პომპეუსის ტრიუმფალური სვლა „მარადიულ ქალაქში”
დიდი ძველბერძენი ისტორიკოსისა და ბიოგრაფის – მესტრიუს პლუტარქეს გადმოცემით,აზიაზე გამარჯვებულმა სახელოვანმა რომაელმა მხედართმთავარმა და პირველი ტრიუმვირატის წევრმა – გნეუს პომპეუს მაგნუსმა (ძვ.წ.აღ-ით 106-48 წლები),მაშინ როდესაც სულ რაღაც ორმოცი წლის ასაკში იმყოფებოდა,„მარადიული ქალაქისათვისაც” კი გასაკვირად გრანდიოზული,ჯერ არნახული ტრიუმფი გამართა. (ავტორი გენია.ჯი) ეგზომ ბრწინვალე ტრიუმფი თავისი მასშტაბებით იმდენად დიდი გამოდგა,რომ ზეიმი (ტრიუმფალური სვლა) რომში ორ დღეზე გადანაწილდა და ეს დროც კი არ აღმოჩნდა საკმარისი.ისტორიკოსთა სიტყვებით რომ ვთქვათ,ეს იყო დღესასწაული,რომელზეც ბევრი რამ ისეთი,რაც ამგვარი დღესასწაულისათვის განსადიდებლად და შესამკობად გამოდგებოდა,საყოველთაო სანახაობაზე არ გამოუტანიათ.
ზეიმის დროს წინ მიჰქონდათ დაფები იმ ქვეყნებისა და ხალხების სახელთა აღნიშვნით,რომელნიც პომპეუსმა დაამარცხა და რომლებზედაც გამარჯვების ტრიუმფს იხდიდა.ეს იყო: პონტო,სომხეთი,კაპადოკია,პაფლაგონია,მიდია,კოლხეთი,იბერები,ალბანები,სირია,კილიკია,მესოპოტამია,ფინიკიისა და პალესტინის ტომები,იუდეა,არაბეთი და ხმელეთსა თუ ზღვაზე განადგურებული მეკობრეთა რაზმები.აქვე იყო აღნიშნული,რომ პომპეუსმა ამ ქვეყნებში აიღო ათასამდე ციხე-სიმაგრე და თითქმის ცხრაასი ქალაქი,რომ მან ხელთ იგდო ზღვის ყაჩაღთა რვაასი ხომალდი და დააარსა ოცდაცხრამეტი ქალაქი.გარდა ამისა,დაფებზე გაკეთებული წარწერები იუწყებოდნენ: სახელმწიფოს სახარკო შემოსავალი,რომელიც აქამდე ორმოცდაათ მილიონ დრაქმას აღწევდა,პომპეუსის მიერ რომისადმი დაქვემდებარებული ქვეყნების წყალობით ოთხმოცდახუთ მილიონ დრაქმამდე გაიზარდაო. (ავტორი გენია.ჯი) სახელმწიფო ხაზინაში ლითონის ფულის,ოქროსა და ვერცხლის ნივთების სახით შეტანილ იქნა ოცი ათასი ტალანტი იმის ჩაუთვლელად,რაც ჯარისკაცებს დაურიგდათ.თითოეულმა მათგანმა კი სულ ცოტა ათას ხუთასი დრაქმა მიიღო.
მეკობრეთა მეთაურების გარდა ტრიუმფში მიდიოდნენ შემდეგი ტყვეები: სომხეთის მეფის ტიგრანის ძე ცოლითა და ქალიშვილით,თვითონ ტიგრანის მეუღლე ზოსიმა,იუდეველთა მეფე არისტობულე,მითრიდატეს და და ხუთი შვილი,პონტოს მეფის მითრიდატეს შვიდი შვილი,მრავალი სკვითი ქალი და აგრეთვე ალბანების,იბერებისა და კომაგენელთა (ქვეყანა სირიის ჩრდილოეთით,კაპადოკიისა და კილიკიის საზღვარზე) მეფის მძევლები.ზეიმზე მიჰქონდათ უამრავი ნადავლიც.მათი რიცხვი ზუსტად უდრიდა ყველა იმ ბრძოლას,რომელშიაც გამარჯვება ან თვითონ პომპეუსმა,ანდა მისმა სარდლებმა მოიპოვეს.
მაგრამ ყველაზე უფრო მეტად პომპეუსის სახელს შარავანდედით მოსავდა ისეთი რამ,რაც აც ერთ რომაელს არ ღირსებია: იგი მესამე ტრიუმფის იხდიდა ქვეყნის მესამე ნაწილზე გამარჯვების გამო! სამგზის ტრიუმფი,რა თქმა უნდა,სხვებსაც ჰქონდათ გადახდილი,მაგრამ საქმე ის იყო,რომ პირველი ტრიუმფი,რომელიც პომპეუსმა გადაიხადა,ლიბიაზე გამარჯვებისა იყო,მეორე ევროპაზე გამარჯვებისა,ხოლო მესამესა და უკანასკნელ ტრიუმფს იგი აზიაზე გამარჯვებისთვის იხდიდა.ისე ჩანდა,თითქოს სამი ტრიუმფით მთელი დასახლებული სამყაროს დამორჩილებას ზეიმობდა. – (ავტორი გენია.ჯი)