ვან გოგი – დონ კიხოტი
საკუთარი ხელით ყურის ბიბილო მოკვეთელ გენიალურ ნიდერლანდელ ფერმწერს – ვან გოგს სულიერად ენათესავებოდა მისი შორეული,ერთობ კეთილშობილი წინაპარი,საყოველთაოდ ცნობილი ხელგამხმარი გენიოსის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას ცაცია ხელით გამოძერწილი საკაცობრიო კეთილდღეობისათვის თავგანწირული ლამანჩელი იდალგო – დონ კიხოტი. (ავტორი გენია.ჯი)
აბა,რომელი დიდი ჰუმანისტი არ მოუხიბლავს დონ კიხოტს,მაგრამ ვან გოგის მსგავსად,თავადაც რომ „წამებული სახის რაინდის” თავისებურ ორეულად მოვლინებოდა თანამედროვეობას,ასეთი ლამანჩელის დიდად თაყვანისმცემელი არც დორე,არც დომიე,არც პიკასო და არც არავინ ყოფილა.თითქოს თავიანთი ძირითადი განსხვავებულობით – ირეალური და რეალური ხედვის თავისებურებებითაც კი ავსებდნენ ერთმანეთს წარსულში,ფანტასტიკური,ცრუ და უაზრო რაინდული რომანების კითხვით ცალმხრივად განვითარებული დონ კიხოტი და აწმყოში რეალური სასწაულებით აღსავსე მრავალმხრივ ერუდირებული ვან გოგი.
დონ კიხოტი საკუთარი ილუზიური ხედვის საფუძველზე ქმნიდა თავის ირეალურ,მომხიბვლელ სინამდვილეს…
ვან გოგი საკუთარი პოეტური ხედვის საფუძველზე ქმნიდა ადამიანური სიცოცხლის ჰიმნად აჟღერებულ რეალურ სინამდვილეს…
დონ კიხოტს სწამდა,რომ ქვეყანას ბოროტებისაგან განკურნავდა მხოლოდ „მოგზაურ რაინდთა დასის კეთილშობილი საქმიანობა”…
ვან გოგს მიაჩნდა,რომ ქვეყანას სიკეთესა და მშვენიერებს აზიარებდა თანამოაზრე ჰუმანისტ მხატვართა ძმური კავშირის კეთილშობილური მოღვაწეობა…
დონ კიხოტი თავისი რაინდული სულისკვეთებით ხშირად საგანგებოდ ეძიებდა ფათერაკებს.
ვან გოგი თავისი ადამიანური კეთილშობილებით გამუდმებით აწყდებოდა იმ დროის არაკეთილშობილ ადამიანთა საზოგადოებაში თავისთავად წარმოქმნილ ათასგვარ ფათერაკებს…
დონ კიხოტს შეეძლო იდეალურ არისტოკრატ ქალწულად და თავის სათაყვანებელ ულამაზეს „დულცინე ტობოზელად” წარმოედგინა რძისა და ნაკელის სუნით გაჟღენთილი ერთი ჩაგოდრებული გლეხის ქალი – ალდონსა ლორენსო…
ვან გოგს თავისი ესთეტიკური მრწამსის შესატყვისად,ცხოვრების „ფსკერზე” მოქცეული ქრისტინას მსგავსი გაუბედურებული მეძავი უფრო ემშვენიერებოდა თავისი დიდი ჭირ-ვარამის გამოცდილებით,ვიდრე მაღალი წრის რომელიმე ლამაზი და უსულგულო „დულცინე”.
და ასე შემდეგ…
საკუთარი ხელით ყურის ბიბილო მოკვეთელ გენიალურ ნიდერლანდელ ფერმწერს – ვან გოგს სულიერად ენათესავებოდა მისი შორეული,ერთობ კეთილშობილი წინაპარი,საყოველთაოდ ცნობილი ხელგამხმარი გენიოსის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას ცაცია ხელით გამოძერწილი საკაცობრიო კეთილდღეობისათვის თავგანწირული ლამანჩელი იდალგო – დონ კიხოტი. (ავტორი გენია.ჯი)