ჟან კოქტოს გაცილება უკანასკნელ გზაზე
„ყოველი ადამიანი თავის სიკვდილს სადღაც შორს მალავს და ათასგვარი მონაგონით იმშვიდებს თავს, თითქოს, მხოლოდ, ალეგორიული ფიგურა იყოს, ბოლო აქტში რომ გამოჩნდება ხოლმე… მაგრამ სწორედ მაშინ, როცა გვგონია, რომ სიკვდილი ცხრა მთას იქით გადაიკარგა, ეს მარჯვე თვალთმაქცი თვით სიცოცხლის უბედნიერეს ჟამს წამოგვეჭიმება. იგი – ჩვენი ახალგაზრდობაა. იგი – ჩვენი მოწიფულებაა. იგი ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანების სახით წარმოგვიდგება”. – წერდა თავის დროზე ჟან კოქტო.
1963 წლის 11 ოტომბერს საფრანგეთმა დაჰკარგა კიდევ ერთი სახელოვანი შვილი,მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული დიდი ფრანგი მწერალი - ჟან მორის ეჟენ კლემან კოქტო.(ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, საფრანგეთის სახელოვანი შვილის დაკრძალვა ნამდვილ „შედევრად” ქცეულა: უკანასკნელ გზაზე ასეთნაირად მხოლოდ იმას აცილებენ, ვინც განსაკუთრებით ძლიერ უყვართ. კო„ტოს მეგობრები გარს შემორტყმოდნენ აბრეშუმისაგან დამზადებული საფრანგეთის სამფეროვანი დროშითა და დიდებული ყვავილებით დაფარულ კუბოს. ქალაქ მიი-ლა-ფორეს მერიის წინ გაშლილი მოედანი თეთრი სახლებითა და აბრებით უტრილოს საუკეთესო ტილოებს მოგვაგონებდა. აკადემიკოსებისა და პრეფექტის უკან სპილენძის მუზარადიანი მეხანძრეები იყვნენ გამწკვრივებულნი. ამბობენ, რომ ამ ოფიციალურ და სოფლურ ფერთა ნარევში არსებული ჯადოსნური სიწარმტაცე თვით კოქტოსაც კი მოაჯადოებდაო. სენტ-ესტაშის მგალობელთა გუნდი დიდებულად და მელოდიურად ასრულებდა ღვთაებრივ საგალობლებს. დაკრძალვის ცერემონიამ გადაკვეთა ქალაქი და გასწია კოქტოს მიერ მოხატული სამრეკლოსკენ. იმის უკან მდელოზე ჩვეულებრივ სამკურნალო მცენარეთა წიაღში, რომელთაც ჟანი საკუთარი ფრესკების ორნამენტებისათვის იყენებდა, საფლავი გაეთხარათ. ასეთივე მოკრძალებული და უბრალო, მაგრამ მშვენიერი და ცრემლისმომგვრელი იყო გამოსათხოვარის სიტყვებიც. გაყვითლებულ ხეთა ტოტებზე აქა-იქ დაგვიანებული ფრინველები ისვენებდნენ. დაუვიწყარი, ალერსიანი დღე აცილებდა მძინარე პოეტს. სევდით მოსილმა სამშობლომ, ახლობლებმა და მეგობრებმა ყველაფერი მისცეს კოქტოს, რაც მან ისურვა. ფრანგები დასტიროდნენ სიკვდილს, ისინი მიაცილებდნენ უკვდავ კაცს არა ოფიციალური აღიარების უბადრუკი გვირგვინებით დადაფნულს, არამედ იმ ჭეშმარიტი და მტკიცე უკვდავებით შემკულს, რომელიც ფრანგი ხალხის გონებასა და გულში ცოცხლობდა. – (ავტორი გენია.ჯი)