მურმან ლებანიძე – „ბარე ორმოც საუკუნეს”

ბარე ორმოც საუკუნეს,

რაც კი ქართველს თავი ახსოვს,

მრავალჟამიერს აგუგუნებს

და ჩუქურთმას ხმაში აქსოვს.

* * *

წარბი არსად შეუხრია, -

დასჩვევია წარბის შეკვრას

და, რაც ქართველს შეუქმნია,

ღმერთმაც ქნას და სხვამაც შექმნას!

* * *

სვეტიცხოველი და – საოცარი!

კაცს რომ გელანდება ძილში!

ერთი „ვეფხისტყაოსანი”

და ხუთასი ვაზის ჯიში!

* * *

ციხეები – დაკბილული,

ლაჟვარდები რომ გადაღობეს!

ჩვენი „ლილეოს” ხმა გმირული,

ჭკვაზე რომ შლის ჭკვათამყოფელს!

* * *

და მე გეკითხები,მურმან:

(თავი სხვამაც გაიმართლოს!)

ვით გაგიძლოს ვაჟკაცს გულმა,

ყოველივე ამის პატრონს!

* * *

ანუ რა იმედი გქონდეს,

რომ წლებმა ვერ გადაგთელოს.

მაგის ფასს და მაგის ოდენს

რას უტოვებ საქართველოს!

* * *

ან რით გინდა შენი მოსვლა

ქვეყანაზე გაამართლო,

ვეფხის წიგნს და იმის მგოსანს,

შენ რა გაქვს,რომ დაამატო?!

* * *

…ბარე ორმოც საუკუნეს,

რაც კი ქართველს თავი ახსოვს,

მრავალჟამიერს აგუგუნებს

და ცის ფერებს ხმაში აქსოვს…

* * *

ასე ჰყვება მგოსნის ჩანგი,

მაგრამ ირგვლივ თვალს მოვავლებ,

შემახსენებს უცებ ჰანგი,

რომ ახლისაც ვარ მოვალე!

* * *

და შევძახებ: – ვაშა ახლებს!

არც ხვალის დღეს ველი ნაკლებს!

მუხა – უბერებელია

და უახლეს ტოტებს აჰყრის!

* * *

გაუმარჯოს მწვანე მიწას,

საქართველოს მარად მწვანეს!

იმის წინსვლას,იმის მიზანს,

იმის დღეს და იმის ხვალეს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>