შავბნელი ფურცელი საქართველოს ისტორიიდან…
მურვან ყრუს,ჯალალედინისა და თემურ ლენგისაგან იავარქმნილი ქვეყნის შვილებს თუ რაიმე კიდევ გაგვაოცებდა,რთული წარმოსადგენი იყო,მაგრამ ვაი რომ – გაგვაოცეს! ჩვენი ჯვარცმული სამშობლოს დაღალული მიწა გადაქელეს პომპეუსის რომაულმა ლეგიონებმა, მონღოლურმა ურდოებმა, არაბულმა მხედრობებმა, და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენმა… უამრავი სისხლის ღვრა, აოხრება და მომაკვდინებელი ხარკის დადება,ჩვენდა საუბედუროდ,ბევრად ნაკლები საფრთხეები ყოფილან იმათთან შედარებით,რაც ქართველ ერს სპარს-ოსმალებმა დაგვმართეს.არც ერთ დამპყრობელს,არც არაბსა და არც მონღოლს არ დაუსახლებია არც ერთი თვისტომი ოჯახი საქართველოში და არც ქართველთა გადასახლება მოუფიქრებიათ შორეულ არაბეთსა თუ მონღოლეთში.თურქ-სპარსებმა კი ახალი მომაკვდინებელი მეთოდი გამოიმუშავეს.ათასობით ადგილობრივი კომლი მოწყვიტეს მშობლიურ მიწას და მათ ნაცვლად მომთაბარე,ნახევრად ველური თურქმენული ტომები ჩამოგვისახლეს ქართულ სოფლებში.ჩამოსახლებულებს მისცეს შეუზღუდავი,თვით ადგილობრივებზე ბევრად მეტი სახელმწიფოებრივი უფლებები.თუ შემოსევებით გამოწვეული ქართული მოსახლეობის განადგურება ერთგვარად მომენტალური და ეფემერული ფაქტორი იყო,ამის საპირისპიროდ ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და მათ ნასახლარზე უცხო ტომის დამკვიდრება ერის შთანთქმისა და გადაშენების მუდმივ ფაქტორს წარმოადგენდა.
სეფიანთა დინასტიის შაჰი სპარსეთისა – აბას I, იგივე ქართველთა ავმოძულე – შაჰ-აბასი,წოდებული „სპარსეთის ლომად”,იყო ის,ვინც ჩვენთვის მანამდე გაუგონარი მეთოდები განსაკუთრებით შეისხლხორცა.მან შესანიშნავად იცოდა,რომ პატარა ერის სრული განადგურებისათვის საკმარისი იყო დაპყრობილი ერის ახალგაზრდობა თავის მიწა-წყალზე მიმოეფანტა და მათ სანაცვლოდ თავისი თვისტომი ჩაესახლებინა,რათა ერი წელში გადაეტეხა და გაენადგურებინა.
ქვეყნის სამთავროებად დაშლას ბევრი უბედურებაც მოჰყვა თან. ხალხმა დაკარგა წარმმართველი ცენტრი. გარდა ამისა,დაიქსაქსნენ,დაიფანტნენ და გაკიდეგანდნენ ადამიანები.ყველა საკუთარ თავში ჩაიკეტა და ამაღლებული მოქალაქეობრივი იდეალები ყოფითი საზრუნავით ჩაანაცვლა.საზოგადო მოღვაწეობა,მომხვეჭელობამ შთანთქა.სულითა და ხორცით გაყიდულებმა თანამემამულეებით ვაჭრობას მიჰყვეს ხელი.ჩვენი გაუბედურებული დედა-სამშობლო გახევებული ცრემლით დასტიროდა იმ აშოლტილ ქართველ გოგო-ბიჭებს,რომლებსაც საგანგებოდ იტაცებდნენ უცხოეთის „ბაზრებში” გასაყიდად.იმ ბაზრებში,სადაც საქართველოს დატყვევებული შვილების გასაყიდათ სპეციალური ადგილები იყო გამოყოფილი. „მარტო ოდიშში ყოველ წელს გაყიდულთა რიცხვი არანაკლებ ორი ათასს აღწევსო”, – წერდა გაკვირვებული მილანელი მოგზაური – ჯუზეპე ჯუდიჩე.ოსმალო სწავლული,გეოგრაფი და მოგზაური – ევლია ჩელები კი ქართველი ტყვეებით ვაჭრობას,მათ „ნივთზე გადაცვლას” ან გასაჩუქრებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა.ისეთ მოვლენად,თითქოს ეს საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმა ყოფილიყოს.ისტორიკოსთა მტკიცებით, XVII – XVIII საუკუნეებში რამდენიმე ქვეყნის ბაზრობაზე არასოდეს იკლებდა გასაყიდ ქართველ ტყვეთა რაოდენობა,რადგან ჩვენდა საუბედუროდ,მათ განუწყვეტლივ ავსებდა დედა-სამშობლოს მკერდიდან ანაგლეჯი შვილები.
ასე უწყალოდ იცლებოდა ჩვენი ქვეყანა მოცემულ ეპოქაში.იმ ეპოქაში,რომელმაც მართლაც რომ „გაგვაოცა” თავისი შორსმჭვრეტელი ბოროტებით მურვან ყრუს, ჯალალედინისა და თემურ ლენგისაგან იავარქმნილი ქვეყნის შვილები. – (ავტორი გენია.ჯი)