გენიალური ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ…
გენიალურ ქართველ ლიტერატორში, ამ ტრაგიკულ ადამიანში – ალექსანდრე ყაზბეგში იყო რაღაც საოცრად მიმზიდველი. მისი უშუალობა, თითქმის ბავშვური გულუბრყვილობა და ბავშვური სიფიცხე პატივისცემითა და თანაგრძნობით განაწყობდა მისდამი ადამიანებს. (ავტორი გენია.ჯი) ეს საოცარი კაცი, მამისეული ქონების გაფლანგვის შემდეგ, საკუთარი ნიჭის გაფლანგვას შეუდგა. ფლანგავდა უწყალოდ, შეუბრალებლად. სახეზე ნაღვლიანი ღიმილის მქონე იჯდა ხოლმე ამა თუ იმ რედაქციის ჭუჭყიან კუთხეში და თავისი თვალებით ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა, ვერაფერს ხედავდა… გარდა სპეტაკი თოვლით დაფარული ცადაწვდენილი მწვერვალებისა, რომლის ამწვანებულ კალთებს ცხვრის ფარა შეჰფენოდა; გარდა აქაფებული თერგისა, რომელიც გიჟივით მიჰქროდა და რაღაცას გაბოროტებით მიბუტბუტებდა; გარდა ნისლმობურული გორაკებისა; გარდა დროის უკუღმართობით გაუბედურებული სპეტაკი ადამიანებისა, რომლებიც ამ ნისლმობურული მთების, თოვლიანი მწვერვალების, ციცაბო კლდეების სამკაულებად წარმოედგინა მწვერვალს… ეს სპეტაკი ხალხი იღუპებოდა ბუნებასთან ჭიდილში, ბრმა ბედისწერასთან ბრძოლაში, დრომოჭმული ადათების მუხრუჭებში…
იჯდა ეს გასაოცარი ადამიანი და ტიროდა, წერდა და ტიროდა. მის დაჭიმულ ნერვებს ბევრი აღარ უნდოდა, კიდევ ცოტა დაძაბვა და ერთიანად გაწყდებოდა. „ტრაგიკული ადამიანია”, ვერაფერს უშველიო”, – ამბობდა ყაზბეგის შესახებ ივანე მაჩაბელი. და მართალიც იყო, რადგან მას სულს უხუთავდა ეგოიზმით გაჟღენთილი გარესამყარო, ირგვლივ გამეფებული პატივმოყვარეობა და ფუჭი ზვიადობის თავგასულობა, ყოვლისმომსპობი უმადურობა და ცივი ცინიზმი, რომელიც ჰყინავდა მის სიყვარულით აჩქროლებულ სისხლს… ცოტა რამ სჭირდებოდა მას, სულ ცოტა რამ… თუმცა ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენდა სამარცხვინოდ, ეს გაუბედურებული გენია სიცოცხლეში მაინც ვერასოდეს ეღირსა ჩვენს ალერსს, ალერსსა და დაფასებას… – (ავტორი გენია.ჯი)