არკადი რილოვი – „ლურჯ სივრცეში”
„ლურჯ სივრცეში” – წარმოადგენს გამოჩენილი რუსი მხატვარ-პეიზაჟისტისა და გრაფიკოსის - არკადი რილოვის (1870-1939 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ სურათს,რომლის სიმაღლე – 109 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე – 152 სანტიმეტრია. (ავტორი გენია.ჯი) ზღვისა და ზოგადად რომ ვთქვათ,წყლის სივრცეების თემებით დაინტერესებულმა მხატვარმა აღნიშნულ სურათზე მუშაობა 1918 წელს დაიწყო.ეს ის პოსტრევოლუციური პერიოდი იყო,როდესაც რილოვი პეტროგრადის მკაცრ კლიმატურ პირობებში უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა.თავად მხატვარი სურათზე მუშაობის ურთულეს პროცესს შემდეგი მოგონებით გადმოგვცემდა: „მუშაობა დღითიდღე უფრო რთულდება.გონება დაკავებულია მხოლოდ იმით,როგორმე რაიმე საკვებით დავნაყრდე… დილით წყალი გაიყინა როგორც სათლში,ასევე სამოვარშიც.თეთრეულის ორი კომპლექტი,თავზე თექის ჩაჩი და ხელებზე ნაქსოვი ხელთათმანები – აი,ასეთი გახლდათ ჩემი ღამის კოსტიუმი”.მიუხედავად ესოდენ რთული პირობებისა,რილოვმა სურათზე მუშაობა სულ რაღაც ერთ წელიწადში – 1919 წელს მაინც დაასრულა.
ტილოზე გამოსახულია ულამაზესი ფერთა გამით შეზავებული ლურჯი ცის სივრცე,სადაც ქათქათა თეთრი ღრუბლების ფონზე გედები მიფრინავენ.ზღვის მუქი ლურჯი ტალღების ზედაპირის ფონზე,ჰორიზონტზე თოვლით დაფარული კლდოვანი კუნძულებია ასახული,რომლებიც თავის მხრივ,ჩრდილოეთის ცივ და მკაცრ ბუნებრივ პირობებთან ასოცირდება.სურათის მარცხენა ნაწილში აფრებიანი ხომალდი მოსჩანს,რაც ზღვის პეიზაჟის რომანტიზმს უსვამს ხაზს. (ავტორი გენია.ჯი)
ავტორმა თავისი ქმნილება – „ლურჯ სივრცეში” პირველად პეტროგრადში გამართულ სახელმწიფოს მიერ გამართულ პირველ თავისუფალი ხელოვნების გამოფენაზე წარადგინა და იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა.ის კი არა და, საბჭოთა პერიოდში რილოვის ტილო განიხილებოდა პროგრამულ პროდუქტად,რადგან მიიჩნეოდა,რომ საბჭოთა პეიზაჟური სახვითი ხელოვნების ისტორიამ ათვლა სწორედ აღნიშნული სურათიდან აიღო.დღესდღეობით,არკადი რილოვის მიერ შექმნილი სურათი – „ლურჯ სივრცეში” დაცულია მოსკოვში განთავსებულ ტრეტიაკოვის დიდებულ გალერეაში. – (ავტორი გენია.ჯი)
არკადი რილოვი