რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ხელოვანები ნიკოლოზ I-ის მმართველობის ჟამს?
„საზოგადოება სწრაფად იძირება ბარბაროსობაში, ვისაც შეგიძლიათ, იხსენით თქვენი სული!” – ლიტერატურის რუსი ისტორიკოსის – ალექსანდრე ნიკიტენკოს ეს ფრაზა სრულად ასახავს რუსეთის იმპერატორის – ნიკოლოზ I-ის მმართველობის ეპოქას (1825-1855 წლები) და განზოგადებულად რომ ვთქვათ,მის უკიდურესად ცინიკურ და დაუნდობელ დამოკიდებულებას რუსი ხელოვანებისადმი. (ავტორი გენია.ჯი) თავისი მეფობის ოცდახუთი წლის თავი ნიკოლოზმა პოლიციის ტერორით დამყარებულ სამარისებულ სიჩუმეში იზეიმა. შორეულ ციმბირის კატორღებში იხოცებოდა ,ჭკუიდან გადადიოდა და ავადდებოდა სახელოვანი რუსი ხელოვანები, ლიტერატორები…
ზემოაღნიშნულს ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე ფაქტიც ნათლად ადასტურებს:
უწყლო კასპიისპირა ველებში ჯარისკაცის უღელს ეწეოდა უკრაინის დიდი სახალხო პოეტი ტარას შევჩენკო.ორენბურგის განსაკუთრებულ ბატალიონში იხდიდა სასჯელს გამოჩენილი რუსი მწერალი – ალექსი პლეშჩეევი, რომლის ლექსებზეც მოგვიანებით პეტრე ჩაიკოვსკიმ ბევრი რომანსი დაწერა; უამრავი მწარე შთაბეჭდილება განიცადა ვიატკაში გადასახლებულმა დიდმა რუსმა სატირიკოსომა – მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინმა; ომსკის საპყრობილეში კატორღულ სამუშაოებზე სასჯელს იხდიდა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი – თედორე დოსტოევსკი; პეტრე-პავლეს ციხის განმარტოებულ საკანში იტანჯებოდა ბესარიონ ბელინსკის უახლოესი მეგობარი, 1848 წლის რევოლუციის მონაწილე – მიხეილ ბაკუნინი; 1850 წელს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით რუსეთიდან სამუდამოდ იქნა გაძევებული გენიალური რუსი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი – ალექსანდრე გერცენი. გარდა ამისა, იმპერატორისვე პირადი ბრძანების საფუძველზე უდიდესი რუსი დრამატურგი – ალექსანდრე ოსტროვსკი ჟანდარმერიის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა… – (ავტორი გენია.ჯი)