იცით თუ არა,რომ
1. ქრისტიანთა მასობრივი დევნა რომის იმპერიაში 303 წლის 23 თებერვალს,საზღვრის ღმერთის – ტერმინუსის სადიდებელი დღესასწაულის დღეს დაიწყო.იმპერატორ – დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა წინააღმდეგ გამოცემული ედიქტის თანახმად,რომელთაც ყველაზე თვალსაჩინო ადგილებზე აკრავდნენ,იმპერიაში კატეგორიულად იკრძალებოდა ქრისტიანთა შეკრება და ღვთისმსახურება.გარდა ამისა,რომაელები ვალდებულები იყვნენ დაეწვათ ქრისტიანული წიგნები და დაენგრიათ ეკლესიები.დიოკლეტიანეს ედიქტი თანამდებობას,ჩინსა და პატივს ართმევდა ყველა თანამდებობის პირს,ვინც ქრისტიანობას არ უარყოფდა.გაქრისტიანებულ მონას საბოლოოდ ერთმეოდა გააზატების (განთავისუფლების) უფლება.დაშვებული იყო ქრისტიანთა სასტიკი წამება,განურჩევლად სოციალური წარმომავლობისა.იმ ადამიანებს კი,ვინც გაბედავდა თვალსაჩინო ადგილებზე განთავსებულ ედიქტებზე ხელის ხლებასაც კი,უცილობლად – სიკვდილით სჯიდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდ ფრანგ რომანისტს – როჟე მარტინ დიუ გარს,რომელსაც განსაკუთრებული დიდება მოუტანა თავისმა ბრწყინვალე ლიტერატურულმა ქმნილებამ – „ტიბოს ოჯახი”,არასოდეს წაუკითხავს ლექცია და არასოდეს დაუწერია რაიმე სახის სტატია.„ყველაფერი,რისი თქმაც შემიძლია,ავტომატურად შედის „ტიბოს ოჯახშიო”. – ამტკიცებდა დიუ გარი.
* * *
3. გენიალური ფრანგი პოეტი,ესეისტი და ფილოსოფოსი – პოლ ვალერი ხშირად წუხდა,რომ მასწავლებლები თავიანთ ძალაუფლებას დაშინებაზე ამყარებენ და იქვე შენიშნავდა,რომ სიბრიყვე და გულცივობა,ვგონებ,პროგრამაში უნდა ეწეროთო.
* * *
4. დიდი ფრანგი მწერლის – ჟან კოკტოს ბიოგრაფები ხაზს უსვამენ,რომ ისე ძლიერ არავინ ყოფილა დამოკიდებული მეგობრებზე,როგორც კოკტოო.„უმაგათოდ ჩემი ტყვია სამიზნეს ვერ ხვდება; უმაგათოდ ცეცხლი მინელდება; უმაგათოდ,მხოლოდ,აჩრდილი ვარო”, – ხშირად აღნიშნავდა სახელოვანი ფრანგი ლიტერატორი.
* * *
5. რომის იმპერატორი 270-275 წლებში – ლუციუს დომიციუს ავრელიანე საკუთარ თავს – „dominus es deus” უწოდებდა,რაც თარგმანით – „ბატონსა და ღმერთს” აღნიშნავს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. შესანიშნავმა ფრანგმა მწერალმა – ემილ ზოლამ,მის მიერ დაწერილი ბრწყინვალე რომანი – „კლოდის აღსარება”,თავის მეგობრებს – პოლ სეზანსა და ბაილს მიუძღვნა.
* * *
7. „გრიუტლი” წარმოადგენს შვეიცარიის ერთ-ერთ რეგიონში – კანტონ ურში არსებულ მინდორს,სადაც ლეგენდის თანახმად,პირველად ჩაისახა შვეიცარიის თავისუფლება. 1307 წელს სწორედ გრიუტლის მინდორზე შეიკრა კანტონების – ურის,შვიცისა და უნტერვალდენის კავშირი.
* * *
8. საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ XVIII საუკუნის გერმანიაში სხვადასხვა მეცნიერულ დისციპლინებს გალექსული ფორმით სწავლობდნენ,მათ შორის გეოგრაფიასა და გრამატიკასაც კი.
* * *
9. ვედური ჩვეულების თანახმად,არსებობს რვა სახის ქორწინება.ერთ-ერთ მათგანს – „რაკშასა-ვივაჰა” ეწოდება,რომელიც თავის თავში გულისხმობს ქალის მოტაცებასა და მასზე ძალით დაქორწინებას.
* * *
10. თუკი გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა – პლატონმა სიბრძნის საწყისად – „თავმაზია”,ანუ – გაკვირვება – დაასახელა,ლეგენდად ქცეულმა ქართველმა პოეტმა – შოთა რუსთაველმა სიბრძნის საწყისად – შიში მიიჩნია. – (ავტორი გენია.ჯი)