მარკ შაგალის შესახებ…
„ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი სიყვარული აბრწყინებდა ყოველივეს,რასაც კი მე ვქმნიდიო”, – წერდა თავისი მეუღლის – ბელა როზენფელდის შესახებ ბელორუსში დაბადებული ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი მხატვარი და გრაფიკოსი - მარკ შაგალი (1887-1985 წლები),რომლის შემოქმედებითი გენიაც,ერთბაშად,კიდეც აშინებდა და კიდეც იზიდავდა სახვითი ხელოვნების მოყვარულთ. (ავტორი გენია.ჯი) მეუღლესთან,რომელმაც ქმარს უსაყვარლესი ქალიშვილი – იდა შესძინა,შაგალის ხანგრძლივი და ბედნიერი თანაცხოვრება ბელას სიკვდილმა შეწყვიტა (იგი 1944 წლის 2 სექტემბერს ერთ-ერთ ამერიკულ ჰოსპიტალში სეფსისის შედეგად გარდაიცვალა).მას შემდეგ,რაც მარკი მეუღლის დაკრძალვიდან დაბრუნდა შინ,უმალვე მოლბერტთან მივიდა,რომელზეც ჯერ კიდევ რუსეთში დახატული ბელას პორტრეტი იყო განთავსებული.საყვარელი მეუღლის პორტრეტთან გენიოსი დიდხანს იდგა ჩაფიქრებული და სევდიანი.ბოლოს ფიქრიდან გამოერკვა და ქალიშვილს სახლში არსებული ყველა ფუნჯისა და საღებავის სანაგვეში გადასროლა დაავალა. „მხატვრული გლოვა” თითქმის ცხრა თვე გაგრძელდა და არავინ იცის,განაგრძობდა თუ არა მარკი ხატვას,რომ არა მისი ქალიშვილი – იდა,რომლის უშუალო ძალისხმევითა და მზრუნველობითაც მას კვლავაც დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი. 1945 წლის გაზაფხულზე იდამ მამას მოსამსახურე ქალი,სახელად – ვირჯინია ჰაგარდი აუყვანა,რომელთანაც შაგალმა შემდგომში რომანი გააბა.რომანის შედეგად ქვეყნიერებას უკანონოდ შობილი ვაჟი – დევიდი მოევლინა.თუმცა, 1951 წელს ვირჯინიამ შაგალი მიატოვა და ბელგიელ ფოტოგრაფთან – შარლ ლეირენსთან განაგრძო ცხოვრება.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ქალმა თავისი ვაჟიც თან წაიყვანა,მაგრამ უარი განაცხადა საყვარლის მიერ ნაჩუქარი იმ 18 ტილოს წაღებაზე,რომლებიც მხატვარმა მას სხვადასხვა პერიოდებში აჩუქა (18 ტილოდან ჰაგარდმა მხოლოდ ორი ნამუშევარი წაიღო).აღნიშნულმა ფაქტმა შაგალს კვლავაც სუიციდის ჩადენისაკენ უბიძგა (პირველად თვითმკვლელობა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სცადა),მაგრამ აქაც იდამ იყოჩაღა,რომელმაც სასოწარკვეთილ მამას ლონდონის სამოდელო სალონის მფლობელი ქალი – ვალენტინა ბროდსკი გააცნო.მარკმა ვალენტინაზე მისი გაცნობიდან ოთხი თვის თავზე იქორწინა.აქვე უცილობლად უნდა შევნიშნო,რომ იდას ვირჯინიას შემთხვევის მსგავსად,ეს შემთხვევაც დიდად სანანებელი გაუხდა ბოლოს.დედინაცვალი ამაზრზენი და ავყია ქალი აღმოჩნდა.იგი მარკს კატეგორიულად უკრძალავდა შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობას.გარდა ამისა,მხატვარს აიძულებდა დეკორატიული ყვავილები დაეხატა,რადგან ისინი ყველაზე კარგად იყიდებოდა.გაყიდული სურათებიდან შემოსულ ფულს კი ერთობ უყაირათოდ ხარჯავდა.მიუხედავად ამისა,შაგალს ვალენტინასთან ცხოვრება სიკვდილამდე მაინც მოუწია,თუმცა-კი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კვლავაც ბელას პორტრეტების ხატვას მიჰყო ხელი. 1985 წლის 28 მარტს მარკ შაგალი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.იგი დაკრძალული იქნა სენ-პოლ-დე-ვანსეს კომუნაში. – (ავტორი გენია.ჯი)