ივანე მაჩაბელის პირველი შეხვედრა ილიასთან
პატარა სტუდენტური ოთახი კვამლს გაუვსია.ყელმოტეხილ ბოთლში გამაგრებული სანთელი მკრთალად ანათებს ოთახს; სამარისებურ მყუდროებას საათის სუსტი ტაკატუკი არღვევს.გარეთ ცრის შემოდგომის ცივი,გულისგამაწვრილებელი წვიმა.ვიწრო ფანჯარაზე ფარდა ჩამოუფარებიათ.ოთახი ღარიბულად არის მორთული,ამ მხრივ ნამდვილი სტუდენტურია,იმ განსხვავებით,რომ ყველაფერში წესრიგი და სისუფთავე იგრძნობა. (ავტორი გენია.ჯი)
მაგიდას მისჯდომია პეტერბურგს ბანკის საქმეებზე ჩასული „ქართველთა უგვირგვინო მეფედ” წოდებული დიდი ილია ჭავჭავაძე და რაღაცას გატაცებით კითხულობს.დრო და დრო თავს ასწევს და მეგობარს შეხედავს,რომელიც მის პირდაპირ ზის.ეს არის ახალგაზრდა ნაფიცი ვექილი – ვასილ მაჩაბელი.იგი ამაყი ღიმილით უპასუხებს ილიას მზერას.ვანო მაჩაბელი ფანჯარასთან დგას,ხელით წიგნის თაროს დაყრდნობია და ილიას გაფაციცებით შეჰყურებს.გული უფანცქალებს,მაგრამ ცდილობს გარეგნულად არ დაიმჩნიოს მღელვარება.სანთლის მკრთალ შუქზე კიდევ უფრო ფერმკრთალი ჩანს.ხშირხშირად აიქნევს თავს და შუბლზე გადმოყრილ თმას გაისწორებს.
დღეს შეხვდა იგი პირველად ილიას.დღესვე მისი პირველი სერიოზული გამოცდაა: დიდი მწერალი და საქართველოს ერთგული შვილი ეცნობა ივანე მაჩაბლის თარგმანს,უილიამ შექსპირის „მეფე ლირის” ნაწყვეტებს.ვანომ იცის,როგორი მკაცრი კრიტიკოსია ილია.აგონდება მისი წერილი „შეშლილის” მთარგმნელ თავად რევაზ ერისთავზე.ახალგაზრდას გული ელევა,მანამ ილიას აზრს მოისმენდეს…
მაგრამ ილია სულაც არ ჩქარობს.
მან დაამთავრა კითხვა,ისევ შეხედა ვასილ მაჩაბელს,წამოდგა,გაიარ-გამოიარა.სახეზე ვერაფერს შეატყობ კაცი.კვლავ მაგიდასთან მივიდა.სკამზე ჩამოჯდა და ახლა უკვე სახეგაბადრულმა წარმოთქვა: „დიდებულია”. – (ავტორი გენია.ჯი)