„სტენფორდის უნივერსიტეტის” დაფუძნების საოცარი ისტორია
უბრალო,ყვავილებიანი კაბით მოსილი ქალბატონი მოკრძალებული კოსტუმით მოსილ თავის მეუღლესთან ერთად ბოსტონის სადგურზე მატარებლიდან ჩამოვიდა თუ არა,გეზი უმალვე ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ოფისისაკენ აიღო. (ავტორი გენია.ჯი) ასაკოვან წყვილს ჰარვარდის უნივერსიტეტის მოუცლელ პრეზიდენტთან შეხვედრა დანიშნული არ ჰქონია.ტანისამოსმა,რომელიც ცოლ-ქმრის პროვინციალობას უსვამდა ხაზს,მისაღებში მყოფი მდივანი-ქალი მათ მიმართ ერთობ უარყოფითად განაწყო,რადგან მიიჩნია,რომ ასეთი უბრალო და შეიძლება ითქვას,ღარიბული ჩაცმულობის მქონე ხალხს ესოდენ სახელოვან უნივერსიტეტში არაფერი ესაქმებოდა.
- ჩვენ სურვილი გვაქვს შევხვდეთ პრეზიდენტს. – ხმადაბლა,მორიდებულად მიმართა მამაკაცმა მას.
- ის მთელი დღე დაკავებული იქნება. – მშრალად უპასუხა მდივანმა-ქალმა.
- არაუშავს,მოვიცდით. – ჩაილაპარაკა ყვავილებიანი კაბით მოსილმა ქალბატონმა.
რამდენიმე საათის განმავლობაში პრეზიდენტის მდივანი სრულ იგნორირებას უკეთებდა მოხუც წყვილს და ვარაუდობდა,რომ დაიღლებოდნენ და იქაურობას გაეცლებოდნენ.მაგრამ გადიოდა დრო და ისინი კვლავაც დიდსულოვნად განაგრძობდნენ მისაღებში ლოდინს.მას შემდეგ,რაც დარწმუნდა,რომ არსად წასვლას არ აპირებდნენ,იგი პრეზიდენტის კაბინეტში შევიდა და თხოვა,რამდენიმე წუთი დაეთმო მათთვის.უკმაყოფილო პრეზიდენტმა თავის მდივანს თხოვნაზე თანხმობა ამოოხვრის თანხლებით განუცხადა (ისე კი სარკაზმულად შევნიშნოთ: აბა,სადა აქვს ესოდენ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე კაცს იმის დრო,რომ იგი ღარიბული ტანისამოსით მოსილ მოქალაქეებს დაახარჯოს?!)
- ჩვენ გვყავდა ვაჟი,რომელიც ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა თქვენს უნივერსიტეტში.მას უყვარდა აქაურობა და ძალიან ბედნიერად გრძნობდა ჰარვარდში თავს.მაგრამ,სამწუხაროდ,რამდენიმე ხნის წინათ ვაჟი სრულიად მოულოდნელად გარდაგვეცვალა. (ავტორი გენია.ჯი) მე და ჩემს ქმარს გვსურს,რომ მის სახსოვრად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რაიმე ღირშესანიშნავი ავაგოთ.
პრეზიდენტი ქალბატონის სიტყვას არ მოუხიბლავს,რადგან იფიქრა,რომ წყვილი მას ჰარვარდის ტერიტორიაზე საკუთარი ვაჟის ბიუსტის განთავსებას სთხოვდა.
- ქალბატონო, – მედიდურად მიმართა მას, – ჩვენ არ შეგვიძლია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განვათავსოთ ყველა იმ ადამიანის ბიუსტი,რომლებსაც ოდესღაც აქ უსწავლია და გარდაცვლილა.ეს რომ გაგვეკეთებინა,ჰარვარდის უნივერსიტეტის ტერიტორია ნამდვილ სასაფლაოს დაემსგავსებოდა.
- არა,ჩვენ არ გვსურს მისი ბიუსტის აღმართვა.ჩვენ გვსურს ჰარვარდის უნივერსიტეტისათვის ახალი კორპუსი ავაგოთ.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ყურადღებით ღარიბულ,თუმცა სუფთა და მოწესრიგებული სამოსით მოსილი ხანდაზმული წყვილი.
- კორპუსი? თქვენ იცით,რა თანხა ჯდება ერთი ახალი კორპუსის აგება? – გაოცება ვერ დამალა უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელმა, – ჰარვარდის უნივერსიტეტის ყველა შენობის აგება – 7 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა.
ქალბატონი მცირეოდენი ხნით ჩაფიქრდა.
პრეზიდენტს ირონიულად ჩაეღიმა და გაიფიქრა,ბოლოს და ბოლოს თავს დამეხსნებიანო.
ქალი ქმრისაკენ მიბრუნდა და ხმადაბლა უთხრა:
- ნუთუ ესოდენ ცოტა თანხაა საჭირო უნივერსიტეტის ასაგებად? რატომ არ შეგვიძლია ჩვენ თავად ავაგოთ ახალი უნივერსიტეტი?
მეუღლის იდეით აღფრთოვანებულმა მამაკაცმა ჰარვარდის უნივერსიტეტის გაოგნებული პრეზიდენტის წინაშე,მოწონების ნიშნად ქალი გულში ჩაიკრა.წყვილმა – მისტერ ლელანდ სტენფორდმა (1824-1893 წლები) და მისმა მეუღლემ,მისის – ჯეინ ელისაბედ ლატროპმა პრეზიდენტის კაბინეტი ახალი უნივერსიტეტის აგების იდეით ფრთაშესხმულებმა დატოვეს.
1891 წელს კალიფორნიაში,კერძოდ კი ქალაქ – პალო-ალტოში გახსნილი იქნა კერძო უმაღლესი სასწავლებელი – „სტენფორდის უნივერსიტეტი”,რომლის მშენებლობაზეც უმდიდრესმა ამერიკელმა მეწარმემ და მისმა მეუღლემ – 15 მილიონი ამერიკული დოლარი გაიღეს.მშენებლობის ჟამს ობიექტზე ხშირად ხედავდნენ სახეგაბრწყინებულ სტენფორდების წყვილს.ერთ დღეს თვალცრემლიანმა ლელანდმა მეუღლეს უთხრა: „მომავალში ყოველი კალიფორნიელი სტუდენტი ჩვენი შვილი იქნებაო”.
დღესდღეობით,ლელანდ და ჯეინ ელისაბედ სტენფორდის მიერ თავიანთი შვილის უკვდავსაყოფად აგებული და გახსნილი უნივერსიტეტი არა მხოლოდ აშშ-ის,არამედ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლების რეიტინგის ლიდერს წარმოადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)