„ვაი-ჟურნალისტიკა”

„დადგება დრო და ჟურნალისტიკა ყოველივეს პატივს ახდის,თვითონ დასვამს მეფეებს ტახტზე და თვითონვე დაანგრევს მათ ტახტებსო”. – ამბობდნენ ერთნი. „ის თქვენ დაგასამარებთ,რადგან დაბალ კლასებში გონებას გააღვიძებთ და მოიმკით აჯანყებას,რომლის პირველი მსხვერპლიც თქვენვე გახდებითო”. – უწინასწარმეტყველებდნენ მეორენი ხელისუფალთ. „კალამი დაიპყრობს ყოველივეს,რისი დაპყრობაც ხმლით ვერ მოხერხდაო”. -  გონებამახვილობდნენ მესამენი.იყვნენ ისეთებიც,რომლებიც პრესასა და ზოგადად,ჟურნალისტიკას – „ბოროტებას” რომ უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) გონიერნი იმასაც ირწმუნებოდნენ,რომ მთავრობები „ტარტიუფის პირმოთნეობის” მქონე მედიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთებოდნენ,სადაც ისინი განწირულნი იქნებოდნენ დამარცხებისათვის… იმ საგამომცემლო სახლებს,რომლებშიაც პრესა იბეჭდებოდა – „შხამების საწყობადაც” კი მოიხსენიებდნენ… აი,ასეთი დამოკიდებულება არსებობდა ჟურნალისტიკისადმი მისი ყრმობის ხანაში. „გაიზრდება და დავაჟკაცდებაო”. – არსებობდა ასეთი იმედიც.თუმცა… ჟურნალისტიკა,იმის ნაცვლად,რომ საზოგადოების წმიდათა წმიდა მსახური ყოფილიყო,პარტიების იარაღად იქცა.საშინელებაა,თუმცა ფაქტია,რომ – ვაჭრობაც დაიწყო. და როგორც ვაჭრობას,არც მას გააჩნია რაიმე რწმენა ან კანონი.მედია იქცა დუქნად,სადაც ისეთი შინაარსის მქონე სიტყვა იყიდება,როგორიც თავად სურთ.თვით „ბოროტების სავანის” გაზეთიც კი რომ არსებობდეს,დილიდან საღამომდე ჟურნალისტები იმის მტკიცებას მოუნდებიან,რომ ბოროტება კარგი და აუცილებელია კაცობრიობის მომავლისათვის. „ერთი დრო დადგება,ყველა გაზეთი გადაიქცევა უსინდისოდ,პირმოთნედ,გაიძვერად,მატყუარად,მკვლელად.ისინი მოკლავენ აზრებს,სისტემებს,ადამიანებს და ამით გაიფურჩქნებიან.ისინი აღიჭურვებიან ყოველ განყენებულ ქმნილებათა უპირატესობით: ბოროტება მოხდება და დამნაშავე არავინ იქნება.ჩვენ ვიქნებით,არისტიდები,კატონები,პლუტარქეს გმირები; არც ერთი ჩვენგანი დამნაშავე არ იქნება და რა სამარცხვინო საქმეც უნდა ჩავიდინოთ,ხელს დავიბანთ,სირცხვილს ჩამოვირეცხავთ.ნაპოლეონმა გამოუძებნა მიზეზი ამ მოვლენას,მორალურსა და ამორალურს,როგორც გნებავთ,ისე განსაჯეთ, და შეაჯამა კონვენტის შესწავლით ნაკარნახევი,შესანიშნავი სიტყვებით: „კოლექტიური ბოროტმოქმედება ვერავის დაბრალდება”.პრესას ძალუძს უაღრესად ამაზრზენი საქმე ჩაიდინოს და ამ დროს,არავინ,პირადად,თავს არ თვლის გაბინძურებულად”. – წერდა ჟურნალისტიკის შესახებ გენიალური ფრანგი მწერალი – ონორე დე ბალზაკი თავის ქმნილებაში – „გამქრალი ოცნებანი”.

დავუშვათ ხელისუფალი კეთილად მოიქცა: თუ პრესა და მედია მის საწინააღმდეგოდ არის განწყობილი,ეს კეთილი საქმე მინისტრის ნამოქმედრად გამოცხადდება, და პირიქით.ისინი შეთითხნიან საზიზღარ ცილისწამებას და გვამცნობენ ყალბ ინფორმაციებს.მას შემდეგ კი,რაც ყოველივეს ჭეშმარიტება მოეფინება,იტყვიან,ასეთი ცნობები მომაწოდეს და რა ჩემი ბრალიაო.თუ ვინმე უჩივლებს,ბოდიშს მოუხდის ესოდენი მოურიდებლობის გამო.თუ სასამართლოში წაიყვანენ,წუწუნს დაიწყებენ,რატომ არ მომთხოვეს უარყოფის გამოცხადებაო,მაგრამ,აბა,ერთი სცადეთ და სთხოვეთ უარყოფა,სიცილით გვერდს აგივლიან და თავიანთ დანაშაულს უმნიშვნელოდ ჩათვლიან.ბოლოს,თუკი პრესისა და მედიის მსხვერპლი გაიმარჯვებს,ვაი,მისი ბრალი,დაცინვის საგნად იქცევა.მარცხისა და სოლიდური ჯარიმის გადახდის შემდგომ მთელი ჟურნალისტური კორპუსი „მართალ” გამარჯვებულს სიტყვის თავისუფლების,განათლებისა და თვით სამშობლოს მტრადაც კი გამოაცხადებს.როგორც წესი,მედია თავის დანაშაულს უმეტესწილად „გულუბრყვილო ხუმრობად” მიიჩნევს,ხოლო მის მოწინააღმდეგეებს კი – მტარვალებად.

არადა… რა უზარმაზარი გავლენის მატარებელია იგი… სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ადამიანები დაარწმუნოს იმაში,რაც თავად სჭირდება.ამასთანავე,ყოველივე ის,რაც თავად არ მოსწონს,პატრიოტული არ გახლავთ, და მისი აზრი მცდარი არასოდეს არის.რელიგიას ისევ რელიგიის წინააღმდეგ გამოიყენებს; თუ აწყენინეს,თავს ლაფს დაასხამს სამართალწარმოებას; თხზავენ უაღრესად გულისამაჩუყებელ იგავ-არაკებს,ჯამბაზობენ ბოშებივით.ოღონდ კი დააინტერსონ და გაართონ საზოგადოება. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის ჟურნალისტიკა არავის ზოგავს,თვით საკუთარ მამასაც კი.შესაძლოა ითქვას,რომ იგი ცდილობს დაემსგავსოს იმ მსახიობს,რომელიც თავისი შვილი ფერფლს ურნაში ჩაჰყრის,ოღონდ ნამდვილად იტიროს.იქცევა იმ შეყვარებული ქალივით,რომელიც თავისი კუროს საამებლად ყველაფერს გაწირავს.

არსებობენ ისეთი ჟურნალისტებიც,რომლებიც თავიანთ თავს უკვე შემდგარ,დიდ ადამიანებად მიიჩნევენ,ვინაიდან აღჭურვილნი არიან იმ თვისებებით,რომელინც როგორც წესი,ყოველთვის აკლიათ ჭკვიან ადამიანებს: მოთმინება,მოქნილობა და სულმდაბლობა.ჟურნალისტურ ასპარეზზე ახლად ფეხშებიჯებულთა შორის შევხვდებით ისეთებსაც,რომლებიც თავიანთი ინფორმაციების სვეტებზე ამძვრალნი სილას აწნავენ წინამორბედთ,ფეხით გამოათრევენ მათ და მათ ადგილს თვითონ იკავებენ.

„უმადურობით გაზეთები მეფეებსაც წინ გაუსწრებენ; სპეკულაციებითა და ანგარებით უბინძურეს ვაჭრუკანებსაც გადააჭარბებენ,შთანთქავენ მთელ ჩვენ გონებას,ყოველ დილით,ჩვენი ტვინის სამი მეექვსედის შესყიდვით.ცრუ ინფორმაციები გამოფიტავს გონებას,გახრწნის სულს და ჩაიდენს ანონიმურ უსინდისობებს”. – წინასწარმეტყველებდნენ ჯერ კიდევ ყრმობაში მყოფი მედიის შესახებ XIX საუკუნის პირველ ნახევარში ადამიანები. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>