რას წერდნენ XIX საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირების შესახებ?
„როგორც ყველა სხვა წოდებას,ისე სამღვდელოებასაც ჰყავს თავისი დიდი ბობოლები.ეს გახლავთ მდიდარი,ფულის და მამულის პატრონი,მოხერხებული,საზოგადოებაში მიღებული ეპისკოპოსები.ამ ბობოლებმა ლოცვაც იციან,რასაკვირველია,მაგრამ მოთხოვნა კიდევ უფრო კარგად ემარჯვებათ.როგორც თვითონ იმდაბლებენ თავს უმაღლესთა წინაშე,ისევე ამდაბლებენ მათთან მოსულთ და მთელი დღით ალოდინებენ წინა ოთახში,თითქო სასულიერო წოდების პირნი კი არა დიპლომატები ბრძანდებიანო.მოხელენი არიან და არა მოძღვარნი.ბედნიერია,ვინც მათთან დაახლოებულია.ძალა ხელთა აქვთ და ვინ შესძლებს და თავს მოაწონებს,უხვად ურიგებენ შემოსავლიან მრევლებს და საეკლესიო მამულებს.თვით დიდებისაკენ მიიწევენ და თან მიჰყავთ თავიანთი ერთგულნი,როგორადაც მზეს თავისი თანამგზავრნი.მათი ბრწყინვალება სხივსა ჰფენს მათ ამალას.მათი კეთილდღეობის ნასუფრალს ხელაპყრობილნი შესციცინებენ მხლებელნი. (ავტორი გენია.ჯი) რაც მეტს შეიძენს პატრონი,მით მეტს არგუნებს შინაყმას. და ბოლოს,რომიც ხომ აქვეა.თუ ეპისკოპოსი მოხერხებულია არქიეპისკოპოსობას იშოვის; თუ არქიეპისკოპოსი მოხერხებულიაკარდინალობას მიაღწევს,ამავე დროს თქვენც უკან გაგიყოლებთ.ჯერ კარდინალის მორჩილად იქნებით,მერე ომფორს შეიძენთ,საბჭოს წევრი გახდებით,პაპის შინაყმა, და ეგეც თქვენი ყოვლად უსამღვდელოესობა; აქედან კარდინალამდე ერთი ნაბიჯიღაა და კარდინალი ხომ შეიძლება პაპის ტახტზეც აბრძანდეს? ეგ კენჭისყრაზე არის დამოკიდებული და კენჭს ხომ,საითაც გნებავთ,იქით გააგორებინებთ.დღევანდელი კუნკულა ხვალ შეიძლება პაპის ტიარად იქცევს.ჩვენს დროში მეფედ გახდომა მარტო მღვდელს შეუძლია,ისიც რა მეფედ? უმაღლესად! მერე რამდენ ოცნებებს უნდა ასაზრდოვებდეს სემინარია.რამდენ ბავშვს,რამდენ ახალ ნაკურთხ მღვდელს გაიტაცებს ბრწინვალე მომავლის ფიქრი და მოლოდინი,რადგან დიდების წყურვილი მოწოდებად იქცევა და იქნება გულწრფელად სწამდეს, – დიდებისაკენ მისწრაფება მოწოდება არის ჩემიო.
სიტყვამ მოიტანა და უნდა ვთქვათ,რომ უგუნურება იქნება შევიძულოთ ყოველივე ის,რაც ადამიანს ცხოვრებას უტკბობს და განცხრომას შესძენს.ეს სიძულვილი ხელოვნების უარყოფა იქნებოდა.სასულიერო წოდებისათვის კი,თუ წარმომადგენლობა ან ზეიმი არ მოითხოვს,სწორედ საძრახისია განცხრომით ცხოვრება.ფუფუნებაში მყოფი,სხვის ტანჯვას ვეღარ თანაუგრძნობს. „მდიდარი მღვდელი” სრული უაზრობააა.მღვდელი ღარიბებთან უნდა იმყოფებოდეს და განა შეიძლება განუწყვეტლივ დღე და ღამე კაცი ეხებოდეს ყოველგვარ გაჭირვებას,ყოველგვარ სევდას,ტანჯვას,ადამიანის პიროვნების დამცირებას და შეურაცხყოფას,თვითონ კი არ მოედოს ეს უბედურება,როგორც მუშის ფეხს მტვერი ედება? განა წარმოსადგენია,ანთებულ საკირესთან იდგეს კაცი და არა სცხელოდეს? ბრძმედთან მუშაობდეს და ან თმა არ შეეტრუსოს,ან ხელი არ გაუშავდეს,ან არ გაოფლიანდეს? უპირველეს ყოვლისა,სიღარიბე გამოაჩენს,მოწყალეა მღვდელი, და მეტადრე ეპისკოპოსი თუ არა”. – (ავტორი გენია.ჯი)