ბორის პასტერნაკი – „ავი დღეები”
როცა სახედრით,იმ ბოლო კვირას,
იერუსალიმს შევიდა იგი,
ირგვლივ ოსანას მღეროდა ყველა,
ფეხქვეშ ხის რტოებს უფენდნენ რიდით.
* * *
მერე კი ავად იცვალნენ დღენი,
სიყვარულის წილ მიაგეს შხამი,
წარბების ჭმუხვნით,კბილების ღრჭენით
ახლოვდებოდა განკითხვის ჟამი.
* * *
ტყვიის სიმძიმით,ზედ მიწის პირზე
ცა ჩამოემხო ეზოებს თავზე.
ფარისეველნი ეძებდნენ მიზეზს
და ყრანტალებდნენ ყორნების მსგავსად.
* * *
ქვედამხედვართა იძალეს ტაძრად,
ბილწთა სამსჯავროს ჩაუგდეს სრულად,
და მათ,ვინც გუნდრუკს უკმევდა ადრე,
დაუწყეს კრულვა და ლაფის სროლა.
* * *
აქეთ-იქიდან იხუვლა ბრბომ და
ცნობისწადილით დაიწყეს ჭვრეტა.
არვინ უწყოდა,ვინ საით რბოდა,
შეიქმნა ჯგლეთა და ზედაჟლეტა.
* * *
ყავლი ჩაუდგა ჩურჩულს და სისინს,
გადასწვდნენ ჭორებს,აუტყდათ როკვა.
ზოგმა ბალღობა ახსენა მისი,
ზოგი ეგვიპტეს გაქცევას მოჰყვა.
* * *
ისიც თქვეს,თურმე ბავშვებს და ქალებს
როგორ უბნევდა უდაბნოს გზა-კვალს,
როგორ ებრძოდა მსოფლიო ძალებს,
როცა ამხელდა სატანის ზაკვას.
* * *
ან ის ღრეობა რა იყო მაშინ,
სასწაულით რომ გაშალა სუფრა,
მერე კი,როცა ჯდებოდა ნავში,
ზღვაზე,ვით ხმელზე,ვიდოდა უბრად.
* * *
ან ქოხმახებში ღარიბთა კრება,
ან სანთლით ხელში ძებნა ზედაშის…
იმ სანთლით,რაიც მაშინღა ქრება,
როს მაცხოვარი ადის ზეცაში.