ლეგენდა ინდოეთის „საღვთო მდინარის” – განგის წარმოშობის შესახებ…
„განგი ინდოეთის მდინარეთა შორის პირველია,რომელმაც მოხიბლა ინდოეთის გული და უხსოვარი დროიდან თავისკენ იზიდავს მილიონობით ადამიანს.ისტორია განგისა,მისი სათავიდან შესართავამდე,უძველესი დროიდან დღემდე – ეს არის ინდური ცივილიზაციისა და კულტურის,იმპერიის აღზევებისა და დაცემის ისტორია,ეს არის ისტორია დიადი და ზვიადი ქალაქებისა,ადამიანის შემართებისა და მაძიებელი გონებისა… ეს არის განვითარებისა და დაცემის,სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორია”. – ასე წერდა „საღვთო მდინარედ” წოდებული ინდოეთის მთავარი მდინარის – განგის შესახებ ინდოეთის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი – ჯავაჰარლალ ნერუ. (ავტორი გენია.ჯი) ინდუისტებისათვის ჰიმალაის მთებში სათავე აღებული ინდუიზმის სულიერი წყაროს (განგის) თითოეული მტკაველი წმინდაა.წმინდაა მისი შენაკადების შესართავები,მისი წყალი,რომელსაც ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად სასწაულმოქმედი ძალა აქვს; წმინდაა მის ნაპირებზე გაშენებული ქალაქები და ტაძრები.სწორედ განგის ხეობასთან არის დაკავშირებული ინდოელი ხალხის მთელი შესანიშნავი ისტორია,კულტურა და ცხოვრება.მის შესახებ შეთხზულია უამრავი სიმღერა,ლეგენდა და თქმულება.
ერთ-ერთი უძველესი ლეგენდა მოგვითხრობს შემდეგი სახით მოგვითხრობს განგის წარმოშობის ისტორიას:
ძალიან დიდი ხნის წინათ განგა (ასე უწოდებენ მას ინდოეთში) – მთათა მეუფის ჰიმალაისა და ფერია მონორამის ქალიშვილი ცაზე მიედინებოდა და ღმერთების მდინარე ერქვა.ჰიმალაიზე მცხოვრები ღმერთები მის წყალში ბანაობდნენ,ქალღმერთები კი ნაწნავებს ისველებდნენ და თმებში იწნავდნენ მარგალიტისებურ ჭავლს.
მთის ძირას,სადაც ხორშაკიანი უდაბნო გადაშლილიყო,ხალხი ცხოვრობდა.ეს ადამიანები უბადრუკ ყოფაში იმყოფებოდნენ.მცხუნვარე მზე გადახრუკავდა ხოლმე ნათესებს,არ იყო წყალი,რომ ეხსნათ ყანები მოსპობისაგან,რის გამოც ადამიანები ახალგაზრდობაშივე იხოცებოდნენ.ღმერთები კი ამ ტრაგედიას გულგრილად უყურებდნენ და არაფრით ეხმარებოდნენ მათ.ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში.
ერთხელ ღმერთმა ინდრამ საყვარელი ცხენი მოსტაცა საგარს – აიოდჰას მბრძანებელს.საგარმა ცხენის მოსაძებნად თავისი სამოცი ათასი ვაჟიშვილი გაგზავნა.მათ მთელი დედამიწა გადააქოთეს.ბოლოს ღრმა ჭით ქვესკნელში ჩავიდნენ და იქ აღმოაჩინეს ქვის ლოდზე მიბმული ცხენი.ლოდზე იჯდა ბრძენი წინასწარმეტყველი – რიშა კაპილა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო.გამბედავი ჭაბუკებუი მრისხანედ მიუახლოვდნენ მას და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.მაგრამ მათ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრეს,ისე იქცნენ ფერფლად.
დიდხანს ელოდა საგარი შვილებს და ბოლოს მათ მოსაძებნად გაგზავნა შვილიშვილი ანშუმანი. (ავტორი გენია.ჯი) ყოჩაღმა ყმაწვილმა მიაგნო დაკარგულთა კვალს.იგი ჩავიდა დედამიწის წიაღში და ჯადოსნური ფრინველი ჰარუდისაგან შეიტყო მამა-ბიძების ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი.გრძნეულმა ფრინველმა შეატყობინა ყმაწვილს,რომ საგარის შვილების გაცოცხლება მცოლოდ ზეციური მდინარე განგას წყლით შეიძლებაო.
დიდი ხანი გავიდა,შეიცვალა რამდენიმე თაობა.ერთხელ გამოჩნდა კაცი,რომელსაც არაჩვეულებრივი ღონე და დიდი მოხერხება ჰქონდა.მას ბჰაგირატჰი ერქვა.ბევრი მამაცური საქმე ჩაიდინა და სახელგანთქმული გმირი გახდა.ბჰაგირატჰმა განიზრახა,ეხსნა თავისი ხალხი უბედურებისაგან.მნ უმაღლეს ღვთაებას ბრაჰმას სთხოვა,აჩუქე ხალხს განგა,გამოუშვი იგი დედამიწაზე,რომ მოვრწყოთ დაგვალული მიწები,გავაცოცხლოთ ბაღები და მინდვრებიო.ბრაჰმა ჩაფიქრდა.
- კი მაგრამ,როგორ მოხერხდება ეს? აბა იფიქრე,რას მთხოვ! თუ განგა ჩამოვარდება,დედამიწა ხომ ვერ გაუძლებს მის დარწტყმას.სთხოვე შივას,ქვესკნელიდან ამოვიდეს და თავის თავზე მიიღოს განგა.თუ ის დათანხმდება,მე ვუბრძანებ ქალღმერთ მდინარეს, – წარმოთქვა უმაღლესმა ღვთაებამ.
მაგრამ ავსა და ვერაგ შივას ამის გაგონებაც არ სურდა.ბევრჯერ მივიდა მასთან ბჰაგირატჰი და ამაოდ ცდილობდა მის დაყოლიებას.ბოლოს ბჰაგირატჰმა მუხლი მოიყარა,სახოტბო ჰიმნები უმღერა შივას და ღმერთს მხოლოდ მაშინ მოულბა გული.
მაგრამ ციურ მდინარე-ქალღმერთ განგას არ სურდა ზეცის დატოვება.შივას ღალატით განრისხებულმა განგამ გადაწყვიტა სასტიკად ეძია შური: მოინდომა ქვესკნელში ჩაეგდო იგი და ლოდებით ჩაექოლა.გრიალით გადმოეშვა იგი ღრუბლებს ზემოდან და თავს დააცხრა შივას,მაგრამ ღმერთის აწეწილ ფაფარში გაიხლართა და მისი ტყვე შეიქნა.
კიდევ ბევრი გმირობა ჩაიდინა ბჰაგირატჰმა,ბევრი ემუდარა შივას და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლა ღმერთმა განგა,მაგრამ მისი სათავე მაინც თავისთან დაიტოვა.სწორედ ასე გამოსახავენ შივას ინდუისტები: მის შუბლზე აღბეჭდილია განგა.
ბჰაგირატჰმა განგა მთიდან დაბლობში ჩაიყვანა ხალხთან. და იქ,სადაც იგი მიედინებოდა,გაიშალა ყვავილები,აბიბინდა ყანები,ნაყოფით დაიხუნძლა ხეხილი.ხალხი სულითა და გულით მადლობას უხდიდა მდინარეს,რომელიც ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა,რათა ბედნიერება მოეტანა მათთვის.
ინდოელი ხალხი დიად მდინარეს განგს დღემდე მოწიწებით უწოდებს ქალღმერთ განგას,წმინდა დედა განგას.
ბევრი იარეს ბჰაგირატჰმა და განგამ.იარეს და მიაღწიეს იმ ადგილს,სადაც საგარის შვილები ქვესკნელში ჩავიდნენ.განგას ცხოველმყოფელმა წყალმა გააცოცხლა ისინი,სამოცი ათასი ჭაბუკი ფერფლიდან აღდგა და ბრაჰმას მიაშურეს.
გავიდა ხანი.განგამ ჰორიონტის კიდემდე მიაღწია.გაჩნდა ოკეანე.ხალხმა მას საგარი უწოდა.იმ დღიდან განგას გამუდმებით შეაქვს ოკეანეში თავისი წყალი.იმ ლეგენდარული გმირის პატივსაცემად,რომელმაც ჰიმალაის მთიდან ჩამოიყვანა განგა,მთებში მას ბჰაგირატჰის უწოდებენ.
ასე გვიამბობს განგისა და ინდოეთის ოკეანის ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ უძველესი ლეგენდები,რომლებიც ხორცშესხმული და უკვდავყოფილია ძველინდურ ეპიკურ პოემაში – „მაჰაბჰარატა”. – (ავტორი გენია.ჯი)