილი ადამიანი და მრავალი სახელოვანი მხედართმთავარი მისცეს მათ დიდ ბრიტანეთს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,შოტლანდიელები სხვა ერად თვლიან თავიანთ თავს.საამისო საფუძველიც აქვთ.შოტლანდიელი ერი ნაზავია ირლანდიიდან და უელსიდან მოსული კელტების,აგრეთვე ანგლების,სკანდინავიელების,ტევტონებისა და ფლამანდიელების.შოტლანდიელები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მჭიდრო კავშირში იყვნენ საფრანგეთთან.შოტლანდია ჯერ კათოლიკური ქვეყანა გახლდათ,შემდეგ პრესვიტერიანული, და ის მუდამ უარყოფდა იერარქია და ანგლიკანური ეკლესიის რიტუალს.შოტლანდიელმა აზნაურებმა,მოქალაქეებმა და გლეხებმა XVI საუკუნეში ხელი მოაწერეს და XVII საუკუნეში საზეიმო ვითარებაში განაახლეს ხელშეკრულება,ეგერთ წოდებული „კოვენანტი”,რომლითაც სამარადჟამო ერთგულება შეჰფიცეს თავიანთ ეკლესიას. XIX საუკუნეში კვლავინდებურად ცოცხალი იყო „კოვენანტორების” სული.პრესვიტერიანული რელიგია რამდენადმე ნაკლებ შეზღუდული კი გახდა,მაგრამ სიმკაცრე მაინც არ დაჰკლებია.
სიღარიბემ და სასტიკმა ზნე-ჩვეულებებმა მტკიცე ნებისყოფისა და ვაჟკაცუი სულის ხალხი შეჰქმნა.სიღარიბის მიზეზი შოტლანდიის მწირი ნიადაგი,უგზოობა და ჰავა იყო.ინგლისელები შოტლანდიელთა სიძუნწეს დასცინოდნენ,ისევე როგორც მათ ენასა და იუმორის გრძნობას.ინგლისელები ქილიკობენ,თითქოს ამ ჩრდილოელ იმიგრანტებს იუმორის გრძნობა არ გააჩნდეთ.ირწმუნებიან,ვინ იცის რამდენმა წყალმა უნდა ჩაიაროს,ვიდრე შოტლანდიელი ხუმრობას მიხვდებაო.
შოტლანდიელებს თავისებური იუმორი ახასიათებთ,ინგლისლებისაგან ფრიად განსხვავებული.ინგლისელებს მოსწონთ გრძელი ამბის მოყოლა,გულისამაჩუყებელისა და ამავე დროს დამცინავის.შოტლანდიელებს კი ლაკონური,ენამწარე და შოლტივით მოქნილი იუმორი სჩვევიათ. (ავტორი გენია.ჯი) არც ისაა მართალი,თითქოს მათი ყაირათიანობა სიძუნწე იყოს.შოტლანდიელები მომჭირნეობას იჩენენ,როცა უსახსრობას განიცდიან, და საკმაოდ ხელგაშლილნი არიან,როდესაც ინგლისლების ხარჯზე მილიონების პატრონნი გახდებიან.შოტლანდიაში სტუმართმოყვარეობა კეთილშობილურ ტრადიციადაა ქცეული.ისინი ყოველთვის თავდადებული და მამაცი მეომრები იყვნენ.ჯერ კიდევ ბანოკბერნის ბრძოლაში გაითქვეს მათ სახელი და ამ ჟამიდან მოყოლებული არასოდეს შერცხვენილან.შოტლანდიელის სულსა და გულში ჩაუქრობელი ცეცხლი გიზგიზებს,მაგრამ ცეცხლი იგი ფარულია და ამიტომ უხილავიც.მითუმეტეს,რომ სკოტები ყოველნაირად ცდილობენ მათ დამალვას.
ერთმანეთისგან განასხვავებენ ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიელებსა (Highlanders) და ბარის მცხოვრებთ (Lowlanders).მაგრამ სინამდვილეში ისინი კარგა ხანია ერთმანეთში გაითქვიფნენ ადგილგადანაცვლებისა და ქორწინების მეოხებით.მთიელები,ისევე როგორც ბარის მკვიდრნი,ემოციურნი და რომანტიულნი არიან და გულმხურვალედ უყვართ თავიანთი სამშობლო და ხალხი,მაგრამ ყველაზე მეტად ამ ქვეყნად სხვის წინაშე გულგახსნილობისა ეშინიათ.ამიტომაც არიან სიტყვაძვირნი და ყოველნაირად ერიდებიან გრძნობის გამომჟღავნებას,მითუმეტეს,თუ ეს გრძნობა ძლიერია.ინგლისელების ხანგრძლივმა ირონიულმა დამოკიდებულებამ ეს გრძნობა კიდევ უფრო გაუძლიერა მათ. და თუ პირქუშობასა და ცივობას ამბობემ მათზე,ისიც უნდა დასძინონ,რომ ეს თავდაცვის ხერხია.ამავე მიზეზით უნდა აიხსნას მათი რამდენადგე გამომწვევი ქცევა.ბარის მცხოვრებთ მწარე ენა აქვთ.ხოტბის შესხმით დიდად თავს არ იწუხებენ,სამაგიეროდ სხვისი პატარა წაფორთხიალებაც კი არ გამოეპარებათ.წესად აქვთ,რომ შექებას აუცილებლად წინ წაუმძღვანონ გაკილვა.ისინი მუდამ „შებოჭილად” გრძნობენ თავს.ნაწილობრივ ამის ბრალიცაა,რომ ზედმეტად ეტანებიან ვისკის.სასმელი ხომ ენასაც ამოადგმევინებ კაცს და გრძნობასაც გაამხელინებს.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ,შოტლანდიელები მშვენიერი ხალხია.ამ ხალხს,მკაცრ პირობებში გამობრძმედილს,მდიდარი და თავისებური ტრადიციები აქვს,სულიერად ისინი რომანტიულნი არიან,მაგრამ მშვილდებივით მოზიდულნი და მიუნდობელნი. – (ავტორი გენია.ჯი)