„უსიყვარულოდ”

ისტორიამ შემოგვინახა რომაელი ქალის – არიას ერთგულების გასაოცარი ამბავი: რომის მიზანთროპმა და პათოლოგმა იმპერატორმა ნერონმა არიას ქმარს თვითმკვლელობა მიუსაჯა.შეშინებული ქმარი რომ გაემხნევებინა,არიამ მას ხელიდან ხანჯალი გამოსტაცა,შესძახა: „არაა მტკივნეულიო” და გულში ჩაიცა იგი… (ავტორი გენია.ჯი)

ადამიანს ბედისწერისა და სიკვდილის დასამარცხებლად ორი რამ სჭირდება: საკუთარ თავზე გამარჯვება და ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა.

რაც შეეხება საკუთარ თავზე გამარჯვებას: მძიმე და ძნელია,დამღლელი და დამტანჯველია საკუთარ თავთან ბრძოლა,მასთან გამარჯვება იგივე ჯვარცმაა,მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე დიდ გამარჯვებად ითვლება ცხოვრებაში.

საკუთარ თავთან ბრძოლა ყველას სჭირდება,გამარჯვება კი განსაკუთრებით იმ ადამიანებს,რომელთაც სხვისი ბედ-იღბალი უპყრიათ ხელთ.მათთვის აუცილებელია თვით შეზღუდვის ნება,დათმობა პირად ცხოვრებაში,ხშირად საკუთარი სიცოცხლის ან ახლობელი,საყვარელი ადამიანის შეწირვაც კი.

„უკვდავება რომ გწამდეს,უკვდავის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეო”, – საკუთარ დღიურში წერდა გენიალური რუსი ლიტერატორი ლევ ტოლსტოი.

უკვდავის ცხოვრებით კი მხოლოდ ის ადამიანები ცხოვრობენ,რომლებმაც სძლიეს საკუთარ თავს და ეზიარნენ ჭეშმარიტ სიყვარულს.

ადამიანი ტკივილსა და ტანჯვაში იბადება.სიცოცხლე ხანმოკლეა,ბედნიერება – იშვიათი და წამიერი.ამიტომ ჩქარობს,ისწრაფვის სული ბედნიერებისაკენ,რომელსაც ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით მიაღწევს,სხვა ყოველივე ამაოებაა ამაოებათა შორის.ყოველ ჩვენთაგანს მთელი სიცოცხლის მანძილზე მიაქვს ჯვარი გოლგოთაზე,უსიყვარულოდ კი ამ ჯვარს ვერ ზიდავ.სიყვარული ადამიანის სულის პირველი სასიცოცხლო მოთხოვნილებაა.ადამიანის სულს სიყვარულის გარეშე არ შეუძლია არსებობა.

უძველესი დროიდან ჩასწვდა ადამიანი ამ მოვლენის არსს და ერთობ ლაკონური ჰიპოთეზაც წამოაყენა: „შიმშილი და სიყვარული მართავსო სამყაროს”.

არავითარ საჩუქარს ან სასჯელს არ შეუძლია გააკეთებინოს ადამიანს ის,რასაც სიყვარული ჩაადენინებს.სიყვარულის სიმბოლო კი ქალია და მისი სილამაზე.დედამიწაზე ყოველივე მშვენიერისა და გენიალურის შემოქმედი მამაკაცია – შთაგონებული ქალის სიყვარულით.

„სიქსტის მადონა” – რაფაელ სანტს მეფუნთუშის ასულმა – ფორნარინამ შთააგონა; გოეთეს შარლოტა ბუფის სიყვარულმა შეაქმნევინა გენიალური ლიტერატურული ქმნილება – „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”,ისევე როგორც „მარიენბადის ელეგია” შეაქმნევინა 18 წლის ულრიკე ფონ ლევეტსონმა 73 წლის ბუმბერაზს.მანამდე კი, 60 წლის წლის ასაკში მყოფს ფუქსავატი ქალის – ლილი შონემანის წინაშე მოუხდა ქედის მოხრა მისადმი განუზომელი  სიყვარულის გამო; ნატალია გონჩაროვას სიყვარული იყო სტიმული,რათა განსაცვიფრებლად მოკლე დროში აფეთქებულიყო პუშკინის გენია; გენიალური შოტლანდიელი რომანტიკოსი პოეტი – რობერტ ბერნსი აღიარებდა: „აზრადაც არ მომსვლია ლექსის შეთხზვა და პოეტობა,მანამ სიყვარული არ მეწვიაო”.თამარ მეფისადმი უიმედო სიყვარულის ნაყოფად დღემდე მიიჩნევა რუსთაველის მიერ დაწერილი უკვდავი შედევრი – „ვეფხისტყაოსანი”,რომელსაც ქართველი კაცი სახარებაზე ხშირადაც კი ეტანებოდა.

სიყვარულის წინაშე ქედს იხრიან ყველაზე ძლიერი ადამიანები და კანონებიც კი.სისხლისმსმელი შაჰ-აბასის ლექსები სიყვარულზე,ანდა ბოროდინოს გმირის პეტრე ბაგრატიონის გაუბედაობა პეტერბურგელ ლამაზ სეფე ქალის წინაშე ამის ნათელი დადასტურებაა.თვით დაუმარცხებელი ალექსანდრე მაკედონელის გულიც ხომ დამარცხებული მტრის ასულმა – როქსანამ დაიპყრო და დაიმონა.

სწორედ ასეთი იდეალური სიყვარულის ბრწყინვალე მაგალითებია სოკრატეს და ჰეტერას,დანტეს და ბეატრიჩეს,ჩერნიშევსკის და ოლგას,ტურგენევისა და პოლინა ვიადროს სიყვარული.პეტრარკამაც ხომ ლუარასადმი მიძღვნილი 300 სონეტით იდეალური სიყვარულის სიმბოლომდე აიყვანა ეს უნატიფესი გრძნობა.

სამწუხაროდ,არის შემთხვევები,როდესაც ადამიანის სული მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაეძებს ამ იდეალს და ხშირად ამაო ძებნაში იხარჯება მისი წუთისოფელი.ასევე დაიხარჯა ბეთჰოვენის,მენდელსონის,მეიერმერის,შოპენისა და სხვა მრავალი სახელოვანი ადამიანის წუთისოფელი.სიკვდილამდე კენტატ იყვნენ ყაზბეგი,ლეონარდო და ვინჩი,მიქელანჯელო,რაფაელი,დალტონი,გოგოლი,

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი შესაძლოა შემდეგი დავასკვნათ: „კაცობრიობის უთამამესი სიტყვის წარმოთქმა – ბედნიერი ვარო,მხოლოდ მას შეუძლია,ვისაც უყვარს…” ასე რომ,იცხოვრეთ სიყვარულით და არასოდეს – უსიყვარულოდ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>