ოთარ ჭილაძე – „ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს”

ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს,

არ წარიკვეთო არასდროს სასო.

ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,

ხან ოცდაათი – ერთ ვერცხლად ფასობს.

* * *

მაგრამ იმედი,ეს უფლის ჩიტი,

კვლავ ისეთია,როგორიც იყო,

კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის

და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

* * *

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,

ვიდრე ხარ… ვიდრე ხედავ და გესმის…

ძველს ცვლის ახალი,ახალს კი – ძველი,

და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

* * *

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,

ხან გაბზრიალებს,ვით შოლტი ჩიკორს,

მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი

კვლავ იგივეა,რაც ადრე იყო.

კომენტარის დატოვება