პოულობს თუ არა დიდი სიყვარული ყოველთვის გზას? – არა,ვერ პოულობს!
ერთ ჩეულებრივ დილას,იმ დილას,როდესაც ნიკალას დაბადების დღე იყო,სოლოლაკის ვიწრო შესახვევში იშვიათი და მსუბუქი ტვირთით დატვირთული ურმები გამოჩნდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ეს ტვირთი იმდენად მსუბუქი იყო,რომ ურმები არც კი ჭრიალებდნენ,მხოლოდ ოდნავ რახრახებდნენ და სხლტებოდნენ ქვაფენილის მსხვილ ქვებზე.
ურმები პირთამდე სავსე იყო მოჭრილი და წყალნაპკურები ყვავილებით,გეგონებოდათ დილის ნამის ასობით ნამცეცა ცისარტყელას დაუფარავსო.
ურმები მარგარიტას სახლთან გაჩერდნენ.მეურმეებმა ხმადაბლა გადაულაპარაკეს ერთმანეთს და დაიწყეს ტვირთის ჩამოღება და ჭიშკრის წინ ტროტუარსა და ქვაფენილზე დაყრა.
როცა პირველი ურმები გაბრუნდნენ და მთელი ქვაფენილი უკვე დაიფარა ყვავილებით,ისინი ურმების მეორე წყებამ შეცვალა.ასე გეგონებოდათ,ეს ყვავილები ურმებმა მთელი თბილისიდან კი არა,მთელი საქართველოდან მოზიდესო.
ყვავილების სურნელი მოეფინა სოლოლაკის ქუჩას.ფანჯრებში გამოჩნდნენ დიასახლისები.ისინი გამალებით ივარცხნიდნენ თმას და ხარბად შესცქეროდნენ საოცარ სანახაობას: მეურმეებმა,სრულებით ჩვეულებრივმა მეურმეემა, და არა ლეგენდარულმა მეხრეებმა „ათას ერთი ღამიდან” მთელი ქუჩა ყვავილებით აავსეს,თითქოს ამ ყვავილებით სახლების დაფარვა უნდოდათ მეორე სართულამდე.
ბავშვების კისკისმა და დიასახლისების შეძახილებმა მარგარიტა გააღვიძეს.ის საწოლზე წამოჯდა,ამოიოხრა.მაცოცხლებელი და ალერსიანი,ცინცხალი და ნაზი,სასიხარულო და ნაღვლიანი სურნელება ავსებდა ჰაერს.იქნებ ეს ციური სივრცეების სურნელი იყო – ჩვენს დედამიწაზე ღამეული ვარსკვლავიერი თაღის ნელა გავლისას დარჩენილი,ან სურნელი ჩანასახისა,დიდი ხნის განმავლობაში ჩვეულებრივი ყვავილის თესლში რომ იყო ჩაჭედილი,ახლა კი წყლის,სითბოსა და დედამიწის მძლავრი მარილების წყალობით განთავისუფლებულა.
შესახვევის ორთავე მხარეს უკვე შეგროვილიყო ხალხი და ხმაურობდა.ისინი უმზერდნენ ჯერ არნახულ,გაუგებარ სანახაობას.ვერავის გაებედნა ამ აყვავილებულ ხალიჩაზე ფეხის შედგმა,ბავშვებს მუხლამდე რომ სწვდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)
რაც შეეხება ბალღებს,ისინი შეიძლება ჩაკარგულიყვნენ კიდეც ყვავილების ამ მთაში,ამიტომ იყო,რომ ქალები,იდუმალების შეგრძნებით აღფრთოვანებულნი და გაამაყებულნი,მაგრად ჩაეკიდათ ხელი ბავშვებისათვის და არ იცილებდნენ მათ.
რა ყვავილს არ ნახავდით აქ! ჩამოთვლა უაზრობაა!
გვიანი ირანული იასანმანი.მის ყოველ გვირგვინში ქვიშის ნამცეცივით პაწაწინა წყლის ნამი შემალულიყო.ხშირი აკაცია,ვერცხლისფრად რომ უღვიოდა ფურცლები.ველური კუნელი – მით უფრო მძაფრ სუნს გამოსცემდა,რაც უფრო ქვაღორღიან ნიადაგზე იზრდებოდა.ნაზი ლურჯი დედოფლისთითა,ულეველა და უამრავი ნაირფერი ანემოზი.ფაქიზი,ლამაზი,ვარდისფერნისლიანი ჯიქა,ლილიფარას,შროშანის,ყაყაჩოს წითელი ძაბრები,ყოველთვის იქ რომ იზრდებიან,სადაც სულ ერთი ციცქნა ფრინველის სისხლი დაცემულა,დედოფლის ყვავილი,იორდასალამი და ვარდები,ვარდები,ვარდები,ყველანაირი სიდიდის,ყველანაირი სურნელის და ყველანაირი ფერის,შავით დაწყებული და თეთრით გათავებული,ოქროსფერი და ადრეული განთიადივით ბაცი ვარდისფერი და სხვა კიდევ ათასნაირი ყვავილი.
აფორიაქებულ მარგარიტას ჯერ გუმანი ვერაფრისა აეღო,სწრაფად იცვამდა.თავისი საუკეთესო,ყველაზე მდიდრული კაბა ჩაიცვა და მძიმე სამაჯურები გაიკეთა,ბრინჯაოსფერი თმა აიკეცა.ამასობაში სულ იღიმებოდა,არკი იცოდა,რატომ.მერე გაიცინა,თვალებზე ცრემლები დაეკიდა,მაგრამ არ მოუწმენდია,მხოლოდ თავი გაიქნია და ასე ჩამოიბერტყა.ამის გამო ცრემლები აქეთ-იქით გაიფანტნენ და კიდევ დიდხანს ბრჭყვინავდნენ მის კაბაზე.
ქალი ხვდებოდა,რომ ეს დღესასწაული მისთვის იყო მოწყობილი.მაგრამ ვინ მოაწყო? ან რა მიზნით? ამ დროს გაახსენდა,რომ დღეს მგონი ფიროსმანის დაბადების დღე იყო.იქნებ ყვავილების ეს მთები მან გამოგზავნა ამ ნახევრად მივიწყებული დღის აღსანიშნავად?
კი მაგრამ,თავის დაბადების დღეს რატომ გამოგზავნა და არა ქალისაზე?
ამ დროს ერთმა ხმელ-ხმელმა ფერგამკრთალმა მამაკაცმა გადაწყვიტა გადაელახა ყვავილების ეს ზღუდე და ასე ყვავილ-ყვავილ მიაშურა მარგარიტას სახლს.
ხალხმა იცნო ის და გაისუსა.ეს იყო ღატაკი მხატვარი ნიკო ფიროსმანიშვილი.სად იშოვა ამდენი ფული,რომ ეს ზღვა ყვავილები შეეძინა? ამდენი ფული?
ის კედელ-კედელ მიდიოდა მარგარიტას სახლისაკენ.
ყველამ დაინახა,როგორ შეეგება მარგარიტა – ჯერ არავის ეხილა ის ასეთი ლამაზი – ფიროსმანის გამხდარ მხრებს მოეხვია და მის მოკლე ძველ ხიფთანზე მიესვენა.
- რატომ, – ჰკითხა სულშეგუბებულმა მარგარიტამ, – რატომ მიბოძე ეს ყვავილების მთები შენი დაბადების დღეს?
ფიროსმანმა არაფერი უპასუხა,მაგრამ მარგარიტა მთელი არსებით,სისხლის ხმაურით,მის სხეულში რომ სჩქეფდა,უთქმელადაც მიხვდა,რა ძალისა იყო ეს სიყვარული, და პირველად აკოცა ნიკოს ტუჩებში.აკოცა და მოწმედ დაიყენა ზეცა,მზე და ეს უბრალო ხალხი – თბილისის სოლოლაკის უბნის მცხოვრებლები.
ზოგიერთმა პირი იბრუნა,რომ ცრემლი დაემალა.ხალხი ფიქრობდა,რომ დიდი სიყვარული ყოველთვის იპოვის გზას თუნდაც საყვარელი ცივი გულისაკენ.ყველამ იცოდა,რომ ფიროსმანს უყვარდა მარგარიტა,მას კი სულ არ ეკარებოდა გულზე და მხოლოდ ეცოდებოდა,ასეთი მწარე და მოუწყობელი ცხოვრება რომ ჰქონდა. და ამიტომაც იყო,რომ მარგარიტამ მდიდარ საყვარელზე შეაჩერა არჩევანი და მასთან ერთად გაიქცა თბილისიდან… – (ავტორი გენია.ჯი)
ნიკო ფიროსმანიშვილი