ევარისტ გალუას სიცოცხლის უკანასკნელი წუთები…
„არ დამივიწყოთ.სჩანს,მე ბედად არ მეწერა მეცხოვრა იმდენი,რომ ჩემი სახელი სამშობლოს ხსოვნაში დარჩენის ღირსი გამხდარიყო”. – წუხდა საბედისწერო დუელში გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე თანამედროვე „უმაღლესი ალგებრის” გენიალური ფუძემდებელი მათემატიკოსი – ევარისტ გალუა (1811-1832 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ყველაზე სანდო ვერსიის თანახმად,ამ ახალგაზრდა,თუმცა-კი უდიდესი მათემატიკოსის დუელში ჩართვა გამოიწვია როიალისტების მიერ დადგმულმა „სასიყვარულო” ინტრიგებმა.ის,თუ,ვისთან გამართა დუელი გალუამ და შესაბამისად,ვის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა იგი,დაზუსტებული არაა.თუკი დიუმას მიერ დაწერილ „მემუარებს” ვერწმუნებით,ევარისტის მკვლელი გახლდათ ერთი მომხიბვლელი ყმაწვილი კაცი,სახელად – პეშე დ’ერბინვილი.სხვა ცნობები ზემოაღნიშნული საკითხის შესახებ არ არსებობს.
დუელში დაჭრილი და სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ევარისტი სასოწარკვეთილმა ძმამ – ალფრედმა მოინახულა.
- ვინ ჰქნა ეს,ევარისტ,ვინ? – აღმოხდა მას.
- ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია.დრო არა მაქვს.მე არ მისვრია.ყველაფერი ბურუსითაა მოცული.სეკუნდანტებმა მიმატოვეს.ყველაფერი ერთმანეთში მერევა.ვინ დამნაშავეა? ვინ მართალი? არ ვიცი.ბნელა… არ მესმის.უკუნი.
- ვინ ქნა მითხარი! გეფიცები,შურს ვიძიებ.
- არა,ალფრედ.შურისძიება საჭირო არ არის. – თავი გააქნია ევარისტმა და განაგრძო: – ხალხს ნუ შეიძულებ.დამნაშავე პოლიტიკური წყობაა და არა ცალკეული პიროვნებები.შურს ნუ იძიებ.შურისძიება საჭირო არ არის,ალფრედ.
ერთი რამ უნდა გითხრა… ეს მეტად მნიშვნელოვანია.მათემატიკური ხელნაწერები.ჩემს ოთახში… მაგიდაზე… წერილი შევალიესადმი და შენდამი.ორივესადმი.იზრუნეთ ნაშრომებზე.დაე გაეცნონ მათ.ეს მეტად მნიშვნელოვანია.
- ვფიცავ,ყველაფერს გავაკეთებ.ვფიცავ,ისინი დაიბეჭდება,აღიარებენ.ვფიცავ,რომ თუ კი ეს საჭირო იქნება,მე ამას მთელ ჩემს სიცოცხლეს შევწირავ.
- ნუ სტირი,ალფრედ.მე ისედაც მთელი ვაჟკაცობა უნდა მოვიკრიფო,რომ ოცი წლის ასაკში სიკვდილი შევძლო. – ამოიკვნესა გალუამ.
1832 წლის 31 მაისი… ექიმმა ფრთხილად დაუშვა ევარისტის ხელი.
- მოკვდა.
მოწყალების დამ პირჯვარი გადაიწერა და 20 წლისა და 7 თვის ასაკში გარდაცვლილ ევარისტ გალუას ცხედარს ზეწარი გადააფარა. 1832 წლის 2 ივნისს გალუას მეგობრებმა კუბო მისი ცხედრით დღეისათვის უცნობ საერთო სასაფლაოზე მიასვენეს და დაკრძალეს.
„უკვდავება არ იყიდებაო”, – წერდა უკვდავებაში გარდასული მათემატიკოსი – ევარისტ გალუა… აკი არც გაყიდულა… – (ავტორი გენია.ჯი)