„ასე ემართება ადამიანს, როდესაც კარგავს ყველაფერს!”
თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ფლორენციელი სახელმწიფო მოღვაწის – კოზიმო I მედიჩის კარზე მოღვაწე მდიდარი ფლორენციელი ბანკირი – ლუკა პიტი (1398-1472 წლები),მედიჩების დინასტიის უერთგულესი ქვეშევრდომი და მსახური გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ლუკას მედიჩებმა დამსახურება არ დაუკარგეს და მას გარდა უძვირფასესი საჩუქრებისა, „რაინდის” ტიტულიც უბოძეს.მთავრობისათვის რამდენჯერმე დახმარების გაწევამ კი ლუკა პიტი მედიჩების კარზე ყველაზე წარჩინებულ,მდიდარ და გავლენიან პიროვნებად აქცია.იმ პერიოდში მდიდარ და გავლენიან პერსონასთან სახლში მრავალი „მეგობარი” და „ოჯახის ახლობელ-ნათესავი” იკრიბებოდა.იმართებოდა წვეულებები.იყო დროს ტარება.პიტის მდიდრული სასახლის აპარტამენტები მუდმივად „გულთბილ სტუმრებს” ჰქონდათ დაკავებული…
თუმცა,ხომ კარგად გახსოვთ აკაკის უკვდავი სიტყვები: „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი,გაახარებს ვისმე განა?”
…კოზიმო მედიჩის მმართველობის ერის დასასრულმა ლუკა პიტის შემდგომ ბედზე უდიდესი გავლენა იქონია. 1466 წელს მას ბრალი დასდეს შეთქმულებაში,რასაც დომინოს პრინციპით თან მოჰყა თანამდებობის,გავლენისა და ქონების დაკარგვაც (ბოლოს თავისი სასახლეც კი მიჰყიდა კოზიმო I მედიჩის პირველ ცოლს – ელეონორა ტოლედოელს).როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს,წარმატების ციდან ულმობელ ხმელეთზე გადმოგდებულ ლუკა პიტის – მეგობრები,ახლობლები,ნათესავები,მლიქვნელები,ფარისევლები,მრჩევლები,ოდესღაც მისთვის „ღრმად” ყურის დამგდები მოწაფეები,ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, „გულთბილი სტუმრები”,ირგვლივ შემოდგმომის ფოთლებივით შემოეფანტნენ.ის,თუ,რა მოსდევს ძალაუფლების,ფულის,გავლენისა და ზოგადად რომ ვთქვათ,ყველაფრის დაკარგვას,ლუკა პიტის მაგალითით შესანიშნავად აღგვიწერა გენიალურმა იტალიელმა სახელმწიფო მოღვაწემ და მოაზროვნემ – ნიკოლო მაკიაველიმ:
„მის (ლუკა პიტის) სახლში,სადაც ყოველთვის ბევრი ხალხი იყო,სიცარიელე და სიჩუმე გამეფდა.როდესაც ის ქუჩაში გამოჩნდებოდა,მეგობრები და ნათესავები ჯგუფებად კი აღარ დასდევდნენ,არამედ მისალმებისაც ეშინოდათ,რადგან ზოგმა პატივისცემა დაკარგა,სხვებმა – ქონების ნაწილი და ხელისუფლებაც მოსვენებას აღარ აძლევდა მათ.ახლახან დაწყებული დიდებული მშენებლობები მიტოვებული დარჩა; უწინდელი გულისხმიერება შეურაცხყოფად გადაიქცა,პატივისცემა – ლანძღვად.საქმე იქამდე მივიდა,რომ ბევრმა,ვინც ადრე ძვირფასეულობა აჩუქა მას,უკანვე მოითხოვა საჩუქარი,თითქოს ეს ნივთები დროებით ეთხოვებინოთ მისთვის, და ისინი,ვისაც მისი ღირსებების განდიდება ჰქონდა ჩვევად,ახლა უმადურობასა და სისასტიკეში სდებდნენ ბრალს”.
ცხოვრებისეულად რომ ვთქვათ,აი,სწორედ ასე ემართება ადამიანს,როდესაც კარგავს ყველაფერს! – (ავტორი გენია.ჯი)