ფრანსუა რენე შატობრიანის მოკლე დახასიათება
„მე ჩემს თავს ვადარებ ციცქნა კალიას,რომელიც აიძულეს ემღერა ლომის ხახაშიო”, – საკუთარი თავის შესახებ წერდა ორი საუკუნის მიჯნაზე შობილი დიდი ფრანგი მწერალი,დიპლომატი და ფრანგულ ლიტერატურაში რომანტიზმის ფუძემდებელი - ფრანსუა რენე შატობრიანი (1768-1848 წლები).იგი წარმოშობით ძველ რეჟიმს ეკუთვნოდა,ხოლო მისწრაფებებით,სიმამაცითა და სიყვარულით რევოლუციას უკავშირდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ემსახურებოდა ბონაპარტეს და მტრობდა ნაპოლეონს; ხელს უწყობდა ბურბონების დინასტიის აღდგენას და წყევლიდა მათ უმადურობას; ხარობდა საფრანგეთის მეფის – შარლ x დე ბურბონის დაცემით,მაგრამ შემდგომ,მთელი არსებით დაუმტკიცა თავისი ერთგულება მის ოჯახს; შატობრიანმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა,რათა 1848 წელს საკუთარი თვალით ეხილა მისთვის საძულველი ივლისის მონარქიის დაცემა, და საქვეყნოდ ეუწყებინა ევროპის ბურჯის შემაზანზარებელი უფრო სერიოზული რევოლუციის მოსვლა.ერთ დროს ვოლტერი იტაცებდა,მაგრამ სინამდვილეში მისი მასწავლებელი ბოსიუე იყო,ჭეშმარიტი მოწაფეები კი – ბარესი და მორიაკი,ფლობერი და პრუსტი.
შატობრიანის უსაზღვრო გავლენა სამ სფეროში – ლიტერატურაში,პოლიტიკასა და რელიგიაში – ნახევარი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა,რომლის დროსაც საფრანგეთი ხშირად იცვლიდა მმართველობის სახესა და იდეალებს,რასაც თავის მხრივ,ბუნებრივია,ერთგავრი არევდარევა შეჰქონდა მის შეხედულებებშიც.თავისი სიცოცხლის განმავლობაში მან ახლოს ნახა მრავალი ხელმწიფე,რამაც გაფანტა მისი პოლიტიკური ილუზიები.
ფრანსუა ერთობ ხალისიანი კაცი იყო და ხშირად ამაყობდა იმით,რომ თვითონ გამოჭედა თავისი არაჩვეულებრივი ბედი.
შესაძლოა,რომ ეკონომიკურად ღარიბი შატობრიანის ცხოვრება ოთხ ეტაპად დავყოთ: ოფიცრის კარიერა 1800 წლამდე; მწერლის ცხოვრება – 1800-დან 1815 წლამდე; პოლიტიკური მოღვაწის კარიერა – 1815 წლიდან 1830 წლამდე, და ბოლოს,„ორმაგი” კარიერა – მეამბოხისა და ივლისის რევოლუციის შემდეგ გაჩენილი ლიტერატურის პატრიარქისა.
სიკვდილის სარეცელზე მიკრულს ფრანგული ლიტერატურის გენიალური კლასიკოსი მწერალი – ვიქტორ-მარი ჰიუგო ეწვია გამოსათხოვრად,რაც თავის მხრივ,ძალიან ბევრის მთქმელია. (ავტორი გენია.ჯი) „საწოლითა და ოთახის კედლით წარმოქმნილ კუთხეში შატობრიანის ფერხთით ერთიმეორეზე შემოდგმული ორი თეთრი ხის ყუთი იდგა; ერთში „ჩანაწერების” ორმოცდარვა რვეულისაგან შემდგარი სრული მანუსკრიპტი იდო.ბოლო წლებში მწერლის ირგვლივ ისეთი არეულობა სუფევდა,რომ ერთი რვეული იმ დილით ბატონმა პრეილმა დაგდებული იპოვა ჭუჭყიან,ბნელ კუნჭულში,სადაც ლამპებს წმენდნენ”. – ასე იგონებდა შატობრიანთან თავის უკანასკნელ ვიზიტს ჰიუგო.
„ჩემი დროის ფრანგ მწერალთაგან მხოლოდ ერთადერთი მე ვგევარ საკუთარ თავს ჩემს ნაწარმოებებში: მოგზაური,ჯარისკაცი,პუბლიცისტი,მინისტრი; მე ის ვარ,ვინც ტყეებში ყოფნისას,ტყეების სიმშვენიერეს უმღეროდა,ხომალდებზე ოკეანის შესახებ წერდა,ბანაკებში სამხედრო სამსახურზე მსჯელობდა,გადასახლებაში გადასახლებას სწავლობდა,სამსახურში,ასამბლეებზე ყურადღებით ეცნობოდა ხელმწიფეებს,პოლიტიკასა და კანონებს… ომებსა და მშვიდობას არ მოვცილებივარ,ხელს ვაწერდი ტრაქტატებს და ოქმებს,ვესწრებოდი სხდომებს,კონგრესებსა და კონკლავებს; ვმონაწილეობდი ტახტების დამხობასა და მათ აღდგენაში. და ამავე დროს ვწერდი…” – ასე ლაკონურად დაახასიათა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ფრანსუა რენე შატობრიანმა მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა. – (ავტორი გენია.ჯი)