სოსო პაიჭაძე – „ხდება ხოლმე”
„ხდება ხოლმე: ერთ დღეს,სრულიად ჩვეულებრივ გუნებაზე მყოფი აღმოაჩენ,რომ არ იცი იმ ხის სახელი,რომელიც,რაც თავი გახსოვს,შენი სახლის წინ დგას ქუჩაში და ყოველდღე უყურებ,ხელით ეხები,ხანდახან ფოთოლსაც მიაწყვიტავ ან მის ჩრდილში შედგები ხოლმე სულის მოსაბრუნებლად.ან ვთქვათ,ერთ მშვენიერ კვირა დღეს,როცა ნათელი ამინდით გახალისებული გარეთ გამოხვალ და სეირნობით დაუყვები ნაცნობ,თითქოს თითოეულ კენჭამდე შესწავლილ ქუჩას,მოულოდნელად გაგახსენდება,რომ არასოდეს წაგიკითხავს აგერ იმ სახლის სადარბაზოსთან გაკრული მემორიალური დაფის წარწერა,თუმცა კი ყოველდღე,სამსახურში მიმავალი ან შინდაბრუნებული ხედავ მას და ისე აღიქვამ,როგორც ამ შენობის ჩვეულებრივ,აუცილებელ დეტალს,ისევე აუცილებელსა და განუყოფელს,როგორც სადარბაზო კარის სახელურს ან ძველებურ ჩუქურთმებიან ლავგარდანს.შესაძლოა,ასეთ რამეებს არ ჰქონდეთ დიდი მნიშვნელობა,მაგრამ მაინც სინანულით გაგიკაწრავს გულს იმის გაფიქრება,რომ რაღაც გავიწყებს ამ უბრალო წვრილმანებისათვის ყურადღების მიქცევას,რაღაც უაზრო,დაქუცმაცებული ყოველდღიურობა არ გაცლის საკუთარი თავის გახსენებას,იმის საშუალებას არ გაძლევს,რომ იყო ის,რაც სინამდვილეში ხარ ან რაც ოდესმე ყოფილხარ და შენივე თავის დამამცირებელი,გამაბაიბურებელი განცდაც კი დაგეუფლება წამიერად და მაშინვე სულ სხვა აზრით გაივსება ეს ქვეყანა,განახლდება და გალამაზდება და ტკბილად აგიჩქროლებს გულს მასთან თანაზიარობის,ადამიანთა სიკეთისა და ამქვეყნიური სილამაზის მარადიულობის განცდა,მაგრამ მალე ყველაფერი გავიწყდება,ყველაფერი ისევ ყოველდღიური ცხოვრებისა და ამაო საზრუნავების უდაბურ ტევრში იკარგება და მერე,დიდი ხნის შემდეგ,ერთ მშვენიერ დღეს ისევ თავიდან აღმოაჩენ,რომ არ იცი იმ ხის სახელი,შენი სახლის წინ რომ დგას და არც ის შეგიმჩნევია,როდის ყვავილობს ან ყვავილობს კი საერთოდ?” – (ამონარიდი სოსო პაიჭაძის ნოველიდან – „ბაქანი ბოტანიკური ბაღი”) – (ავტორი გენია.ჯი)