ძველი თუშური ტრადიციები
საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში – თუშეთში,ადრეულ პერიოდებში მეტად საინტერესო და საყურადღებო ტრადიციები იყო გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) ადათი თუშებს კატეგორიულად უკრძალავდა სხვა სარწმუნოების მეზობლებთან – ქისტებთან და ლეკებთან საქორწინო კავშირს.ლეკს ან ქისტს ქალს მიათხოვებდნენ და მასაც ითხოვდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ის ოჯახიანად (ამანათად) იყო გადმოსული საცხოვრებლად თუშეთში და შემდეგ „ხარით შეყოლილი” რომელიმე საგვარეულოსთან,ესე იგი,რჯული გამოცვლილი ჰქონდა და უკვე თუშად ითვლებოდა.
ფშაველებთან და ხევსურებთან საქორწინო ურთიერთობანი არ იკრძალებოდა,მაგრამ,ტერიტორიული სიშორის გამო,მოყვანა-გათხოვების შემთხვევები ერთობ იშვიათი იყო.ადათ-წესებისა და ცხოვრების ხასიათის დიდი სხვადასხვაობის გამო ღუშები კახი ქალის ჩაყვანასაც ერიდებოდნენ თუშეთში.
ასე რომ,თუშეთში პრაქტიკულად დამყარებული იყო ეგზოგამია საგვარეულოს ფარგლებში (ჩვეულება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ქორწინება ერთი და იმავე გვარის ან თემის წარმომადგენლებს შორის) და ენდოგამია ტომის ფარგლებში (ჩვეულება,რომლის მიხედვითაც ქორწინება დასაშვები იყო მხოლოდ ერთი და იმავე საზოგადოებრივი ჯგუფის (ტომისა და გვარის) წევრებს შორის; არსებობდა საზოგადოებრივი განვითარების ადრინდელ საფეხურზე). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ძველი თუშების წარმოდგენით,მზე ადამიანური ბუნების ქალი ღვთაება გახლდათ,ქვეყნად ყველაფრის მხედველი,ყველაფრის მცოდნე.იგი ხედავდა ქვეყნად დატრიალებულ ცოდვასა და მადლს,სიკეთესა და ბოროტებას,მაგრამ ბოროტების აღკვეთა არ შეეძლო.ის ერთნაირად ანათებდა ყველათვის,ცოდვიანსა და მადლიანს ერთნაირად დაადგებოდა,ერთნაირად ათბობდა.მათი წარმოდგენით,მას დედაცა ჰყავდა,მოკვდავის თვისების მქონე,ოღონდ მასავით უკვდავი.საღამოს,როცა შინ ბრუნდებოდა,დედას უამბობდა ქვეყნიერების ამბებს.
* * *
თუშებს სრულიად გარკვეული წარმოდგენა გააჩნდათ ეშმაკ-ქაჯებზე,როგორც ისინი ეძახდნენ – „ხიბალ-კუდიანებზე”.მათი წარმოდგენით,ისინი თვალით უხილავი არსებები იყვნენ.თავზე ჯორის ჩლიქის ფორმის „ჩაჩი” ეხურათ და ის ხდიდათ უხილავად.ეშმაკები,როცა უნდათ,მაშინ გადაიქცევიან ხილულ არსებებად და რა სახეც უნდათ,იმას მიიღებენ.ადამიანებს იგი ხშირად ლამაზი ქალის,მორთული პატარძლის ან დედაბრის სახით ეჩვენებიან.არაიშვიათად იღებენ კატის სახესაც.მართალია,მათ შეეძლოთ ადამიანის სახის მიღება,მაგრამ ფეხებს რატომღაც ვერაფერს უხერხებდნენ: ფეხის ტერფები შებრუნებული ჰქონდათ მუდამ,ამიტომ თუ უადგილო ადგილას ვინმე შეეყრებოდა,სადაც კაცის შეხვედრას არ ელოდები,უმალ ფეხებში უნდა შეეხედათ,რათა მასში ეშმაკი ამოეცნოთ.ასეთ წარმოდგენებს ძველ თუშებს ბავშვობიდანვე შთააგონებდნენ.
* * *
თუშებში უსაქმურობა,ანუ – „ხეტოლაობა” საძრახისთა შორის უდიდეს საძრახისად იყო მიჩნეული.
* * *
ძველი თუშის წარმოდგენით,ადამიანის სული სიკვდილის უმალ სცილდებოდა ხორცს.ხორცი აქ რჩება,მიწაა და მიწად იქცევა,ხოლო სული გადასახლდება საიქიოში,სულეთის ქვეყანაში და იქ ცხოვრობს უკვე უკვდავად.მათი რწმენით,მიცვალებულის სულს ისევე სჭირდება არსებობა,სითბო,სინათლე,საჭმელ-სასმელი,ჩასაცმელი,ცხენ-აბჯარი და ლხინ-გართობაც კი,როგორც აქ,ოღონდ იგი იქ ბეჩავია, – „ცოდვილაა”,ტავისი თავის პატრონობა არ შეუძლია,თუ აქ,ამიერში დამრჩენებმა არ უპატრონეს.მხოლოდ აქ,მის დანატოვარ ოჯახში გაშლილ სუფრაზე სულის ხსენება,მის სახელზე დანთებული ცეცხლი,მის სახელზე გაცემული ტანსაცმელი და ცხენ-აბჯარი უზრონველყოფს იქ მიცვალებულის სულის ცხონებას. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ მიცვალებულის სულის ცხონებაზე ზრუნვა ჭირისუფალს გარდაცვალების პირველი წუთებიდანვე მართებდათ და ასრულებდნენ კიდეც ადათით მიღებულ ყოველგვარ წესს,ცდილობდნენ არაფერი გამორჩენოდათ,თორემ მკვდრის სულს ძალუძდა ამიერში მყოფთა ბედზე გავლენის მოხდენა.რაიმე სამსახურის დაკლებისათვის იგი ჭირისუფალს „დაუცოდვებდა” – ცოდვას მოჰკიდებდა და „მკვდართ ცოდვა” კი მათ თუ არა,შთამომავლობას მაინც მოეკითხებოდა ოდესმე.
* * *
ძველად თუშეთში ადამიანის შინ სიკვდილი არ შეიძლებოდა.სულმობრძავს,როცა კი დაატყობდნენ,რომ იგი საამქვეყნიო აღარ იყო,ნაბადში შეახვევდნენ,გარეთ,დერეფანში ან ეზოში დააწვენდნენ,სადაც ლევდა კიდეც მომაკვდავი სულს.იგი იქვე ესვენა მანამ,სანამ სამარეს არ მიაბარებდნენ,იქიდანვე,იმ ნაბდით გაასვენებდნენ საგვარეულო სასაფლაოზე,კუბოს გარეშე.
* * *
როდესაც ვინმე გარდაიცვლებოდა,ყველა,როგორც ერთი,საქმეს ხელს აუშვებდა – „ციხემოსობააო” და გარდაცვლილის სახლს მიაშურებდა.მთელი იმ ხნის განმავლობაში,სანამ მიცვალებული „ზეპრა” – განუსვენებელი იყო,საქმეს ხელს არავინ ჰკიდებდა.მთელი სოფელი უთქმელად შეუდგებოდა მიცვალებულის ღირსეული გასტუმრებისათვის სამზადისს.
* * *
თუ მიცვალებული ისეთი კაცი იყო,რომელსაც ამ ქვეყნად გვარის გამგრძელებელი,ვაჟი შთამომავალი არ დარჩა,მას „დალეულს” – გათავებულს,ამოწყვეტილს ეძახდნენ და მის სიკვდილთან ერთად მის „დალევასაც” დასტიროდნენ (კაცის თავს მოსალოდნელ ყველა უბედურებათა შორის უდიდეს უბედურებად უძეობა ითვლებოდა).
* * *
ადრინდელი ეპოქის თუშეთში ახალშობილს ორმოცი დღის განმავლობაში და მონათვლამდის,უწმინდურად მიიჩნევდნენ,ისევე,როგორც მის დედასა და ახალშობილის მთელ ოაჯახს.სახლში,რომლის წევრსაც ბავშვი ეყოლა,მეზობელი არ შევიდოდა და არც მათთან შეუშვებდა ვინმეს თავის სახლში,„მშობიარენიაო”.თვით მშობიარობის ხსენებასაც კი ერიდებოდნენ ახალშობილის მონათვლამდის. – (ავტორი გენია.ჯი)