იყო თუ არა ჟორჟ ჟაკ დანტონი ინგლისის აგენტი?
საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და საფრანგეთის რევოლუციის ადრეული ეტაპის წამყვანი ფიგურის - ჟორჟ ჟაკ დანტონის (1759-1794 წლები) ინგლისის დაზვერვასთან კავშირზე ჯერ კიდევ თვით რევოლუციის წლებში ჰქონდათ ეჭვი. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსთა და მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით,სწორედ იმ საბუთებმა,რომლებიც ამტკიცებდნენ ამ კავშირს და რომლებიც სულ უკანასკნელ წუთს წარუდგინეს რევოლუციური ტრიბუნალის ნაფიც მსაჯულებს „დანტონისტთა” სასამართლო პროცესის დროს,გადაწყვიტეს ამ უკანასკნელის ბედი.
დანტონი,რაც არ უნდა ვიფიქროთ მის მორალზე,თვალსაჩინო ბურჟუაზიული რევოლუციონერი იყო.მას განუზომელი დამსახურება მიუძღოდა საფრანგეთის რევოლუციის წინაშე მისი განვითარების პირველ ეტაპზე.მაგრამ იაკობინელთა დიქტატურის დროს დანტონი თავისი ცხოვრების წესით,მატერიალური და სიმდიდრისადმი გაუმაძღარი სიხარბით,მთელი თავისი საზოგადოებრივი კავშირურთიერთობითა და სიმპათიებით ესწრაფოდა ბურჟუაზიულ წრეებს,უკმაყოფილოთ რევოლუციური ტერორით,შეშინებულთ იმ საფრთხით,რომ დაკარგავდნენ საკუთრებას,რომელიც მათ ეჩვენებოდათ იაკობინელთა ოცნებაში თანასწორობაზე, და გამოდიოდა ამ წრეების რუპორად.იაკობინელთა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა 1794 წლის გაზაფხულზე დანტონისა და მისი მეგობრების დაღუპვით დამთავრდა.უფრო გვიან, XIX საუკუნის მიწურულს დანტონი ფრანგი ლიბერალი რესპუბლიკელების გმირად აღიარეს.მისი თანამგრძნობი ისტორიკოსები,ისეთები,როგორც ფრანსუა ვიქტორ ალფონს ოლარია,ხოტბას ასხამდნენ დანტონს,უპირისპირებდნენ მას „დიქტატორ” რობერსპიერს.
დიდი ფრანგი ისტორიკოსი – ალბერ მატიეზი (1874-1932 წლები) წლების მანძილზე იყო დაკავებული ზედმიწევნით დაეანგარიშებინა დანტონის ყველა შესაძლო კანონიერი შემოსავალი (ვექილის პრაქტიკა,დეპუტატის ხელფასი) და დაასკვნა,რომ არ შეიძლებოდა ეს შემოსავალი ყოფილიყო თუნდაც საფუძველი იმ საკმაოდ დიდი ქონებისა,რომლის შეკოწიწება ხანმოკლე დროში მოასწრო ყოფილმა პროვინციელმა ვექილმა. 1787 წელს დანტონს სულ ჰქონდა 12 ათასი ლივრის,ხოლო 1794 წელს უკვე 200 ათასზე მეტი ლივრის ქონება.მაგრამ განა აუცილებლად უნდა მივიჩნიოთ,რომ ეს ფული დანტონმა მიიღო როიალისტებისაგან ან ინგლისის დაზვერვისაგან? მსგავსად,ბევრი სხვა ბურჟუა-დეპუტატებისა,დანტონიც,ალბათ,ეწეოდა სპეკულაციას ეროვნული ქონებით (ასე მოიხსენიებდნენ ემიგრანტ თავადაზნაურთა ჩამორთმეულ მიწებს,რომლებსაც შემდგომ ჰყიდდნენ).ამას გარდა,დანტონის ხელში მისი მინისტრად ყოფნის დროს კარგა ბლომად საიდუმლო თანხები იყო,რომელთა დახარჯვა ყოველგვარი კონტროლის გარეშე შეეძლო.მას შეეძლო ესარგებლა საფრანგეთის არმიის მიერ ბელგიაში მოტაცებული უმდიდრესი ნადავლითაც. (ავტორი გენია.ჯი) ყველაფერი ეს რასაკვირველია,არ ამკობს დანტონის სახეს,მაგრამ არ ამტკიცებს იმ ბრალდებას,რომ ის მოსყიდული ჯაშუში იყო.
ამასთანავე არის კიდევ სხვა დამამტკიცებელი საბუთებიც.ჯერ კიდევ რევოლუციის დასაწყისში, 1789 წლის ნოემბერში,ლონდონს წარგზავნილი საფრანგეთის ელჩი მოახსენებდა საგარეო საქმეთა მინისტრს: „პარიზში არის ორი ინგლისელი,ერთის სახელია დანტონი,მეორისა – პარე (დანტონის პირადი მდივანი),რომლებზეც ზოგიერთებს ეჭვი აქვთ,რომ ისინი ინგლისის მთავრობის სპეციალური აგენტები არიან”.ძნელია ეჭვი მივიტანოთ საფრანგეთის დიპლომატზე,რომ იგი წინასწარ განწყობილია დანტონის წინააღმდეგ.მისი სახელი მაშინ ჯერ კიდევ სრულიად უცნობი იყო და ელჩს დანტონი ინგლისელი ეგონა.
მისი დაპატიმრების შემდგ დანტონის ქაღალდებში იპოვეს ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი ბანკირ პერეგოსადმი,რომელსაც ავალებენ გადაუხადოს ინიციალებით აღნიშნულ პირებს საკმაოდ დიდი თანხა.ეს ფული უნდა ყოფილიყო ინგლისისათვის გაწეული სამსახურის საზღაური,კერძოდ,იაკობინელთა კლუბში პროკოკაციული სიტყვებით გამოსვლების საზღაური.გაუგებარია; საიდან მოხვდა ეს წერილი დანტონტან,თუ თვით ბანკირმა პერეგომ არ გადასცა მას.
როგორც გნებავთ ისე მოეპყარით ასეთ პირდაპირ ფაქტებს,მაგრამ დანტონის ჯაშუშობის ბრალდება არაპირდაპირაც დასტურდება იმ მტკიცებებით,რომ იგი ფულს იღებდა საფრანგეთის სამეფო კარისაგან. 1851 წელს გამოაქვეყნეს საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ორატორისა და პოლიტიკოსის – ონორე გაბრიელ მირაბოსა და გრაფ ლამარკის მიმოწერა.ეს საიდუმლო,პირადი წერილები განეკუთვნება 1791 წელს.მირაბო,რომელიც თვითონაც ჯამაგირს იღებდა სამეფო კარისაგან,იხსენიებს როგორც ჩვეულებრივ ამბავს,რომ დანტონი ფულს იღებდა მეფის დასახმარებლად კონტრევოლუციური გადატრიალების მომზადებაში.ერთ-ერთი პირი,რომელიც თანამშრომლობდა დანტონთან ამ მაქინაციებში,იყო ვინმე ტალონი,ვიგინდარა,მეფის საიდუმლო პოლიციის უფროსი,როიალისტური პროპაგანდის ორგანიზატორი.ტალონი საზღვარგარეთ გაემგზავრა,ინგლისში ფინანსური სპეკულაციის გზით გამდიდრდა და დანტონის დასჯიდან 9 წლის შემდეგ, 1803 წელს,გაბედა საფრანგეთში დაბრუნება,მაგრამ მაშინვე დააპატიმრეს.მან აჩვენა,რომ თანამშრომლობდა დანტონთან,რომ დანტონმა იუსტიციის მინისტრად ყოფნისას უშუალოდ უშოვა ტალონს უცხოეთის პასპორტი,ვინაიდან მისთვის უკვე საშიში იყო საფრანგეთში დარჩენა.ტალონმა დაადასტურა,რომ ინგლისის აგენტებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა,იქნებ მეფის გადარჩენა ვცადოთო.ამ საქმეში მას დახმარება აღუთქვა დანტონმა,რომელიც ამ მიზნის მიღწევას „გაძევების დეკრეტის” მიღებით ვარაუდობდა.მაგრამ,ტალონის სიტყვებით,დანტონმა ისე დიდი თანხა მოითხოვა,რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრი – უილიამ პიტი უმცროსი არაფრით არ თანხმდებოდა ამ თანხის გაღებას,თუნდაც მეფის გადარჩენის შემდეგ.არა გვგონია,რომ ტალონს თავისი ჩვენებებით უნდოდა ჩრდილი მიეყენებინა დანტონის ხსოვნისთვის.პირიქით,რადგან ტალონს,როგორც როიალისტს,დანტონის ეს საქციელი სავსებით საქებად მიაჩნდა,თუმცა აქ ანგარებასაც ხედავდა.ასე რომ,ტალონს სიცრუისათვის მიზეზი არ ჰქონდა.
უნდა დავსძინოთ,რომ კიდევ ერთი როიალისტი,თეოდორ ლამეტი,თავის მემუარებში,რომლებიც XX საუკუნეში გამოქვეყნდა,ტალონისაგან სრულიად დამოუკიდებლად,დაწვრილებით გადმოგვცემს უცხო სახელმწიფოებთან,მათ შორის ინგლისთან დანტონის მოლაპარაკებების ისტორიას: დანტონმა ორი მილიონი მოითხოვა მეფის გადარჩენისათვის და პეტმა უარი თქვა ამოდენა თანხის გაღებაზეო.
საჭირო აღარ არის განვაგრძოთ მოყოლა მრავალრიცხოვანი დამატებითი დებულებებისა,რომლებიც მატიეზს მოჰყავს ტალონისა და ლამეტის მონაყოლის დასამტკიცებლად.ფრანგი ისტორიკოსი ამ ვერსიის თვალსაზრისით ცდილობდა „გადაესინჯა” დანტონის მთელი მოღვაწეობა რევოლუციის წლებში.სპეციალისტთა უმრავლესობამ მატიეზის თეორია მთლად დამამტკიცებლად არ მიიჩნია.ამ ისტორიკოსებმა სავსებით მართებულად გადაჭრით უკუაგდეს მისი ცდა,უგულებელეყო ის ობიექტურად დიდი რევოლუციური როლი,რომელიც დანტონმა შეასრულა იმ მრისხანე წლების ბევრ მნიშვნელოვან ამბავში და წარმოედგინა იგი მხოლოდ მექრთამედ და ჯაშუშად. – (ავტორი გენია.ჯი)