XIX საუკუნის 90-იანი წლების ქალაქი სამარა
მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპიროზე განთავსებული ქალაქი – სამარა,რომელსაც საბჭოთა ეპოქაში – კუიბიშევად მოიხსენიებდნენ, XIX საუკუნის 90-იან წლებში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ძალიან გაიზარდა.მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო კი მას – „რუსული ჩიკაგო” შეარქვეს. (ავტორი გენია.ჯი) ქალაქს მართავდნენ გაუნათლებელი,თუმცა ძალიან მდიდარი მემამულეები (ყოფილი მეჯოგეები,დალალები და ასე შემდეგ),რომელთათვისაც გლეხი კაცის ნაშრომ-ნაამაგარს ჩირის ფასი გააჩნდა.სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,იმ პერიოდში ქალაქის ასი ათასი მცოხვრებიდან მხოლოდ რვა ათასამდე ადამიანი იყო წერა-კითხვის მცოდნე.შესაბამისად,სამარაში არ არსებობდა და სრულიად ჩამკვდარი იყო ყოველგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერები,რაც თავის მხრივ მეტად მწვავედ აისახებოდა მოსახლეობის მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე.აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ სატირულ ფელეტონში კარგად ჩანს ქალაქში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსათვის არსებული სიტუაცია: „სამარის ბურჟუაზიულ-მეშჩანური მოსახლეობა გამოშტერებულია მოწყენილობისა და ცხოვრების სიცარიელისაგან და იმით ერთობა,რომ ფანჯრებიდან კატებს ესვრის გამვლელებს,უზრდელად იქცევა კონკის ვაგონებში,სასამართლო დავას იწყებს თხუთმეტი კაპიკის გულისათვის…”
ჟიგულიოვის ქარხნის შესასვლელთან დამონტაჟებულ აბრაზე უკანა მხრიდან მუშების მიერ გაკეთებული წარწერა კი ქალაქის სტუმრებს შემდეგი სიტყვით აფრთხილებდა: „მოკვდავო ადამიანო,სამარაში მოსულო კულტურის ნახვის იმედით,უკან გაბრუნდი,რადგან ეს ქალაქი უხეში და ღატაკია,აქ მხოლოდ პირუტყვს აფასებენ,იციან ქონისა და ტყავის ფასი,მაგრამ ამქვეყნად უმაღლესისკენ მიმავალ გზათა დაფასება არ შეუძლიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აქვე უნდა შევნიშნო,რომ განთლებისა და კულტურის დონის ასეთი სავალალო მდგომარეობა არა მხოლოდ ქალაქ სამარაში იყო გამეფებული,არამედ იმ პერიოდის მთელი რუსეთის იმპერიაშიც კი,რასაც მაქსიმ გორკის ერთი ფრაზაც კარგად ადასტურებს: „ჩემი ბუნებით მე ვიყავი ქუჩის ადამიანი და როცა ჩვენი დიდი სამშობლოს ერთი მხრიდან მეორეში დავეხეტებოდი,ყველაზე ცოტა ასი მილიონი ადამიანის სისულელესა და ორასი მილიონი ადამიანის სისაძაგლეს ვხედავდი”. – (ავტორი გენია.ჯი)