ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა – „ეპიზოდი”
1652 წლის ერთ დილას,ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ნიდერლანდელმა ფილოსოფოს-რაციონალისტმა და ნატურალისტმა – ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზამ (1632-1677 წლები) „ეც-ჰაიმის” რელიგიური სკოლის მოსწავლეებთან პირველად გამოხატა საჯაროდ თავისი კრიტიკული დამოკიდებულება ბიბლიისა და თალმუდის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) მან უარყო სამყაროს შემქნისა და სულის უკვდავების დოგმები, რასაც ებრაული რელიგიური სასამართლოს წინაშე წარსდგომა მოჰყვა თან. ერესში ბრალდებულ სპინოზას განკვეთით დაემუქრნენ, თუკი არ უარყოფდა თავის რელიგიურ შეხედულებებს, თუმცა 20 წლის ასაკში მყოფმა მომავალმა დიდმა ფილოსოფოსმა იმდენად მყარი მტკიცებულებები მოიყვანა თავის სიმართლის დასამტკიცებლად, რომ მისი გონებრივი შესაძლებლობების წინააღმდეგ მოსამართლეებიც კი უძლურნი აღმოჩნდნენ. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ბარუხს ყოველწლიური პენსია ათასი ფლორინის ოდენობით შესთავაზეს დუმილის სანაცვლოდ და სთხოვეს, დროდადრო სინაგოგაში მორწმუნეების დასანახად მაინც გამოჩენილიყო. სპინოზამ შეთავაზებული წინადადება კატეგორიულად უარყო, რის გამოც იგი ეგრეთ წოდებულ, მცირე განკვეთას დაუქვემდებარეს და მასთან კონტაქტი შემდგომი ერთი თვის განმავლობაში ყველა ებრაელს აუკრძალეს.
1654 წლის 30 მარტს ბარუხის მამა – მიხოელი გარდაიცვალა, რის შემდგომაც მასსა და ღვიძლ დებს – მირიამსა და რებეკას შორის მამის მიერ დანატოვარი სოლიდური ქონების განაწილებაზე დავა იქნა დაწყებული. დედმამიშვილებს შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ბარუხმა ადგილობრივ სასამართლოსაც კი მიმართა. ხანგრძლივი სასამართლო პროცესი მის სასარგებლოდ იქნა დასრულებული. თუმცა, ყველასდა გასაკვირად, ბარუხმა სასამართლოს გზით შეძენილი მთელი თავისი ავლა-დიდება სასამართლოს დასრულებისთანავე ნებაყოფლობით დაუთმო საკუთარ დებს. წინამდებარე სიტუაციებიდან გამომდინარე, ამ ერთობ უცნაურმა გადაწყვეტილებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია საზოგადოებაში:
„ – ასეთ გადაწყვეტილებას თუ იღებდი,მ აშ რისთვისღა მიმართე სასამართლოს? – ჰკითხეს ერთხელ სპინოზას, რაზეც ფილოსოფოსმა შემდეგი პასუხი გასცა:
- იმისათვის, რომ კარგად გამერკვია და დავრწმუნებულიყავი, ნიდერლანდებში მართლაც არსებობს თუ არა სამართალი და სამართლიანი მართლმსაჯულება. სიმდიდრე მე არაფერში მჭირდება, ჩემი მიზანი აბსოლუტურად სხვა რამ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)