ვინ იყო აბრაამ ლინკოლნის მკვლელი – ჯონ უილკის ბუთი?
ვინ იყო ამერიკის შეერთებული შტატების სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნის მკვლელი – ჯონ უილკის ბუთი? – 1838 წლის 10 მაისს მერილენდის შტატის პატარა ქალაქ ბელ-ეირში დაბადებული ერთი ნაკლებად ცნობილი მსახიობი, უკიდურესად ვერაგი, დუელისა და ცხენების მოყვარული, კარგი მოფარიკავე და ბრწყინვალე მსროლელი. (ავტორი გენია.ჯი) ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ, მას, როგორც ცოფიანს, მოღალატესა და უდიდეს დამნაშავეს, ზურგი აქცია თვით სამხრეთელმა მეგობრებმაც კი.
ჯონ უილკის ბუთის მამა – ჯიუნიუს ბრუტ ბუთი, რომელიც ეპისკოპალური ეკლესიის დოგმებზე გახლდათ აღზრდილი, ამერიკის კულტურული ცხოვრების გამოჩენილ მოღვაწედ და შექსპირის როლების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნეოდა (იცავდა რამდენიმე წმინდა დღეს ყურანის მიხედვით. კარგად იცოდა კათოლიკე მღვდლების წეს-ჩვეულებანი და ისინიც თავისიანებად თვლიდნენ. სინაგოგებში ებრაელი ეგონათ ხოლმე, როცა ლოცვებს ძველ ებრაულ ენაზე კითხულობდა. მასონებმა ბატისტურ აკლდამაში დაკრძალეს).
ამბობდნენ, რომ პატივმოყვარე ჯონი ქალებმა გარყვნესო. იგი აკეთებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა. იმთავითვე აწუხებდა რაღაც გაურკვეველი და ბნელი მისწრაფებები, რაც თავის მხრივ, ერთობ აშფოთებდა მისი ოჯახის წევრებს. მისი გეგმები და მიზნები გამოირჩეოდა ავადმყოფური ზრახვებითა და განუზომელი ეგოიზმით. მიუხედავად დაბალი სიმაღლისა, გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი იერითა და მიმზიდველი სახით, რის გამოც ქალები განსაკუთრებულად ეთაყვანებოდნენ. განცხრომით მაცხოვრებელმა ბუთმა, რომელიც აშშ-ის სამოქალაქო ომში სამხრეთელებს უჭერდა მხარს, გადაწყვიტა – გაეკეთებინა ისეთი რამ, რაც სამხრეთს დაღუპვისგან იხსნიდა და ამავე დროს მთელ მსოფლიოს შეაძრწუნებდა. აკი „გააკეთა” კიდეც…
აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ მიუსაფარმა და ნადირივით დევნილმა ბუთმა, რომელსაც კისერში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ფარდულის სხვენს შეაფარა თავი. ფარდულს ცეცხლი წაუკიდეს. მომაკვდავი ბუთი ალმოდებული ფარდულიდან გამოათრიეს და ხის ძირას დააწვინეს. წყალი დაალევინეს და, როდესაც გონს მოვიდა და წაიბუტბუტა – „გადაეცით დედას, რომ მე მოვკვდი… სამშობლოსათვის…” – სიკვდილის სარეცელზე მყოფი კი ჩუმად ჩურჩულებდა: „მე მეგონა სწორად ვიქცეოდი”. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა უკანასკნელად ხელებზე დაიხედა და უკანასკნელადვე ამოიხრიალა: „ამაოა, ამაო!” – (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ უილკის ბუთი