გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის ჟამს…
რომის იმპერიის დამაარსებლისა და მისი პირველი იმპერატორის - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის წლებში (ძვ.წ.აღ-ით 27 – ახ.წ.აღ-ით 14 წლები) ამ უზარმაზარი იმპერიის მოსახლეობა 75 მილიონ კაცს ითვლიდა. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსები ვარაუდობენ,რომ ზემოაღნიშნული რიცხვიდან იტალიაში მხოლოდ 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა,რომელთა შორისაც 8 მილიონი თავისუფალი ადამიანის სტატუსით სარგებლობდა,ხოლო 12 მილიონი კი მონის.მკვლევარები ირწმუნებიან,რომ „მარადიულ ქალაქსა” და მის შემოგარენში მონათმფლობელებს 900 000 მონა ემსახურებოდა.ჩვენის მხრივ კი,აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად ერთ მეტად საგულისხმო და საინტერესო ისტორიას გაგაცნობთ: „ერთხელ,გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის იმპერატორობის ჟამს,რომის სენატი შეიკრიბა.იგი იხილავდა საკითხს იმის შესახებ,რომ მონებისათვის შემოეღოთ სპეციალური,განსხვავებული ტანისამოსი,რათა ისინი მარტივად გაერჩიათ თავისუფალი მოქალაქეებისაგან.აღნიშნულმა საკითხმა სენატში დიდი კამათი და ვნებათაღელვა გამოიწვია.ხანგრძლივი დავის შემდგომ სენატმა შეთავაზებული წინადადების მიღებაზე უარი განაცხადა.თავისი უარყოფა კი რომის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შემდეგი სახით განმარტა: საყოველთაოდ ცნობილია,რომ ჩვენს ქალაქში მონები გაცილებით მეტნი არიან,ვიდრე თავისუფალნი.განსხვავებული ტანისამოსის ტარებით მონები დარწმუნდებიან თავიანთ რიცხობრივ სიჭარბეში.ამის შეგნება კი მათ შეაგულიანებს,აჯანყება და შფოთი მოაწყონ,რაც თავისუფალ რომაელთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის”. – (ავტორი გენია.ჯი)