„ოდესმე გიცხოვრიათ ქოხში?”
„ოდესმე გიცხოვრიათ ქოხში? არა? – იცით რა დღეში არიან ქოხში შებუდებული ადამიანები? ავდარში, ვიდრე ლოგინიდან წამოდგებიან, ჯერ ძირს უნდა დაიხედონ, ფეხს სად ვადგამო, შეამოწმონ, რადგან მიწის იატაკზე ატალახებული გუბე დგას. კერძი ქოხის წინ, ღია ცის ქვეშ, დროის დინებიდან დეფორმირებულ ქვაბში უნდა გააკეთონ, მერე საწოლზე ჩამომსხდარებმა ჭამონ. ღამით ნავთის ლამპა ან სანთელი უნათებთ სადგომს, ტანსაცმელს ლურსმანზე ან ქოხში გაბმულ თოკზე ჰკიდებენ და ერთთავად დასვრილი, დაჭმუჭმნული სამოსი აცვიათ. პირუტყვებივით ერთიმეორეს ეკვრიან, თავისი სხეულის სითბოთი ათბობენ და მთელი ზამთარი კედლის ხვრელებში შემოჭრილ ქარს ებრძვიან. გარდა ამისა, ასეთ ქოხში კაცს ყველაფერი ეკარგება, ხან კოვზს ეძებს, ხან საპონს, ხან ტაფას და ამათ ნაცვლად ისეთი რამ ხვდება ხელში, რაც იმ წუთში სულ არ სჭირდება: ქუდი, ჩექმა ან კატის სიმსხო შავი, გაბურგნული ვირთაგვა. დიახ, ვირთაგვა. როგორც ჟოლოს არ გამოელევა მატლი, ისე ქოხში არ გამოილევა ვირთაგვა. საწოლქვეშ ძველმანების ყუთი მედგა. ერთ ღამეს იმ ყუთიდან საშინელი წრიპინი შემომესმა. გამოვწიე ყუთი და რას ვხედავ? ვარდისფერი რვა წრუწუნა ჩაბუდრებულა. პაწია გოჭებს ჰგვანდნენ. რა თქმა უნდა, ყველა დავხოცე, მაგრამ მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, რა იმ საცოდავების ბრალი იყო! ასეთ ადგილას სწორედ ვირთაგვები უნდა ცხოვრობდნენ და არა ადამიანები. მაგრამ ვაი, რომ ეს ასე არ არის!” – (ავტორი გენია.ჯი)