დავით ახლოური – „მერე,ალბათ”
მე ჯერაც არ მყვარებია არავინ
ისე,როგორც შენ მიყვარხარ ახლა.
ჩემს ფიქრებთან გაგიშლია კარავი,
მოგწყინდება ერთხელაც და… წახვალ.
თუმც არ ვიცი,წასვლას როგორ ავიტან
ან იმედებს როგორ დავთმობ ხვალის…
იქნებ,ჯობდეს,რომ მომენდო თავიდან,
როცა შენში გაიღვიძებს ქალი.
ამღვრეული ძუ ავაზის წადილით
თუკი ისევ მინებდები ვნებას,
წავიდეთ და ვინახულოთ შატილი,
იქ მივენდოთ თეთრი ღამის ნებას.
თმენის სურვილს ჭიუხებში გავექცეთ,
დავივიწყოთ სამანიც და ზღვარიც.
მთვარის მკერდზე გადალეწილ სარეცელს
მოვუხადოთ მოსახდელი ვალი.
ღამის ჩრდილი წავაფაროთ თმა-გიშერს,
სანამ მთვარე მკერდზე დაშლილს ნახავს…
* * *
მერე,ალბათ,მეც ვეღარსად გაგიშვებ,
მერე,ალბათ,შენც აღარსად წახვალ.