ფრენსის ბეკონი

„მე ვარ მნათე,რომელიც სხვებზე ადრე ადგა,რათა ეკლესიისაკენ გიხმოთ ადამიანებს”. – წერდა ლორდი სოლსბერისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი,ისტორიკოსი,პოლიტიკოსი და ინგლისური მატერიალიზმის ფუძემდებელი – ფრენსის ბეკონი (1561-1626 წლები).მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა,ამ უდიდესი განმანათლებლის შესაშური გონებრივი შესაძლებლობებით თავის დროზე იხიბლებოდა „ქალწულ-დედოფლად” წოდებული – ელისაბედ I, რომელმაც იგი ჯერ კიდევ პატარა ასაკში ყოფნის დროს გაიცნო. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით ელისაბედმა ცნობისმოყვარე ინტელექტუალ ბავშვს მოფერებით – „სამეფო ბეჭდის პატარა მცველიც” კი უწოდა.

ლონდონის ცენტრალურ ქუჩაზე – სტრენდზე,ინტელექტუალების ოჯახში 1561 წლის 22 იანვარს ქვეყნიერებას მოვლენილი ფრენისის მამა – სერ ნიკოლას ბეკონი „სამეფო ბეჭდის” მთავარი მცველის ფუნქციის გარდა ლორდ-კანცლერის ფუნქციითაც იყო აღჭურვილი,ხოლო დედა – ანა კუკი კი,გამოჩენილი ინგლისელი სწავლულის,ჰუმანისტისა და ინგლისის მეფის – ედუარდ VI-ეს აღმზრდელის – ენტონი კუკის ქალიშვილი გახლდათ და ერთობ ერუდირებულ ქალბატონს წარმოადგენდა.იგი შესანიშნავად ფლობდა ლათინურ და ძველბერძნულ ენებს და ინგლისურ ენაზე თარგმნიდა სხვადასხვა თეოლოგიურ ტრაქტატებს. 12 წლის ასაკში ბეკონი კემბრიჯის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტრინიტი-კოლეჯში მიავლინეს სასწავლებლად,სადაც ჯერ კიდევ ძველებური,სქოლასტიკური საგანმანათლებლო სისტემა იყო გაბატონებული.სამწლიანი სწავლის შემდგომ ფრენსისმა სასწავლებელი დატოვა და თან გაიყოლა არისტოტელეს ფილოსოფიის სიძულვილი,რომელიც თავის მხრივ,მთელი ცხოვრების განმავლობაში არ განელებია.სწორედ იმავე პერიოდიდან დაიწყო ფიქრი რევოლუციური გადატრიალება მოეხდინა მეცნიერებასა და ფილოსოფიაში.ნიშანდობლივია ისიც,რომ ფრენსისის კარიერულ წარმატებაში განუზომელი წვლილი დაიდო მისივე ბიძამ – უილიამ სესილმა (ბეკონის დეიდის – ენ-მილდრედის მეუღლე),რომელიც ელისაბედის სამეფო კარის პირველ მინისტრს წარმოადგენდა.რამდენიმეხნიანი ევროპული ვოიაჟის შემდგომ,პარიზში დასახლებული ფრენსისი გავლენიანი ბიძის უშუალო ძალისხმევით დიპლომატიური მისიით აღჭურვეს.იგი განცვიფრებული და აღშფოთებული ადევნებდა თვალს იმ პერიოდის საფრანგეთში მიმდინარე სასტიკ დაპირისპირებას კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის. (ავტორი გენია.ჯი) დიპლომატიურმა სამსახურმა ბეკონს ბევრად უფრო ახლოს გააცნო სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური და რელიგიური ცხოვრების ნიუანსები,რის შედეგადაც დაწერა შენიშვნები,სახელწოდებით – „ევროპის მდგომარეობის შესახებ”.ამავე დროს მან პირველად შეიმუშავა ეგრეთ წოდებული „დაშიფრული წერილი”,რომლითაც მხოლოდ მაშინ სარგებლობდა,როდესაც ფილოსოფიურ ტრაქტატებზე იწყებდა მუშაობას. 1579 წელს მამის გარდაცვალებამ ბეკონი აიძულა სამშობლოში დაბრუნებულიყო.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ მამის მდიდარი მემკვიდრეობიდან მას თითქმის არაფერი ხვდომია წილად. 1586 წელს სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთ იურიდიულ კორპორაციას.მალევე გრეის-ინში აიგო ახალი სახლი და გარდა ტრაქტატების წერისა,დაკავდა სასამართლო პრაქტიკითაც.გარკვეული ხნის შემდეგ,ახალგაზრდა ბეკონი დედოფალმა ექსტრაორდინალური საკითხებში მრჩევლად დანიშნა,რამაც კიდევ უფრო დააახლოვა მონარქს.ინგლისურ სასამართლო სისტემაში ღრმად გათვითცნობიერებამ და მასში აღმოჩენილმა მანკიერმა მოვლენებმა ახლგაზრდა იურისტს აწინასწარმეტყველებინა – „შესანიშნავად ვხედავ,რომ მალე სასამართლო სისტემა გახდება ჩემი კატაფალკა,რომელიც საუკუნოდ დასცემს ჩემს მოკრძალებულ მდგომარეობასა და რეპუტაციასო”.

1593 წელს ბეკონი თემთა პალატის წევრი ხდება და როგორც განუმეორებელმა ორატორმა,დიდად გაიგდო სახელი.უმოკლეს ვადებში კი,რიგი საკითხებისდა გამოისობით ოპოზიციის უდავო ლიდერადაც ჩამოყალიბდა,რამაც ხელისუფლება მის მიმართ უნდობლობითა და სიძულვილითაც განაწყო.დავასწრებ მოვლენებს და შევნიშნავ,რომ მიუხედავად გავლენიანი ახლობლების წრისა,პოლიტიკურმა ინტრიგებმა საბოლოო ჯამში ფრენსისის შემდგომი კარიერა მაინც იმსხვერპლა.მანამდე კი, 1597 წელს ინგლისში პირველად იხილა მზის სინათლე ბეკონის რამდენიმე ნაშრომმა.მათ შორის ესეებმაც.მაკიაველის პოლიტიკური ხედვების მხარდამჭერ ავტორს ხშირად აქვს გამოყენებული თავის ნაშრომებში უილიამ შექსპირის შემოქმედებაში მოყვანილი არაერთი მოსაზრება,რის გამოც გავრცელდა ჰიპოთეზა,თითქოს შექსპირის სახელს ბეკონი იყო ამოფარებული.

1603 წელს ელისაბედ I გარდაიცვალა.ტახტზე ავიდა სტიუარტების დინასტიის პირველი წარმომადგენელი – ჯეიმზ I, რომელიც ერთობ კეთილგანწყობილი გახლდათ ბეკონის მიმართ.მეფის კორონაციის დღეს ფრენსისი რაინდად აკურთხეს. 1616 წელს იგი საიდუმლო საზოგადოების წევრი ხდება,ხოლო რამდენიმე ხანში კი მას უმაღლესი კანცლერისა და პერის ტიტულიც უბოძეს.ისტორიკოსთა დიდი ნაწილის მოსაზრებით,ფრენსისის კანცლერობის წლები იმ ქვეყანაში მიმდინარე მრავალი მაქინაციების წყალობით იმ ყველაზე სამარცხვინო პერიოდად იქცა,რომელმაც სათავე დაუდო ჯეიმზის მმართველობის ეპოქის დასასრულს.სახელმწიფო აპარატი მექრთამეობამ და გამომძალველობამ მოიცვა.გაძლიერდა პოლიტიკურ და რელიგიურ ნიადაგზე ადამიანების დევნა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ერთ დროს ღატაკმა ბეკონმა ზემოაღნიშნულ პერიოდში ძალიან დიდი ქონება დააგროვა და როგორც ამბობენ,განუზომელ ფუფუნებასა და განცხრომაში დაიწყო ცხოვრება.მას აკრიტიკებდნენ იმის გამოც,რომ გულგრილად უცქერდა,თუ როგორ სჯიდნენ თავისი საუკუნის ღირსეულ ადამიანებს.ფრენსისის წინააღმდეგ ხელი გამოიღეს გავლენიანმა ინგლისელმა ლორდებმა,რომლებმაც მის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში აღძრეს.უმაღლესი კანცლერის წინააღმდეგ გამოვიდა თვით ჯეიმზ პირველიც,რომელმაც სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა ბრძანა ბეკონის საქმეების გამოსაძიებლად.ნიშანდობლივია ისიც,რომ ბეკონმა ყველა წარდგენილ ბრალდებებში (მათ შორის მონოპოლიების ხელშეწყობასა და მექრთამეობაში) თავი დამნაშავედ სცნო და იგი სასამართლომ 40 000 ფუნტით დააჯარიმა.გარდა ამისა,ტაუერში გამომწყვდეული სწავლულს ჩამოერთვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება და პარლამენტსა და სამეფო კარზე გამოჩენა.თუმცა,დაკავებიდან ორ დღეში იგი გაანთავისუფლეს და ჯარიმის გადახდაც გაუუქმეს. „ჩემი მზე ჩაესვენა.ეს მეტად სამწუხარო სახილველია”. – იმ პერიოდში წუხდა ფრენსისი.

ასეთმა მოვლენებმა ბეკონი აიძულა სრულად დაკავებულიყო შემოქმედებითი მუშაობით და ამ ასპარეზზე პოლიტიკური მოღვაწეობისაგან განსხვავებით,უდიდეს წარმატებასაც მიაღწია.მეფის ბრძანებით ასაკოვან ფრენსისს პენსიის სახით 1 200 ფუნტი დაენიშნა.გარდა ამისა,მის წლიურ შემოსავალს 15 000 ფუნტი შეადგენდა.თუმცა განუზომელი ფუფუნების მოყვარული ფილოსოფოსისათვის ეს უზარმაზარი თანხებიც კი მცირე იყო,რის გამოც იორკ-ჰაუსის ფეშენებელური სახლის გაყიდვა მოუხდა.

რაც შეეხება გონებამახვილი ფრენსის ბეკონის პირად ცხოვრებას,მას სხვა გამოჩენილი ადამიანებისაგან განსხვავებით არ იზიდავდა აზარტული თამაშები და არ ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებს.ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი,რომელსაც ყოველ საღამოს სვამდა – ლუდი იყო,ისიც დაძინების წინ ერთ კათხას.ვარაუდობდა,რომ მის ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენდა მთვარის ფაზები.ამპარტავნული თვისებების გამო არ ჰყავდა ღირსეული მეგობრები.უმეტესწილად,თავის ცნობილ აფორიზმებსა და ნაშრომებს ბაღში სეირნობისას კარნახობდა მეუღლეს – ალისა ბერნემსა და პირად მდივანს – ტომაზ ჰობსს,რომელიც მოგვიანებით სახელოვან ინგლისელ ფილოსოფოსად ჩამოყალიბდა.ცნობისათვის,ბეკონმა 14 წლის ასაკში მყოფ ალისაზე 45 წლის ასაკში იქორწინა.

1626 წლის 9 აპრილს,დიდი ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულ სოფელ ჰაიტეგში, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა – ფრენსის ბეკონი.იგი დაკრძალული იქნა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში,სადაც განისვენებდა ფილოსოფოსის დედა.გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე დაწერა ანდერძი,რომლის თანახმადაც სოლიდური თანხა გადაეცა კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების რეალური ფილოსოფიის კათედრებს.გარდა ამისა,გარკვეული წილი ფილოსოფოსის ქონებიდან ერგო მის რამდენიმე მეგობარსა და მოსამსახურესაც კი.ბეკონის საფლავზე კი მისი ერთ-ერთი მეგობრის უშუალო ძალიხმევის შედეგად აღმართული იქნა ფრენსისის მარმარილოს ქანდაკება.მისი უკვდავი ფრაზა კი – „ცოდნა – ძალაა”,დღემდე არ ჰკარგავს აქტუალობას.  – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>