ლუციუს ანეუს სენეკას შესახებ…
მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ფრიდრიხ ენგელსი,გენიალური ძველრომაელი ფილოსოფოსის,სახელმწიფო მოღვაწის,დრამატურგისა და სისასტიკით სახელგანთქმული რომის იმპერატორის – ნერონის აღმზრდელის – ლუციუს ანეუს სენეკას (ძვ.წ.აღ-ით 4 – ახ.წ.აღ-ით 65 წლები) შესახებ წერდა,რომ სათნოებისა და მოთმინების მქადაგებელი მოხუცი სწავლული ნერონის სასახლის პირველი ინტრიგანი გახლდათო. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ მისი მსოფლმხედველობა სიმდიდრის შეძულების შესახებ იმთავითვე იწვევდა სენეკას თანამედროვეებში დავასა და წინააღმდეგობას,რადგან პრაქტიკულ ცხოვრებაში იგი იმის საწინააღმდეგოდ იქცეოდა,რასაც თეორიაში ქადაგებდა.ნერონის აღმზრდელი ცდილობდა მიეღო ძვირადღირებული საჩუქრები,ფული,მიწის ნაკვეთები,სასახლეები; ქადაგებდა სახარების ღარიბ ლაზარეს,ხოლო სინამდვილეში კი წარმოადგენდა ერთ-ერთი იგავის მდიდარს.თავისი აღზრდილის მმართველობის ჟამს ლუციუსმა განუზომლად დიდი ქონება დააგროვა.სენეკას ბიოგრაფიის შესწავლით შესაძლოა დავასკვნათ,რომ იანუსის ერთი თავით ნაქადაგარი ეწინააღმდეგებოდა იმავე იანუსის მეორე თავით ნამოქმედარს.ცნობილია ისეთი შემთხვევებიც,როდესაც „სამყაროს შესაკრები ადგილის” (ასე მოიხსენიბდნენ იმ პერიოდში რომს) ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე – ლუციუს ანეუს სენეკა ლიმონის ხისა და სპილოს ძვლისაგან გაკეთებულ ხუთას მაგიდაზე გამასპინძლებია თავის სტუმრებს,რაშიც ასეულ ათსობით სესტერცი დაუხარჯავს. (ავტორი გენია.ჯი) სენეკას ხშირად საყვედურობდნენ იმას,რომ მისი ქადაგებები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ მისივე ცხოვრების წესთან.აღნიშნული საკითხის შესახებ კი იგი წერდა:
„მე მეუბნებიან,რომ ჩემი ცხოვრება არ ეთანხმება ჩემს მოძღვრებას.ამას თავის დროზე უსაყვედურებდნენ პლატონსაც,ეპიკურესაც და ძენონსაც.ყველა ფილოსოფოსი მოგვითხრობს არა იმაზე,თუ როგორ ცხოვრობენ,არამედ იმაზე,თუ როგორ არის საჭირო ცხოვრება.მე ვლაპარაკობ სათნოებაზე და არა ჩემს თავზე და ვეწევი ბრძოლას მანკიერების წინააღმდეგ.მათ რიცხვში ჩემი საკუთარისაც.როცა შევძლებ,ვიცხოვრებ ისე,როგორც უნდა ცხოვრება.მე რომ ვცხოვრობდე ჩემი მოძღვრების სრული შესაბამისობით,ვინ იქნებოდა მაშინ ჩემზე ბედნიერი?
მე მისაყვედურებენ აგრეთვე,რომ ვქადაგებ სიმდიდრის შეძულებას,თვითონ კი ვაგროვებ მას.ბრძენს არ უყვარს ქონება,მაგრამ მას უპირატესობას აძლევს სიღატაკის წინაშე; იგი აგროვებს ქონებას არა თავის სულში,არამედ თავის სახლში”.
მას შემდეგ,რაც ნერონმა თავის აღმზრდელ სენეკას ყელში ხელი წაუჭირა და თვითმკვლელობის ჩადენა უბრძანა,ლუციუსმა იმპერატორს სთხოვა,უკანვე წაეღოთ მისგან ყველა საჩუქარი,ვინაიდან მას საარსებოდ ფილოსოფიაც ეყოფოდა.თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო… – (ავტორი გენია.ჯი)