შალვა ნუცუბიძის მიერ წარმოთქმული ნიშანდობლივი სადღეგრძელო
„ – …როცა მტერი ავბედითად სდევდა საქართველოს და მის ხალხს საუკუნეების განმავლობაში,ჩვენი უმაღლესი განათლების ხილული არსება V საუკუნიდან ხანგრძლივი დროით შეწყდა.შეწყდა,მაგრამ იგი პოტენციალურად მაინც განაგრძობდა სიცოცხლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ მწიგნობრულ სავანეებში.მაზდეანური ირანი,ცეცხლითა და მახვილით აღჭურვილი ისლამურ-არაბული სამყარო,პირმორღვეულ ველურ თურქ-სელჯუკთა ბრბოები ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ,მაგრამ ამ დაუსრულებელმა ბარბაროსულმა დარბევებმა ვერ გატეხა,ვერ დააკნინა ჩვენი ხალხის შემოქმედებითი ენერგია და ექვსი-შვიდი ასწლეულის მანძილზე ქართული აზრი და სიტყვა საქართველოდან,ათონის მთიდან,პალესტინიდან,სირიიდან,რუმინეთიდან ქართველ სწავლულთა მეშვეობით თამამად ეხმიანებოდა საკაცობრიო ინტელექტუალურ აზრთა მსვლელობას და თავისი წვლილი შეჰქონდა სულიერ საქმეთა საერთო საკაცობრიო საგანძურში.ამის დასტურად აქ კმარა ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული აზროვნების თავკაცი პეტრე იბერიელი,მწიგნობარი,საკმარისია,ათონელების მძლავრ თანავარსკვედსა და სინას ნახევარკუნძულზე ათონის ქართული მონასტრის თაროებზე დაუნჯებულ დიდტანიან ფოლიანტებზე მივუთითოთ.
ჩვენი სულიერი სიკეთე თავიდანვე არ აწყობდა რომის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ ბიზანტიას,რომელსაც ელადური ტრადიციებიდან მხოლოდ ის შერჩა,რომ იგი სულიერ ძალთა მეუფედ თვლიდა თავისთავს მსოფლიოში და სხვა ხალხები,მათ შორის ქართველებიც ბარბაროსებად მიაჩნდა.სწორედ ამ ნიადაგზე ჩააცვეს ბიზანტიელმა თეოლოგებმა პეტრე იბერიელს არეოპაგის ტანსაცმელი და შემდეგ,როცა ამ ცდის უმწეობა გამოაშკარავდა,იგი ფსევდო-არეოპაგელად მონათლეს,დაე,იყოს ფსევდო,ოღონდ ქართველი ნუ იქნება! ამავე მიზნით რყვნიდნენ ბერძენნი ქართულ ფრესკებს,ხელნაწერთა ყდებს,მათ ფურცლებს,წეწავდნენ ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს,ამავე მიზნით ეწეოდნენ ქართველი ხალხის ხორცთა გლეჯასა და ძვალთა მტვრევას.
მიუხედავად ყოველივე ამისა,ქართველმა ხალხმა შესძლო XII საუკუნის წინა აზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ ქცეულიყო და თავისი შემოქმედებითი ენერგიის სიძლიერე და სიდიადე დაემშვენებინა შოთა რუსთაველის ბრწყინვალე პოემით,„ვეფხისტყაოსნით”,რომელშიც პირველად ქრისტიანულ სამყაროში ჯანსაღი,ცოცხალი ადამიანური გრძნობადი საწყისები ასეთი გასაოცარი ესთეტიკური ოსტატობით შეერწყა გონებრივ სიბრძნეს,მაღალ ზნეობრივ სიკეთეს და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას.ამავე საუკუნეში,თუ მეტი არა,ორი უმაღლესი სასწავლებელი მაინც არსებობდა გელათისა და იყალთოს დიდებული აკადემიების სახით…
…და კვლავ მეხად დაატყდა ჩვენს ხალხს წარღვნა! ჯორის მსგავს ცხენებზე დედაწულიანად ამხედრებული მონღოლობა შემოესია დასავლეთს,მოსრა საქართველო.ახლა ყარა-ყუმის უდაბნომ გახსნა შავი ხახა,კვლავ დადგა სისხლის ტბორები,შემდეგ ირანი,სასიკვდილოდ განწირული საკუთარი ბედით გამძვინვარებული ირანი! მასთან ერთად ოსმალთა ტომები,რომელნიც თავაწყვეტილი ჟინით მიიწევდნენ,რათა მოეშთოთ ბიზანტია და მოაშთეს კიდეც.ირანი და ოსმალეთი განუკითხავად ჟლეტდნენ ქართველ ხალხს,აქუცმაცებდნენ და ითვისებდნენ მის ტერიტორიას,ათასობით მიერეკებოდნენ მზით გადამწვარი შიშველი ტრამალებისაკენ ქართველ დედებს,ასულებს,ბავშვებს… საოცარია,მაგრამ ასერიგად დარბეულმა,ფიზიკურად გაჩანაგებულმა ქვეყანამ მაინც შეინახა სიწმიდე გულისა,ღირსება საკუთარი თავის შეგნებისა,მისწრაფება სიბრძნისა და მწიგნობრობისაკენ.
გაუმარჯოს,ჩვენს სამშობლოს – საქართველოს!!!” – (ავტორი გენია.ჯი)